სრულიად რუსეთის მუსლიმანთა კავშირის თავმჯდომარე ჰეიდარ ჯამალი საგანგებო ვიდეომიმართვას აქვეყნებს. იგი ეხმაურება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საკითხს და პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. მისი თქმით, საქართველომ დაიწყო ღია ბრძოლა მუსლიმანების წინააღმდეგ და ეს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსეთის ხელისუფლებამ მისცა, რითაც ივანიშვილი კრემლის თვალში ქულებს იწერს.
„ივანიშვილს სურს, აჩვენოს, რომ ის მზად არის, საქართველო გადააქციოს მუსლიმანების საცხოვრებლად ძალზე არაკომფორტულ ტერიტორიად. სააკაშვილმაც ისარგებლა ამ ინფორმაციით და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ისლამის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყება იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს ნახევარი მილიონი მუსლიმანი. ასე რომ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ისლამური კარტი ერთმანეთის დაპირისპირებისთვის გამოიყენეს“,-აღნიშნავს გეიდარ ჯამალი.
აქვე იგი შეახსენებს ქართულ მხარეს, რომ მათ თავი გამოიჩინეს ანტიისლამურ მოქმედებებში, როცა ნატოს ძალებთან ერთად ქართული კონტინგენტი ავღანეთში გაგზავნეს. თუმცა ამ ყველაფერმა საითკენ შეიძლება წაიყვანოს საქართველო, გეიდარ ჯამალი ამას მომავალში გვპირდება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის მოხსნის შემდეგ განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ სენსიტიური თემის გააქტიურება არ ღირდა და ხადურის უწყებას უფრო შორსმჭვრეტელურად უნდა ემოქმედა. შესაძლოა, მინარეთის დამონტაჟება მართალც უკანონოდ განხორციელდა, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ წინმსწრები განცხადების გარეშე, უხეში ფორმით მისი დემონტაჟი არ უნდა მომხდარიყო.
ითქვა იმის შესახებაც, რომ ამ დაპირისპირების ინსპირატორი თურქეთის სპეცსამსახური იყო; ასევე, გავრცელდა მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ყოფილი ხელისუფლების ინტერესში შედიოდა.
ამას დაემატა არასამთავრობოების გააქტიურებაც, რომელთაც იმთავითვე შეახსენეს, რომ მართალია, ისინი ამჟამად ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ უკანონოდ აღმართული მინარეთის დემონტაჟის გამო, მაგრამ თავის დროზე ხმა არ ამოუღიათ აჭარაში, ფერიის მთაზე, სააკაშვილის დავალებით, ბულდოზერით დანგრეულ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის გამო.
ჩვენ დავინტერესდით, რას ეფუძნება ჰეიდარ ჯამალის საგანგებო განცხადება და რეალურად რა ხდება ქართველ მართლმადიდებლებსა და მუსლიმანებს შორის?!
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ ჰეიდარ ჯამალი ცდება. მეტიც, ამ პიროვნებამ თავის ჩვეულებას უღალატა, ვინაიდან ის ყოველთვის ინფორმირებული იყო მოვლენების შესახებ და კარგად იცოდა, ამა თუ იმ მოვლენის უკან ვინ იდგა. ამჯერად კი ის გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს.
„თუ რამეს ვსაყვედურობ დღევანდელ ხელისუფლებას, მათ შორის, პრემიერსაც, არის ის, რომ ისინი, რელიგიური თვალსაზრისით, რეალურად ვერ აფასებენ პროცესების მსვლელობას; ასევე, ვერ აფასებენ იმ საფრთხეს, რასაც საქართველოს უქმნის ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურის ქმედება და ადგილობრივი პოლიტიკური ძალების მონაწილეობა ამ საქმეში. ამ ტიპის საფრთხეების ლიკვიდაციისთვის პროფესიონალთა გამოყენება არ ხდება. საქმეს აკეთებენ მხოლოდ არაპროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ ძალაზე ორიენტირებული აქციებით ცდილობენ სიტუაციის რეგულირებას. ძირითადად ეს ეხება შს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს. თუმცა ჭელაში მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა საგადასახადო პოლიცია. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დაინტერესებულია ეროვნული და რელიგიური საკითხებით, ეტყობა, დროს ვერ ნახულობს, რათა ამ საქმეს უფრო პროფესიულად მიუდგეს და პროფესიონალებთან ერთად ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხე აგვაცილოს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი სხვა გზა არსებობდა, თუმცა ხადურის უწყების მიერ არჩეულ იქნა ყველაზე ცუდი-ძალისმიერი გზა, რაც არ ღირდა. მით უფრო, რომ ორივე მხარეს ქართველები არიან- ქრისტიანები და მუსლიმანები. თავად ის ფაქტი, რომ ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველებით დასახლებულ სოფლებში (ნიგვზიანი, სამთაწყარო, ჭელა) ხდება ასეთი ექსცესები, მამუკა არეშიძეს აფიქრებინებს, რომ ეს გააზრებული ქმედებაა, რათა ქართველებს შორის დაპირისპირება მოხდეს.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ საქმის ინსპირატორმა ძალიან კარგად იცის, რომ ჯერჯერობით არ არის საჭირო ქართველებსა და აზერბაიჯანელებს, ან ქართველებსა და ქისტებს შორის მოხდეს დაპირისპირება. პირველ ეტაპზე უფრო ეფექტური იქნება, თუ დაპირისპირება ეროვნულ ნიშანს კი არა, არამედ - რელიგიურ ნიშანს შეიძენს.
მართალია, მამუკა არეშიძეს ამგვარი ექსცესები გააზრებული პოლიტიკის ნაწილად მიაჩნია, მაგრამ ამ საქმეში უშუალოდ თურქული სპეცსამსახურების მონაწილეობას ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს. ამის მიუხედავად, განმარტავს, რომ რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი ნამდვილად იგრძნობა, რომელიც ამუშავებს ასეთ სქემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ექსცესები ვერ განხორციელდებოდა.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობას ამ საქმეში, მამუკა არეშიძე ფლობს ინფორმაციას, რომ ჭელას ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნაციონალების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც, სულ მცირე, საბაჟოზე დარეკეს და უპრობლემოდ ტვირთის გატარება მოითხოვეს. გარდა ამისა, ტელეეკრანებზე მუდმივად ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფლების ინსტიტუტთან დაახლოებული პირები ჩანან, რომლებიც ყოველთვის ამ საქმეში არიან ჩართულნი.
საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს, მექა ხანგოშვილს მუსლიმანთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირს, რადგან არ სჯერა და არც აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილს რაიმე დაავალა რუსეთმა. მისი თქმით, მინარეთის დემონტაჟს წინ უძღოდა სამთაწყაროს, ნიგვზიანის, წინწყაროს მოვლენები. შესაბამისად, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ისეთი სურათი იხატება, თითქოს მუსლიმანებს ლოცვას უკრძალავენ. სინამდვილეში, ეს პრობლემა ერთ დღეში რომ არ წამოჭრილა და ნაციონალების დროსაც არსებობდა, ამას მექა ხანგოშვილი ადასტურებს. მეტიც, იმასაც იხსენებს, რომ ნაციონალებმა ეკლესიების დემონტაჟი განახორციელეს.
თუმცა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ხადურის უწყებას (რომელმაც მინარეთის დემონტაჟის ბრძანება გასცა) უკანონობასა და არაადამიანურ ქმედებაში ადანაშაულებს, ვინაიდან ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი შენობის დემონტაჟი. დემოკრატიულ ქვეყანაში კი არავის აქვს უფლება, ასეთი რამ განახორციელოს.
„თუნდაც კანონიერად ჰქონოდათ ამის უფლება, ხადურის უწყება უფრო ადამიანურ ჩარჩოში უნდა მოქცეულიყო. მაშინ არც მუსლიმანთა კავშირის თავმჯდომარეს არ ექნებოდა მსგავსი განცხადების გაკეთების საბაბი. ამის შესახებ ხადურს თავიდანვე შეეძლო, განეცხადებინა და მოსახლეობის ინფორმირება მოეხდინა, რომ, დავუშვათ, მინარეთი არასწორად აშენდა და უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი. მაშინ ამ ყველაფერს ასეთი აგრესიული სახე არ ექნებოდა. რა თქმა უნდა, ყველა მუსლიმანი, ჩემი ჩათვლით, ძალიან განაწყენებული დარჩა იმით, რომ მათი სასულიერო სახლი დაანგრიეს. ქართველი მუსლიმანები ჩვენი სისხლი და ხორცია, ამიტომაც ამის უკან პროვოკაციას ვხედავ“, - აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.
ამასთან, ვერ დაადასტურა თურქეთის ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესი, თუმცა სულ სხვა, მესამე ძალის არსებობა არ გამორიცხა, ვისაც ქვეყანაში არეულობა აწყობს. მისვეი თქმით, ჩვენ არ უნდა წამოვგებოდით პროვოკაციას, რითაც ჩვენი ტოლერანტობის ხარისხი მთელი მსოფლიოს თვალში შეიბღალა.
მანვე ამ რამდენიმე ხნის წინ პანკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქისტებმა ჯვარი აიღეს. სინამდვილეში, მექა ხანგოშვილის თქმით, ეს ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, რომელიც არა მხოლოდ სხვა ეთნოსებს შორის, არამედ ერთ ოჯახშიც მომხდარა. ვიღაცას კი დიდი სურვილი ჰქონდა, ეს ჩხუბი რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით წარემართა, რაც საბედნიეროდ, არ განხორციელდა.
მისი თქმით, პანკისის ხეობა არის მიძინებული ნაღმი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ. სხვათა შორის, ამ დაპირისპირებისას იგი თელავიდან პანკისში მიდიოდა, როცა ურჩიეს, გზები გადაკეტილია და სასურველი არ არის, იქ მოხვდეთო. თუმცა მექა ხანგოშვილს სიტუაციის განმუხტვის სურვილი ჰქონდა და ხეობაში შესვლას მაინც ცდილობდა.
„სხვა რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად, ქისტები კეთილგანწყობილნი არიან ქრისტიანების მიმართ და ამბობენ, რომ პანკისის ხეობა ეს არის საქართველოს ნაწილი და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ დადგას ჯვარი. თუმცა ქართველი მოსახლეობა ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქისტების რელიგიურ აღმსარებლობას და ხეობაში დემონსტრაციულად არასდროს აღუმართავთ ჯვარი. ამიტომ გამიკვირდა, როდესაც მითხრეს, ქისტებმა ჯვარი აიღეს და ამის გამო დაიწყო ეს კონფლიქტიო. გავოცდი, რადგან ხეობაში არსად დგას ჯვარი, გარდა ერთი ეკლესიისა, რომელსაც ქისტები დიდ პატივს სცემენ და მოკრძალებულად ექცევიან. შემდეგ აღმოჩნდა, რომ არასწორად იყვნენ ინფორმირებულნი. ამიტომ ვფიქრობ, მთელი საქართველოს მასშტაბით სწორედ რელიგიური კუთხით უნდათ არეულობის შემოტანა“, - გვითხრა მექა ხანგოშვილმა, რომლის აზრითაც, ჩვენ რელიგია არასდროს გვაშორებდა და კავკასიელები ყოველთვის უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთის რელიგიას, როგორც ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები; ყურანი და ბიბლია კი ერთ საფუძველზეა აგებული.
იმისთვის, რომ ორი აღმსარებლობის ხალხს შორის ხელოვნური დაბრკოლებები არ შეიქმნას, მექა ხანგოშვილი ფიქრობს, რომ ლაფანყურის საქმეც ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და უნდა შეიქმნას სახალხო კომისია, სადაც ავტორიტეტული ადგილობრივი პირები შევლენ.