„ევროპამ უნდა გააანალიზოს, უარის შემთხვევაში რა პროცესები შეიძლება განვითარდეს და თუკი ამ ქვეყანაში სიმშვიდე სურთ, ტექნიკურ საკითხებს არ უნდა ჩაუღრამვდნენ“

„ევროპამ უნდა გააანალიზოს, უარის შემთხვევაში რა პროცესები შეიძლება განვითარდეს და თუკი ამ ქვეყანაში სიმშვიდე სურთ, ტექნიკურ საკითხებს არ უნდა ჩაუღრამვდნენ“

ვენეციიდან თბილისში შენიშვნები გამოგზავნეს - კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის არსებული ვერსია არ მიიღოს. „ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციები თანხვედრაში არ არის, ამიტომ მმართველი გუნდი უარს კანონზე იმ შემთხვევაში იტყვის, თუკი ევროკომისია მის მიღებას 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ამოიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2024 წლის მარტში კანონპროექტი ძალაში შევა.

ვენეციის კომისიაში მიაჩნიათ, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი „სისტემური“ მიდგომით უნდა გადაწყდეს. საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ: „ნაცვლად იმისა, რომ სექტორალურ, სისტემურ მიდგომას მიჰყოლოდა, საქართველომ გადაწყვიტა ოლიგარქიზაციის დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად, სხვაგვარი „პერსონალური მიდგომა“ აერჩია. საერთაშორისო ექსპერტები წერენ: „ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ნაცვლად, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო იარაღად შესაძლოა იქცეს“.

„პერსონალური თუ სისტემური მიდგომა“ - რა ფორმით მიიღებს საქართველო „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს, ეს ახლა უკვე იმაზეა დამოკიდებული, ამოიღებს თუ არა ევროკომისია მისი რეკომენდაციებიდან „დეოლიგარქიზაციის“ პუნქტს.

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გაცნობის შემდეგ კი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მომზადებული ვერსია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებად ვერ ჩაითვლება. ხელისუფლების ოპონენტები იზიარებენ კომისიის პოზიციას, რომ დეოლიგარქიზაციას სისტემური მიდგომა სჭირდება. როგორ უნდა ჩანაცვლდეს „პერსონალური მიდგომა“ „სისტემურით“. დასკვნაში სპეციალისტებმა დამატებითი კანონების მიღებაზე გააკეთეს აქცენტი. საუბარია ასევე სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, მისთვის დასკვნა ცოტა გაუგებარია.

„ცოტა გაუგებარია, ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ინსტანცია - ევროკომისია გვეუბნება, რომ უნდა მივიღოთ და ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ არ უნდა მივიღოთ. ეტყობა, იქაც გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგები. არ ვიცი, ვიმსჯელებთ ამაზე. მე პირადად მგონია, რომ უნდა მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ არც ერთ ოლიგარქს, რომელიც ფლობს ტელევიზიებს და პარტიებს, არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ პოლიტიკაში მონაწილეობდეს და ასეთი ჩვენ უკვე გვყავს ბატონი კეზერაშვილის სახით“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისაუფლებამ ახლა აქტიურად ევროკომისიასთან უნდა იმუშაოს. აჩვენოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, აწარმოოს მოლაპარაკება, რათა ამოიღოს მოთხოვნებიდან ეს კანონპროექტი, ან განახორციელონ ისე, როგორც ამას ვენეციის კომისია ითხოვს.

„როგორც ვხედავთ, ვენეციის კომისიამ უფრო ჩვენს ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუჯერა, ვიდრე ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, მათთან გრკვეული კომუნიკაცია ჰქონდათ. ჩვენი ოპოზიციაც და მესამე სექტორიც დაახლოებით იგივეს ითხოვენ, რასაც ვენეციის კომისია. რეკომენდაციის სახით გვაძლევს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონს, პერსონიფიცირებული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და მოიცავდეს მხოლოდ სისტემურ ცვლილებებს, ისეთ შემზღუდველი მექანიზმების დაყენებას სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც ოლიგარქიულ გავლენებს შეამცირებს. არ იქნება ეს ისეთი, რომელიც უკრაინულ კანონში იყო. ფაქტობრივად, ჩვენი კანონიც უკრაინის ანალოგია.

 ჩვენმა ხელისუფლებამ კანონპროექტში ჩამოთვალა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც პიროვნება ოლიგარქად იგულისხმება. ხოლო თუ ის ამ კანონს არ დაემორჩილება, მის წინააღმდეგ კანონი ამოქმედდება. ვენეციის რეკომენაციაში პირდაპირ წერია, რომ ეს შესაძლოა გამოყენებული იქნას რეპრესიების მიზნით. იგივეს ამბობს ზუსტად ვენეციის კომისია, რასაც ჩვენი ოპოზიცია გაიძახის. არ უნდათ, რომ ოპოზიციურად განწყობილი, მდიდარი ადამიანები ოლიგარქებად იქნენ განხილული. ეს მათ ხელ-ფეხს პოლიტიკაში სამოქმედოდ უბლოკავს. ჩემი აზრით, ეს არ არის ქართული პოლიტიკისთვის კარგი, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ოლიგარქები არიან, გამოჩენა კანონის მეშვებოთ ვეღარ მოხდება“,-ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში ბევრი მდიდარი ადამიანია, რომელიც მედიის ფლობით, ასევე პოლიტიკური პარტიებით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ანჯაფარიძეს ამის მაგალითად სააფთიაქო ქსელის „პეესპეს“ მფლობელი კახა ოქრიაშვილი, ასევე „ლელოს“ ლიდერები მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოჰყავს.

„ეს ადამიანები საკმაოდ მდიდრები არიან, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. ასევე სიის გაგრძელებაც შეიძლება, აგერ თემურ ჭყონია აპირებს მისი ფულადი რესურსებით პოლიტიკაში შემოსვლას. რა თქმა უნდა, დავით კეზერაშვილი და ა.შ. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიამ ჩათვალა, რომ ამ კანონის მიღება, საქართველოში დემოკრატიის პლურალიზმის დარღვევას გამოიწვევს. ეს ხალხი წნეხის ქვეშ მოექცევა და პოლიტიკური პარტიების, ალტერნატიული მედიების მუშაობას ხელი შეეშლება. ეს აპოთეოსი პირდაპირ ჩვენი ოპოზიციის რიტორიკას ემთხვევა. პირდაპირ ვიტყვი, ალბათ „ოცნებას“ უნდა გაეთვალისწინებინა და ასე საჩქაროდ, უკრაინული კანონის თარგმნა და წარდგენა არ უნდა მოეხდინა. მარტო ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთ განაცხადებაზე დაყრდნობა, რომ მოგვწონს უკრაინული კანონი, საკმარისი არ იყო. მან საკუთარი აზრი გამოთქვა. ახლახანს მოვიდა ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისიამ უკრაინას ეს კანონპროექტი დაუწუნა. შესაბამისად, კანონპროექტისთვის გადახედვა მათაც მოუწევთ. თუმცა, მათ უკვე კანდიდატის სტატუსი აქვთ, ჩვენგან განსხვავებით. საკმაოდ საჩოთირო სიტუაციაა, რადგან არაა გამორიცხული, იმ ადამიანებმა, ევროკომისიაში, ევროსაბჭოში, ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომელთაც არ სურთ საქართველომ ამ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს, შესაძლოა, ეს ხელზე დაიხვიონ და უარის თქმის ერთ-ერთ არგუმენტად გამოიყენონ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ახლა გასარკვევია, თუკი ევროკომისია ხელისუფლების შეთავაზებას არ მიიღებს და „ოცნება“ კანონპროექტს მიიღებს, გამოიყენებს თუ არა ოპოზიცია ამ ფაქტს ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ასაწევად. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, ფიქრობს, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ოპოზიციას ჯერ საკუთარი თავი ჰყავს მისახედი, თუმცა მცდელობა იქნება.

„მე მიმაჩნია, რომ ევროპამ უფრო ღრმად უნდა გააანალიზოს რა პროცესები შეიძლება უარის შემთხვევაში ქვეყანაში განვითარდეს. თუკი ამ ქვეყანაში სიმშვიდე და არაპროგნოზირებადი პროცესების დაწყებისთვის ხელის შეშლა სურთ, მაშინ ამ ტექნიკურ საკითხებს არ უნდა ჩაუღრამვდნენ. ევროკომისიამ უნდა მისცეს „ოცნებას“ საშუალება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ეს კანონპროექტი აღარ მიიღოს. მართალია, ოპოზიციას ახლა საკუთარი თავისთვის აქვს საშველი, მაგრამ თუკი სტატუსს არ მოგვცემენ, ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ საპროტესტო გამოსვლებით რაიმე სერიზულის მიღწევა გამორიცხულია. დაახლოებით მივიღებთ ისეთ სიტუაციას, რომელიც 2011 წელს რუსთაველზე 26 მაისს მოხდა. როდესაც ვიღაცამ იფიქრა, რომ თუ დაარბევდნენ, ამას ხალხის აჯანყება მოჰყვებოდა. საბოლოო ჯამში იმ პროცესმა ოპოზიცია გაანულა. ამით კი ივანიშვილმა ისარგებლა და ხელისუფლებაში მოვიდა. კი ბატონო, მაშინ გაუმართლა ქვეყანას, რადგან სააკაშვილი ასეთ შემთხვევაში ისევ ხელისუფლებაში დარჩებოდა და კატასტროფისკენ წავიდოდით. ამიტომ, ევროკავშირმა უნდა გააანალიზოს, თუკი ამ რაღაცა დეტალებში ჩავა და ყველაფერზე ხელისუფლებას წამოეკიდება, მაშინ აქ არ იქნება ის სიტუაცია, რაც ახლა არის, დაიწყება შიდა რყევები და კაცმა არ იცის რა მოხდება. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში ხელისუფლების გადაგდებას ვერ შეძლებს, მაგრამ ამ მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ვიღაცა რაღაცას „იხეირებს“ და ქვეყანა დაზიანდება“, - ამბობს ძაბირაძე.

 

 

 

 

leviko ეს სპეციალურად არის მოგონილი რომ აქ დესტაბილიზაცია მოხდეს
1 წლის უკან