სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ბორის მიქავამ მარტვილის რაიონში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ე.წ. "კანიონის" ტერიტორიაზე მდებარე 2500 კვ/მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარებისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით 5000 ლარი აიღო. აქვე მიწის შეძენით დაინტერესებულ პირს დაჰპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას და მისცემდა საშუალებას, კანონით სავალდებულო სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცებამდე ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაეწყო.
შსს-სა ცნობით, ბორის მიქავა დაკავებული იქნა ფაქტზე. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სსსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.