რით ატკინა გული მაია ფანჯიკიძემ ლუბა ელიაშვილს

რით ატკინა გული მაია ფანჯიკიძემ ლუბა ელიაშვილს

“მეცხრე არხისადმი” ქართველი ბიზნესმენების ინტერესი არ წყდება. მისი შეძენის მსურველთა რიცხვი მატულობს. “მეცხრე არხის” ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება. არხის დირექტორი ლუბა ელიაშვილი მომხდარით გულდაწყვეტილია და იმ გეგმებზე ლაპარაკობს, რაც არხს მისი ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა.

ბევრი აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას არხის დახურვასთან დაკავშირებით. ამბობენ, “მეცხრე არხს” ასე არ უნდა მოქცეოდაო. დღეს ამ ყველაფერზე ალბათ უკვე მშვიდად შეგიძლიათ საუბარი.

- პირველი დღიდან ძალიან მშვიდად ვუყურებ და მშვიდად განვსჯი ამ ყველაფერს. “მეცხრე არხი” კერძო საკუთრებაა. როდესაც ამ არხზე სამუშაოდ მოვდიოდი, თავიდანვე ვამბობდი, რომ მისი არჩევანი იქნებოდა, როგორ მოექცეოდა არხს. როგორც თავად განაცხადა, არხის დახურვა ბევრად ადრე უნდოდა. არჩევნების შემდეგ მას სატელევიზიო ბიზნესი არ აინტერესებს. ალბათ იმის გამო, რომ პატივს სცემდა ჟურნალისტებს, არხზე მომუშავე ხალხს და მათ შორის მეც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ტელეკომპანია არ დახურა. ალბათ მთლად ისეც არ იყო, რომ ჩვენი ნამუშევარი არ მოსწონდა. უბრალოდ, მას ეს არხი აღარ სჭირდებოდა არც როგორც ბიზნესმენს და არც როგორც პოლიტიკოსს. ორივე შემთხვევაში ეს მისთვის წამგებიანი იყო და ათი თვის შემდეგ, რაც მე გავხდი ამ არხის დირექტორი, “მეცხრე არხი” დაიხურა. მადლობელი ვარ, რომ ამდენი ხანი არსებობდა “მეცხრე არხი” .

არ ურჩიეთ პრემიერ-მინისტრს, რომ არხი არ დაეხურა?

- რასაკვირველია, მე ვიცავდი ტელევიზიის პოზიციებს. მიყვარს და მომწონს “მეცხრე არხი” და მგონია, რომ ნამდვილად იყო ახალი სიტყვა ქართულ მედიაში თავისი ვიზუალით და თავისი დინამიკურობით. რასაკვირველია, ამ ყველაფერს თავისი უპირატესობები ჰქონდა. ეს იყო კარგად დაფინანსებული არხი. რასაც არხმა მიაღწია, მისი დამფუძნებლის ძალიან დიდი დამსახურება იყო.

პრემიერმა თქვა, რომ მისთვის გაურკვეველია ჟურნალისტების პრეტენზიები, რადგან არხზე ბევრი არაპროფესიონალი მუშაობდა, მისი ნათქვამის გამო ალბათ გული გეტკინათ.

- არც ერთ ჟურნალისტს არ გამოუთქვამს არხის დახურვის გამო პრეტენზია. უბრალოდ, მათ გულისტკივილი გამოთქვეს, რომ არხი დაიხურა. მგონია, რომ ეს ბუნებრივი საქციელია.

არხი ვერ გახდა ისეთი რეიტინგული, როგორი მოლოდინიც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.

- მას არხის რეიტინგულობის იმედი არ ჰქონია. თავად თქვა, რომ მაინცდამაინც იმისთვის არ გააკეთა, რომ რეიტინგული ყოფილიყო, არამედ იმისთვის, რომ სატელევიზიო სივრცე გაერღვია. “მეცხრე არხი” კი ნამდვილად იყო რეიტინგული. ჩვენ არ ვიყავით სატელიტზე. გავრცელების ძალიან მცირე არეალი გვქონდა. გავრცელების არეალი რომ გავაფართოვეთ, ზუსტად ორ კვირაში დავიხურეთ. გვქონდა რეიტინგი და საკმაოდ სერიოზული. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის ციფრებში ასახვა. არხი რომ რეიტინგული არ ყოფილიყო, ასეთი ღრიანცელი არ ატყდებოდა მის დახურვაზე.

როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხეთ მისი დარწმუნება, რომ არხს გაეგრძელებინა ფუნქციონირება?

- მე მისი დარწმუნება ათი თვის განმავლობაში მოვახერხე. მეათე თვეს არგუმენტები აღარ მეყო. ამაზე სულ ვსაუბრობდით და იმ ადამიანების ხათრით, ვინც აქ მუშაობდა და ალბათ ჩემი ხათრითაც, გვაძლევდა საშუალებას, რომ განვვითარებულიყავით. ძალიან მინდოდა, რომ ეს განვითარება ყველას დაენახა.

არხზე ყველაზე რეიტინგული გადაცემა რომელი იყო?

- ყველა იყო თავის ადგილას. გული დამწყდა, რომ შესანიშნავი სერიალი “შერლოკი”, რომელიც უკვე ნაყიდი გვაქვს, ვერ გავიდა. ვერ გავიდა “სამეფო კარის თამაშები” . ძალიან კარგი სერიალებია, რომლებსაც ახალი სატელევიზიო სეზონისთვის, სექტემბრისთვის ვინახავდით.

არხის დახურვაში თქვენს მთავარ შეცდომად რას მიიჩნევთ?

- ჩემი არანაირი შეცდომა არ ყოფილა. მე მოვედი არხზე, რომლის დახურვაც, როგორც აღმოჩნდა, მაშინვე უნდოდათ. მოვახერხე და ათი თვე კიდევ იმუშავა. ძალიან მოკლე ხანში ეს არხი გავიდა ახალი სტუდიიდან. გუნდმა, რომელიც ამ არხზე ვმუშაობდით, სასწაულები მოვახერხეთ. მნიშვნელოვნად შევამცირეთ ხარჯი, რომელიც ტელევიზიას მანამდე ჰქონდა.

არხის ყველაზე რეალურ მყიდველად ვის მიიჩნევთ?

- რამდენიმე მყიდველია. არ ვიცი, მოლაპარაკებები რამდენად წარმატებით დამთავრდება.

თქვენ როგორ ხედავთ არხის ბედს, თუ რეალური მყიდველი გამოჩნდა?

- გააჩნია როგორი მყიდველი გამოჩნდება. შეიძლება, გამოჩნდეს ისეთი, რომელთანაც მე არ მოვინდომებ თანამშრომლობას და შეიძლება გამოჩნდეს მყიდველი, რომელთანაც მე მოვინდომებ მუშაობას და ისევ კარგი არხი იქნება.

მყიდველთა შორის ერთ-ერთი არის ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი, რომელსაც არხის კვლავ ერთ ლარად შეძენა სურს.

- არასერიოზულ წინადადებებზე მე ვერ ვისაუბრებ და ეს არასერიოზული წინადადებაა.

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ვასილ მაღლაფერიძის შეთავაზება?

- აბსოლუტურად არ მიმაჩნია რეალურად. ესეც ერთ ლარად ტელევიზიიის ყიდვის ამბავია. მე ვნახე ის ადამიანები, რომლებიც იკრიბებიან და არ მგონია, მათ მოახერხონ, შვიდი მილიონი ამოიღონ ჯიბიდან.

ვინც ქართულ მედიასივრცეს აკვირდება, არხის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად მფლობელის არასწორად დაქირავებულ მენეჯერებს ასახელებს.

- პირველ მენეჯერზე ვერ გეტყვით, კარგი იყო თუ ცუდი. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან დადო ხელშეკრულებები, რომლებიც ტვირთად აწვა არხს. დაგვხვდა ძალიან ბევრი მოუგვარებელი საქმე, რომლის მოგვარებაც, ღვთის მადლით, მოკლე დროში შევძელით. მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კახა ბექაური სპეციფიკურ გარემოში მუშაობდა, იყო არჩევნები, წვავდნენ აპარატურას. მან მუშაობის ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა. კახა შეიძლება იყოს სასაყვედურო, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ობიექტური პირობები, რომელშიც ის მუშაობდა. რაც შეეხება მეორე მენეჯერს, ანუ მე, ყველა ის დავალება, რაც მქონდა დასმული, შევასრულე. არხი გავიდა ახალი სტუდიიდან. შევამცირე ხარჯები და არხი ნელ-ნელა უკეთესი ხდებოდა. ახალი, ძალიან საინტერესო პროექტები გვქონდა. ჩვენთან მუშაობას იწყებდა ნანა ლეჟავა, რომელიც დიდ თოქშოუს წაიყვანდა. დაწყებული გვქონდა მოლაპარაკებები ნიკა ტაბატაძესთან. ჩვენ მას საკუთარი საავტორო გადაცემის გაკეთებას ვთავაზობდით.

ნიკა ტაბატაძე რამდენიმეწლიანი სატელევიზიო პაუზის შემდეგ თანახმა იყო ჟურნალისტიკაში დაბრუნებაზე?

- ყოველ შემთხვევაში, ის ჩვენთან შეხვედრაზე მოვიდა. თქვა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ასეთი წინადადება, მაგრამ მასთან შეხვედრიდან მეორე დღეს არხი დაიხურა.

ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო თუნდაც იმ “იმედის” გაკეთება, რაც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა. როგორ ფიქრობთ, მან რა შეცდომა დაუშვა, როგორც დამფუძნებელმა?

- არაფერი, მან უბრალოდ დროზე დახურა. არხი ძალიან მძიმე პირობები იქმნებოდა, სახელწიფოს მხრიდან ძალიან მძიმე ზეწოლა ჰქონდა. “მეცხრე არხი” თავისუფალ პირობებში ათი თვეა, რაც მუშაობს და ათ თვეში არც “იმედი” არ ჰგავდა არაფერს. მე მაშინ “იბერია” მქონდა და მახსოვს, როცა “იმედს” ძალიან ბევრ ფულს ახარჯავდნენ. მაშინ ჩვენ, ფაქტობრივად, კონკურენტები ვიყავით. მერე, უბრალოდ, “იმედმა” მთელ საქართველოზე გაშალა ფრთები და მთელი საქართველო დაფარა, ამიტომ არ მგონია, ეს შედარება სწორი იყოს.

სანამ თქვენ “მეცხრე არხზე” მიხვიდოდით, ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და გია ხუხაშვილი საუბრობდნენ, რა შეიძლება მომხდარიყო თქვენი არხზე მოსვლის შემდეგ. მათი საუბარი ასრულდა.

- მგონია, რომ პირიქით მოხდა. ვიღაცას შეიძლება ეგონა, მე რომ მოვიდოდი, რაღაცას დავანგრევდი. მაგრამ მე ვაშენე, ვაშენე და საბოლოო ჯამში აშენებულის დანგრევა სხვას მოუხდა. არ ვარ მე ლიკვიდატორი და არც დამნგრევი. ამ ყველაფერს ჩემი Yთანამშრომლები კარგად ხედავენ.

ზოგი ამბობს, “მეცრე არხის” ბედი შეიძლება, “მაესტრომაც” გაიზიაროს, ეს, თქვენი აზრით, რამდენად რეალურია?

- “მაესტროს” “მეცხრე არხის” ბედის გაზიარებას არ ვუსურვებდი. მინდა, რომ ბევრი ტელევიზია დარჩეს საქართველოში.

იმ შემთხვევაში, თუ “მეცხრე არხი” ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არ დაბრუნდა ან არხის ახალი მფლობელი არ ისურვებს თქვენთან თანამშრომლობას, რას გააკეთებს ლუბა ელიაშვილი?

- ძალიან ბევრი პროფესია მაქვს და რომელიმეს მოვკიდებ ხელს. მაგალითად, ვწერ, ფსიქოლოგი ვარ, მყავდა ჯგუფები და სხვათა შორის, ბევრად უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ტელევიზიაში. ჟურნალისტიც ვარ და მენეჯერიც, შეიძლება, სხვაგან დავჭირდე ვინმეს მენეჯერად. ჯერჯერობით ამ ეტაპზე “მეცხრე არხი” ჩემი სატკივარია და მინდა, ყველაფერი ღირსეულად დავასრულო. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც არხი პირველ სექტემბრამდე დავხურე. არხი რომ არ გაჩერებულიყო, მუდმივ პანაშვიდად გადაიქცეოდა. ვნახე და გული მეტკინა, როგორ შეხვდა მაია ფანჯიკიძე “ინფო ცხრის” ჟურნალისტებს. მე და მაია ფანჯიკიძეს გვქონია ურთიერთობა არჩევნების წინ და მძიმე იყო იმის ნახვა, როცა ჩვენს ჟურნალისტებს მიუტრიალდა და ჰკითხა, თქვენ კიდევ ცოცხლები ხართო? მის ამ შეკითხვას იქვე მდგომი ჟურნალისტების მხრიდან დიდი კისკისი მოჰყვა. ამ პირობებში ჩემი კოლეგები არ მემეტებოდა სამუშაოდ. ფანჯიკიძის კითხვის მოსმენისას ძალიან ბედნიერი იყვნენ ქართული მედიის წარმომადგენლები.

ბედნიერება ამ კითხვისგან რატომ უნდა ეგრძნოთ?

- იმიტომ, რომ შური არის დარდი სხვისა სიხარულსა ზედა. ეს ვიდეო ჩვენს საიტზეც არის ატვირთული.

არ მინახავს ეს ვიდეო, მაგრამ “მეცხრე არხელების” ბედის გამო ბევრი ჟურნალისტი შეწუხდა და გულისტკივილით ამბობდნენ, რომ ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად გამოიყენეს.

- არხზე მომუშავე არც ერთი ადამიანი არ მისცემდა არავის იმის საშუალებას, რომ გამოეყენებინათ. პირიქით, ამ არხზე ყველაფერი გარკვეული იყო და ყველაფერი ხელფასით რეგულირდებოდა. როგორც კი ვიგრძნობდი, რომ ვინმე მიყენებდა, მაშინვე წავიდოდი. გულნატკენები ვართ არხის დახურვით, მაგრამ თავს დაჩაგრულად ნამდვილად არ ვგრძნობთ. პროფესიონალი ადამიანი სამსახურს ყოველთვის იშოვის. იმიტომ ვარ მშვიდად, რომ ვიცი, ვიღაცას აუცილებლად დასჭირდება ჩემი საქმე. ამ არხზე მოვიტანე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც მქონდა, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ათი მილიონია. ესაა ჩემი საქმიანი რეპუტაცია.

ამ შემთხვევაში ათ მილიონს რატომ ახსენებთ, ვერ მივხვდი.

- ვინმე იტყვის, რომ ამ არხში ათი მილიონი ჩაიდო. მაგრამ მე ათი მილიონი სახლში არ წამიღია. სახლში გაცილებით ნაკლები თანხა წავიღე და ამ საქმეს მთელი ჩემი რეპუტაცია მოვახმარე.