ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენას აპირებს, უტრირებულია. ხაბეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუმცა რა პოლიტიკური როლი ექნება მას პროცესში, ამას მესამე პრეზიდენტი თავად გადაწყვეტს. ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და სურს უკრაინის პოლიტიკაში საქართველოს საკეთილდღეოდ, ჩაერთოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ძალებს თავისთან ეპატიჟება, თუმცა არავინ მიდის. ერთადერთი ეს შეიძლება იყოს „სტრატეგია აღმაშენებელი“, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი ვაშაძის მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. ოპოზიციურ სპექტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასიკური შემადგენლობის შემდეგ, ყველაზე ამბიციური და თვალსაჩინო როლი და გეგმები აქვს გიორგი ვაშაძეს, რომლის მხრიდან აშკარად იმატა პოლიტიკურმა აქტივობამ. თავის ეკლექტიკურ „სამეულში“ ის ღიად პოზიციონირებს, როგორც ე.წ. „სამეულის“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი.
პარალელურად, ლევან ხაბეიშვილთან საკუთარი ურთიერთობის წყალობით, ცდილობს, მოახდინოს ზემოქმედება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ვანო მერაბიშვილს თხოვს, თავისი ზეგავლენა გამოიყენოს „ნაცმოძრაობაზე“, რათა მათ მხარი დაუჭირონ მის მომავალ გაპრემიერებას. გარდა ამისა, ვაშაძე ასევე აქტიურად არის ინტეგრირებული ე.წ. სააკაშვილის ოჯახურ ფრთასთანაც, ჩალაძე-ალასანიასთან და ცდილობს მონაწილეობის მიღებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ყველა წამოწყებაში. გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას მეშვეობით, არწმუნებს მამუკა ხაზარაძესაც სამომავლოდ მათ ე.წ. სამეულს შეუერთდეს.
შექმნილი ვითარებიდან ვხედავთ, რომ გიორგი ვაშაძეს აქვს ამბიციური სურვილი მოახდინოს ოპოზიციური ფრონტის, საკუთარი პერსონის ირგვლივ გაერთიანება. თუმცა, ამასთანავე, მის მიმართ პირდაპირპროპორციულად მატულობს ნეგატივიც და მისი ზე-აქტიურობის გამო, გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავს ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა.
როგორც ირკვევა, არანაკლებად უკმაყოფილოა ზურაბ გირჩის ჯაფარიძეს უახლოესი წრეც, რომელიც მიიჩნევს, რომ „გირჩის“ რეიტინგის კლება განპირობებულია სწორედ ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძესთან გაერთიანებით. ვაშაძის პერსონით უკმაყოფილებას ღიად გამოხატას მიშისტების კონკრეტული ფრთა და კეზერაშვილის ფლანგი, განსაკუთრებით ლევან ბეჟაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით სექტემბერში ლევან ხაბეიშვილს ჩაანაცვლებს.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, თუ შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ვინმეს მიუსადაგო ფსიქო-პოლიტიკური დაავადება „მანია-გრანდიოზა“ - ეს არის გიორგი ვაშაძე. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი მოიცავს გარემოზე ღრმა შიშნარევ და გარეგნულად მოჩვენებით აგრესიულ თავდასხმით ტაქტიკას, საკუთარი ღრმად ჩამოყალიბებული კომპლექსების გამო, რომელთა დაძლევას ცდილობს შეუსაბამოდ გადამეტებული პოლიტიკური ამბიციებით, რომლებიც განაპირობებენ მის თითოეულ ქმედებას.
მისი თქმით, სერიოზული საიმიჯო ზიანი მიაყენა მას ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულმა სკანდალმა, რამაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არსებითად შეასუსტოს მისი ისედაც პლინტუსქვედა რეალური პოლიტიკური პოზიციები.
„საკუთარ ზე-ამბიციურობის ნიადაგზე ავადმყოფურად შეპყრობილი ვაშაძე, მოკლებულია რეალობის ადეკვატურად შეფასებას. ამიტომ, მისი მხრიდან მომავალი გაპრემიერების პერსონიფიცირების დემონსტრირებას კიდევ დიდი ხანი ექნება ადგილი. მაგრამ, ვაშაძის ეს ფსიქო-პოლიტიკური გადახრა აღიზიანებს პრაქტიკულად ყველას მის ირგვლივ, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, რაც სამომავლოდ უქმნის მის დღევანდელ პარტნიორებს მის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მძლავრ მოტივაციას. რამდენად სერიოზული პოზიციები უკავია მას ხელისუფლების „აყირავების“ სქემაში - თავად განსაჯეთ. ჩვენ კი აუცილებლად გავაგრძელებთ სხვა, დანარჩენი „ამყირავებელი“ გარემოებების მიმოხილვას.
შიდა პოლიტიკურ ველზე, ელექტორატის, ამომრჩევლის დონეზე ვაშაძეს, რა თქმა უნდა, არანაირი გავლენა არ აქვს. ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს მისი არჩევნებში მიღებული პროცენტები, სადაც ერთ-ერთი ბოლო არჩევნები მან წააგო აფრიკული წარმომავლობის მერობის კანდიდატთან. წარმოიდგინეთ, აი, იმასთანაც კი წააგო საქართველოს დედაქალაქში მერის არჩევნები და ამის შემდეგ რაზე უნდა ვილაპარაკოთ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინანსები აშშ-დან სხვადასხვა ფონდების გზით, როგორც პარტიულ სპექტრზე, ასევე არასამთავრობო სექტორზე მაინც შემოიდინება და, რა თქმა უნდა, ვაშაძეს სურს ეს თავისი არარეალური, არ არსებულ რეიტინგზე დაყრდნობით პოზიციონირება რაც შეიძლება მაღალ დონზე აიყვანოს და დააჯეროს ფინანსისტები, საერთაშორისო დონორები, რომ სხვა ოპოზიციის არყოლის პირობებში, მას მაინც ნუ დაკარგავენ.
„იგი სთავაზობს საკუთარ თავს - მე ვარ აქტიური და ეს მართლაც ასეა, მაგრამ სხვა ამბავია მის აქტიურობას აქვს თუ არა რაიმე პრაქტიკული სარგებელი პოლიტიკურ სცენაზე. ვერავინ იტყვის, რომ ვაშაძე ან ჟურნალისტებს ემალებოდეს, ან საპარლამენტო-საკომიტეტო სხდომებზე სკანდალებით არ გამოირჩეიოდეს, ან ამა თუ იმ სასესიო მოსმენებზე ჩხუბის თაობას არიდებდეს თავს. ცდილობს თავისი პიარული ცნობადობა შეინარჩუნოს, რათა დაანახოს ოპოზიციური სპექტრის დამფინანსებლებს, რომ ის არის ერთ-ერთი, რომელშიც მათ ფული უნდა ჩადონ, რადგან სხვა, მათი იდეების გამტარებელი, ქვეყნის ამყირავებელი საქართველოში არ არსებობს და ამიტომ - ვინც ვართ იმათზე მოხდეს ფულის გადახდა, - აი, ეს არის ვაშაძის პოლიტიკური, პიროვნული და ბიზნეს ინტერესი ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიკუთვნილება რამდენიმე ტიპის შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ მსახურობდა პარტიაში და დღესაც გულშემატკივრობს. ასევე, არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სრულიად არ იყვნენ კავშირში „ნაცმოძრაობასთან“, მაგრამ აზროვნების, ქცევის, აგრესიულობისა სტილის და ასეთი სტილისტური ელემენტები მოსწონთ, მათთვის ეს ბუნებრივია და ამდენად, დღესაც მხარს უჭერენ „ნაცმოძრაობას“.
„ვაშაძის შემთხვევაში ორივეა. ბიოგრაფიითაც ნაციონალებიდან მოდის და თავისი სტილისტიკითაც ნაციონალებს წააგავს. მოუფიქრებლობა, აგრესიულობა, უაპელაციო განცხადებები, სრული ლოიალობა ნაციონალების მიმართ. სტრატეგია დაირქვა და ამ დროს, სტრატეგიული არაფერი აქვს. ეს ნიშნები აქვს და ამდენად, გამიჭირდება იმ კატეგორიაში ჩავსვა, რომ არ არის ნაციონალი. თავისი ბუნებით, ხასიათი და წარსულის ნოსტალგიით ვაშაძე ნაციონალია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის ამბიციას, რომ გახდეს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პოლიტოლოგის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ვაშაძე უპირველესად უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ვაშაძის სურვილი ერთია, მაგრამ მასში ვერ ხედავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პოტენციალს.
„რა პარტია უნდა იყოს ასეთი, რომელიც თავმჯდომარედ ვაშაძეს დაისვამს. რაც მთავარია, ამ ოპოზიციურ პარტიებში ყველას აქვს სამაგისო ამბიცია. ყველას მიაჩნია, რომ პარტიასაც უხელმძღვანელებს და მინისრტთა კაბინეტსაც. სურვილი და მისწრაფება ერთია, მაგრამ ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ვაშაძე რითი ჯობია გირჩს, ან ხაზარაძეს? იმათაც შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოვადგენთო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თუკი მათ ვაშაძის სასარგებლოდ დათმეს პოზიციები, ამომრჩეველსაც დაკარგავენ. ამომრჩეველი თითოეულ მათგანს უჭერს მხარს იმის მოლოდინით, რომ გაიმარჯვებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვაშაძის ამბიციურ გეგმებს გაგრძელება არ ექნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.