ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მეგობარი, „ნაცილნალური მოძრაობის“ წევრი რატი სამყურაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე ბრალდებით სამყურაშვილთან ერთად დაკავებულია რამდენიმე პირი. ყოფილ დეპუტატს ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. ის ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
სამყურაშვილის ოჯახის ახლობელთა განცხადებით, პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე მტკიცებით ყოფილი დეპუტატი სასტიკად ნაცემია. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ შსს-ში.
სამყურაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური სახე რატი სამყურაშვილი მედიაში აღარ გამოჩენილა. სანამ პოსტსაარჩევნო ეიფორია იყო, არავის გასჩენია კითხვა, რა იყო ამის მიზეზი, ან თუნდაც ის – რატომ არ მოხვდა სამყურაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პარტიის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რასაც ენერგეტიკის მინისტრი ნაწილობრივ ადასტურებდა.
„რატის ბოლოდროინდელი საქმიანობიდან ეს თვალნათელი იყო, ამიტომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიაშიც კი ვერ მოხვდა. გახსოვთ, ალბათ, არც მაჟორიტარი იყო.ბევრი შეიძლება მიზანმიმართულად თვალს ხუჭავდა, იმიტომ რომ იმ გუნდში იმყოფებოდა და ამის გამო არ უნდოდა რაღაც განმარტებების გაკეთება, იმ რეალობის დანახვა, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ზოგმა ეს დაინახა და გვერდით გაიწია“, – ეს განცხადება კახი კალაძემ რამდენიმე თვის წინ გააკეთა.
გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უმრავლესობის ყოფილმა წევრმა რატი სამყურაშვილმა ის შეცდომები აღიარა, რომელმაც ყოფილ მართველ გუნდა არჩვენებში მარცხი მოუტანა.
„თუ მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის აგრესიული რიტორიკა გაგრძელდა, სიტუაცია შესაძლოა, ჩიხშიც შევიდეს, რადგან დიალოგი ორ პოლიტიკურ ძალას შორის, იმ აგრესიის ფონზე, რაც არსებობს, ვეღარ შედგება“, - ამბობდა სამყურაშვილი.
სამყურაშვილი ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია. კახი კალაძე მისი მეჯვარეა. ენერგეტიკის მინისტრი საკმაოდ კარგ ურთიერთობაში იყო „ვარდებით“ მოსულ ხელისუფლებასთან. რამდენიმე წლის წინ კალაძე სააკაშვილის ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა. ოპოზიციაში გადასულ მეგობარს პოლიტიკური გადაწყვეტილება დაუწუნა რატი სამყურაშვილმა. მაშინ სამყურაშვილი ამბობდა, რომ მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო კალაძის გადაწყვეტილება.
თავად კახი კალაძე ჯერ-ჯერობით მისი ბავშვობის მეგობრის დაკავებასთნ დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც მისი პრეს-სამსახური For.ge-სთან საუბრისას ამბობს მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად რეგიონში შეხვედრებს მართავს.
რატი სამყურაშვილი 1998-1999 წლებში საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ცენტრალური სათათბიროს ვიცე-სპიკერი იყო; 1999-2000 წწ. - ს.მ.აკ.-ის საკადრო რესურსების სამსახურის უფროსი; 2000-2001 წწ. - ს.მ.აკ.ის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი; 2001 წელს- საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აპარატის უფროსის თანაშემწე, რეფორმების საორგანიზაციო სამდივნოს უფროსი; 2002-2003 წწ. - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2003 წელს - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივნის მოადგილე; 2004-2008 წწ. – საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი; 2008 წელს– საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.