ირაკლი წერეთელი: „სურამელაშვილი გასალახია“

ირაკლი წერეთელი: „სურამელაშვილი გასალახია“

ირაკლი წერეთელი პოლიტიკური ლიდერობისთვის ემზადება. წონის კლება 25-დღიანი შიმშილობიდან დაიწყო. ახლა დიეტას იცავს, ამბობს, რომ საქართველოს ძლიერი და სიმპათიური პოლიტიკური ლიდერები სჭირდება. ამისთვის ფინანსური მდგომარეობაც უნდა გაიუმჯობესოს. დღეს სწორედ პოლიტიკურ ლიდერებზე, საპრეზიდენტო კანდიდატებზე ვესაუბრეთ.

- ეს საპრეზიდენტო არჩევნები 1921 წლის ერთადერთი ჭეშმარიტად ლეგიტიმური კონსტიტუციის თვალსაზრისით უკანონოა. დამოუკიდებელი საქართველოს ლეგიტიმური კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს არ ცნობს, ამიტომ ყველა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დღემდე ჩატარებულა, არის უკანონო და არალეგიტიმური. ამიტომ მე ამ არჩევნებს, როგორც პროცესს, ვუყურებ უარყოფითად.

ამიტომ არ მონაწილეობთ?

- ეს მთავარი მიზეზია, წმინდა სამართლებრივ-იდეურ-მსოფლმხედველობრივი. არის პოლიტიკური მიზეზიც. დღეს წარმოდგენილი კანდიდატებით ეს არჩევნები არის სასაცილო და სამასხარაო. მე მოუწოდებ ქართველ ერს, რომ არ მივიდეს ამ არჩევნებზე.

მაშ, რა ვქნათ, ისევ სააკაშვილს დავუტოვოთ პრეზიდენტობა?

- მიხეილ სააკაშვილი მიდის და უნდა შესრულდეს 1921 წლის კონსტიტუცია. ქვეყნის სათავეში არის პრემიერ-მინისტრი, ანუ მთავრობის თავმჯდომარე.

რომელიც წასვლას აპირებს...

- წასვლას აპირებს და სხვას აირჩევს პარლამენტი. ჯერ ერთი, რას ნიშნავს, წასვლას აპირებს? რას მოდიოდა, თუ ასე აპირებდა წასვლას? მე მაგის არც მოსვლა გამხარებია მაინცდამაინც და არც წასვლაზე ავაგებ დიდ ტრაგედიას. ძალიან არასერიოზული ნაბიჯია ამხელა მოლოდინის შემდეგ უკან დახევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ზიდავ ტვირთს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომ ეთქვა, ერთ წელიწადში წავალო, ამდენ ხმას მიიღებდა?!

თქვა, მე რამდენადაც მახსოვს.

- წავიდეს, მისი წასვლა არანაირ პრობლემას არ ქმნის. ერთადერთი, რაც კარგი მოხდა, შეწყდა პატიმრების წამება, შეურაცხყოფა. ამას მივესალმები, მაგრამ მხოლოდ ეს არის ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ბედნიერება?! ეკონომიკა მიხეილ სააკაშვილზე, ამ არასერიოზულ პიროვნებაზე უკეთ ვერ წარმართა. სად არის ინვესტიციები? ყველაფრის ფასმა მოიმატა, საწვავიც არ გაიაფებულა. ე.ი. ვერაფერი ვერ გააკეთა. მე დიდად არ მიხარია ადამიანების დაპატიმრება, მაგრამ დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი, ვერაფერი დაუმტკიცეს, გამოუშვეს. კიდევ ჰყავთ საპატიმროებში პიროვნებები, რომლებსაც ვერაფერს უმტკიცებენ. თუ ვერაფერს უმტკიცებენ მერაბიშვილსა და ახალაიას, მარტო სახელისა და გვარის გამო აპატიმრებენ? სად არის დამამტკიცებელი საბუთი?!

საპრეზიდენტო კანდიდატებს დავუბრუნდეთ...

- ბურჯანაძის, მარგველაშვილის, თარგამაძისა და ნათელაშვილის გარდა, ყველა სხვა კანდიდატი სასაცილოა უბრალოდ. მათ არავინ იცნობს.

რატომ, გია სურამელაშვილს არ იცნობთ?

- გია სურამელაშვილი? მომღერალი რომ არის? თქვენგან გავიგე, მაგასაც პრეზიდენტობა უნდა? გასალახია, აბა, რა არის, შეაგროვა ხელმოწერები? ძალიან ამაღლდა ჩემს თვალში პაატა ბურჭულაძე, ბევრად უფრო დიდი მომღერალი და ბევრად უფრო დიდი დამსახურების კაცი, რომელმაც უარი თქვა საპრეზიდენტო კანდიდატობაზე. პავაროტი დიდი ადამიანი იყო, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს უცდია. ეს როგორ შეიძლება?! სურამელაშვილს ჩემთვის არაფერი დაუშავებია. გვახსოვს ეს კაცი, გადატრიალება რომ მოხდა საქართველოში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა თინეიჯერებში, მაგრამ მისი გაპრეზიდენტება?! კარგი რა, ირაკლი წერეთელი არ მონაწილეობს არჩევნებში და გია სურამელაშვილის პრეზიდენტობა ხომ სასაცილოა. საზოგადოების მასხრად აგდებაა.

ნინო ბურჯანაძეზე რას იტყვით?

- ნინო ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია, უაღრესად აკადემიური, წიგნიერი, განათლებული. შეუძლია გაბედული და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება. ქმრის ერთგული ქალბატონია, კარგი დედაა, მაგრამ ერთი ისეთი მანკიერი მხარე აქვს, რომელიც მის ყველა დადებით თვისებას ხაზს უსვამს - მოღალატეა საქართველოსი. საქართველოსთვის კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის აგრესორს, დამპყრობელსა და ოკუპანტ სახელმწიფოს ლიდერს ეახლა. დარწმუნებული ვარ, რომ აგენტია, რუსეთის აგენტი.

არც შალვა ნათელაშვილი მოგწონთ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი?

- შალვა ნათელაშვილსაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. განათლებულია, ნიჭიერი, კარგი ორატორი, ორი შვილის მამა, კარგი იურისტი, მაგრამ მისი არასერიოზული გამოსვლების გამო ამ კაცის მიმართ საზოგადოებაში ასეთი წარმოდგენა შეიქმნა. პოპულარულია, მაგრამ რეიტინგი დაბალი აქვს. სუსტი ორგანიზატორი აღმოჩნდა. რამდენი მისმა პარტიამ ხმები აიღო, იმდენი პარტია დაეშალა. შალვაც რუსეთისკენ გადახრილი კაცია. არ არის ეროვნული, პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი. საზოგადოებაში ღიმილს იწვევს ნათელაშვილი და როცა პოლიტიკოსი საზოგადოებაში ღიმილს იწვევს, კარგი ამბავი არ არის. ამას ჯობია, არ უყვარდე, მაგრამ სერიოზულად აღგიქვამდნენ. მე შალვა ძალიან მიყვარს. ის იქნებოდა კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატად არ ივარგებს. თუმცა, წარმოდგენილებს ყველას სჯობს.

კობა დავითაშვილზე რას მეტყვით?

- ცვალებადი, არასტაბილური კაცია. ხშირად იცვლის პარტიებს, ლიდერებს. არ გამოდგება პრეზიდენტად. თუმცა, ცოტას თუ გახდება და ჯანმრთელობას მიხედავს, კარგი პროკურორი იქნება. მაგის პრეზიდენტობა როგორ შეიძლება, კაცი გალახა პირდაპირ ეთერში. როგორი აუტანელიც უნდა ყოფილიყო რატიანი, არც ვიცნობ სერგოს, როგორ შეიძლება, პოლიტიკოსმა, ხელისუფლების წარმომადგენელმა საჯაროდ ხელი ასწიოს მასზე. მუშტი-კრივს მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს გამართლება, როცა თავს დაგესხმებიან და თავდაცვის მიზნით ასწევ ხელს.

გიორგი თარგამაძე ახსენეთ ღირსეულ კანდიდატებში...

- თარგამაძე არის განათლებული, დახვეწილი, რაფინირებული, აკადემიური პიროვნება. პარლამენტის შესანიშნავი წევრია. ფრაქციის, კომიტეტის თავმჯდომარეობა მოუხდებოდა. საპრეზიდენტო კანდიდატად რა გითხრათ... დაბალი რეიტინგი აქვს. საქართველოში ისეთი ელექტორატია, თუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე არ ხარ მაღალი რეიტინგის, პოპულარობის, ავტორიტეტის ადამიანი, სულ რომ ციცერონად იქცე, შენი ორატორული ხელოვნებით ქართველ საზოგადოებას ვერ მოხიბლავ. ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ადამიანს უსმენს. ეს არის ნახევრად მონების საზოგადოება, რომელიც გამოკვეთილ ავტორიტეტებს აღიარებს.

ნესტან კირთაძესაც სურს პრეზიდენტობა...

- ესეც სასაცილოა ჩემთვის. ჯერ ერთი, ქალი პრეზიდენტი ჩემთვის მიუღებელია...

აბა, ბურჯანაძე კაცია?

- ნინოს სხვა ღირსებები აქვს. ნესტანის უკან პარტიაც არ დგას, ფინანსები, პოპულარობა არ აქვს. ვის იმედზე მიდის?! ეს სიტუაცია იცით, რას ჰგავს? მე ძალიან მომწონს მონიკა ბელუჩი. რომ ჩავიდე მონიკა ბელუჩის შესაბმელად, რა მიმაქვს, რა კაპიტალი მიმაქვს?! ვინ ვარ, გარეგნობა მიწყობს ხელს თუ რა?! რაღაცას ხომ უნდა წარმოადგენდე, პრეზიდენტობა რომ გინდა?! ბურჯანაძე მართალია დროებით, მაგრამ ორჯერ იყო პრეზიდენტი, 4 წელი პარლამენტის თავმჯდომარე, საკმაოდ მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს. რუსეთი დგას მის უკან. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატე, გამყიდველი ცხოვრობს, რომელიც ბურჯანაძეს ხმას მისცემს. კირთაძეს პროდასავლური, ამერიკაზე ორიენტირებული ხალხი ხმას არ მისცემს, არც თავმოყვარეობაზე, ღირსებასა და ეროვნულობაზე ორიენტირებული ხალხი მისცემს ხმას. და რა უნდა? ძალიან არასერიოზული გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან. მე რატომ არ ვიყრი კენჭს?! ვიცი, რომ არ მაქვს რეალური შანსი. კაცი რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის და 10%-ს ვერ მიიღებს, უნდა გაიყვანო და საჯაროდ გალახო. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ბურჯანაძისა და მარგველაშვილის გარდა ხმების 3%-ზე მეტს ვერავინ ვერ დააგროვებს.

მარგველაშვილს შანსები აქვს?

- ივანიშვილის პროტეჟეობაა მისი შანსი. განათლებული, წიგნიერი კაცი კია, მაგრამ კაცმა თავის თავს პლასტელინი უწოდა და პლასტელინი რამდენად შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი...

ნაციონალების კანდიდატზე რას იტყვით?

- „ნაციონალების“ კანდიდატი ბაქრაძე სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ ერთი უბედურება სჭირს, „ნაციონალია“ , ამიტომ შანსები არ აქვს.

სხვათა შორის, მე სექტემბრიდან ბოიკოტის გამოცხადებას ვაპირებ ამ არჩევნების წინააღმდეგ და ვიწყებ შიმშილობას. დიდი შანსია, ეს უკანონო, სამარცხვინო არჩევნები ჩავშალო. ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში იმიტომ გაიმარჯვა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საქართველოს განმათავისუფლებლის იმიჯი ჰქონდა. ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე იმიტომ გაიმარჯვა, რომ დიდი ეროვნული ლიდერის, ეროვნული გმირის რეპუტაცია ჰქონდა. ედუარდ შევარდნაძემ იმიტომ გაიმარჯვა, რომ მსოფლიოში წამყვანი პოლიტიკოსის რეპუტაცია ჰქონდა, სააკაშვილს - უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, რევოლუციური გმირის იმიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემ მიერ დასახელებულ პრეზიდენტს ჰქონდა თავისი მკვეთრად უარყოფითი მხარეები, ზვიად გამსახურდიაც, ედუარდ შევარდნაძეც და მიხეილ სააკაშვილიც არიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები. რაც უნდა ვლანძღო დღეს მიხეილ სააკაშვილი, რაც არაერთგზის გამიკეთებია თუნდაც თქვენს ჟურნალში, როცა ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, ვარდების რევოლუციის შემდეგ უკონკურენტო ლიდერი იყო. დღეს წარმოდგენილ არც ერთ კანდიდატს არ აქვს საყოველთაო ავტორიტეტით მოსილი ლიდერის რეპუტაცია. მე რომ ივანიშვილის ადგილზე ვიყო, მარგველაშვილის ნაცვლად საპრეზიდენტო კანდიდატად ივლიანე ხაინდრავას ვამჯობინებდი. ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ, აფხაზეთის საკითხებში ვერ არის გარკვეული, დანარჩენი, გარეგნობიდან დაწყებული, პოლიტიკური ბიოგრაფიით და ოჯახიშვილობით დამთავრებული, მარგველაშვილზე უკეთესი აქვს. მარგველაშვილს ზვიად ძიძიგურსაც ვამჯობინებდი. ასე რომ, მოვუწოდებ ქართველ ერს, ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს.

წონაში დაგიკლიათ, ბატონო ირაკლი.

- პოლიტიკური ლიდერობისთვის ვემზადები. საქართველოს ძლიერი და სიმპათიური პოლიტიკური ლიდერები სჭირდება. ჩემს თავს სარკეში რომ ვუყურებ, არ მომწონს. უარი ვთქვი ცომეულსა და ტკბილეულზე, ქეიფზე. ოთხი თვეა უკვე ასე ვარ. თუ დიდხანს შევძელი ამ დიეტის შენარჩუნება, შეიძლება, მალე ვეღარ მიცნოთ. სხვათა შორის, მე ის 25-დღიანი შიმშილობა ძალიან მომიხდა. 14 კილოგრამი დავიკელი.

არც ერთი მოთხოვნა თუ არ შეგისრულეს, რატომ შეწყვიტეთ შიმშილობა?

- ეს გამაფრთხილებელი შიმშილობა იყო, სასიკვდილო შიმშილობა კი არ გამომიცხადებია. არც ახლა ვაპირებ სასიკვდილო შიმშილობის დაწყებას. რაც მთავარია, დაფიქსირდა ჩემი დიადი, სახელოვანი მოთხოვნები და სოლიდარობაც გამომიცხადა ხალხმა.

მხოლოდ პოლიტიკური ლიდერობისთვის ემზადებით თუ ქალის ხელიც ურევია აქ?

- რას გულისხმობთ?

ვინმეს ხომ არ ეპრანჭებით?

- არა, ღმერთმა დამიფაროს. კაცი რომ ვინმეს ეპრანჭება, ცოტა არასერიოზული მგონია. თან მატერიალური მდგომარეობაც მოსაგვარებელი მაქვს. უფულო კაცი არც პოლიტიკაში ვარგა და არც ქალებში.