ხარაგაულის გამგებელმა, თორნიკე ავალიშვილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკუღმა შეასრულა - ამავე რაიონის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი, იზა ვეფხვაძე სამსახურიდან ხელახლა გაათავისუფლა. ამ სიახლის შესახებ პრესაგე.ტვ-ს იზა ვეფხვაძემ აცნობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტიც წარუდგინა, სათაურით - “იზოლდა ვეფხვაძის გათავისუფლებისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ“.
საქმე ეხება გასული წლის 3 ნოემბერს, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რითაც გამგებელს დაევალა ამავე რაიონის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსის გათავისუფლების ბრძანების გაბათილება, სათანადო მოკვლევის შემდეგ, ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა და 1 წლის განაცდურის ანაზღაურება.
2011 წლის 4 იანვრით დათარიღებულ N1 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გამოიკვლიეს “საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება“, მაგრამ ამ ორგვერდიან სამართლებრივ აქტში ახალი ფაქტიურად არაფერი წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ თორნიკე ავალიშვილმა იზა ვეფხვაძის გათავისუფლების ბრძანება ხელახლა გამოსცა. იმავე ბრძანებაში შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს მიუთითა, იზა ვეფხვაძეს 2009 წლის 27 ოქტომბრიდან დღემდე განაცდური აუნაზღაურეთო, რაც უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მითითება იყო.
იზა ვეფხვაძე თორნიკე ავალიშვილის ბრძანება N1-ს უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მისი განმარტებით, ახალ მოკვლევაში არავითარ ახალ გარემოებაზე არ არის საუბარი - “ახალი მოკვლევა ძველისგან არაფრით განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახალ მოკვლევაში თვალნათლივ იკვეთება, რომ საქმე გვაქვს პიროვნების დევნასთან“.
ხარაგაულის გამგებელი იზა ვეფხვაძეს, რომ პიროვნულად დევნის, ამაში ეჭვი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ნინო ქადაგიძესაც შეეპარა. გასული წლის 20 ოქტომბერს გამართულ პროცესს ჩვენი მედიასაშუალებაც ესწრებოდა, რომელზეც
მოსამართლემ გამოთქვა ვარაუდი, რომ თორნიკე ავალიშვილის ქმედებები არის პირადი ანგარიშსწორება და ამას არაფერი აქვს საერთო მოვალეობის ჯეროვნად შეუსრულებლობასთან, რის გამოც იზა ვეფხვაძემ თანამდებობა 2009 წლის 27 ოქტომბერს, გამგებლის ბრძანების საფუძველზე დატოვა.
მიმდინარე წლის 14 იანვარს იზა ვეფხვაძემ ხარაგაულის საკრებულოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომელშიც იგი ითხოვს იმსჯელონ 4 იანვარს გამოცემული სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე და მიიღონ გადაწყვეტილება მისი გაუქმების შესახებ.
ახლა ჯერი საკრებულოზეა, რომელიც სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოწვეულ სხდომაზე იმსჯელებს გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. საკრებულოს შეუძლია გამგებელს კვერი დაუკრას და ასევე შეუძლია გააუქმოს 4 იანვრით დათარიღებული ბრძანება და გამგებელს დაავალოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა.
“თუ საკრებულოც გამგებლის უკანონობის თანამონაწილე გახდება, მაშინ სასამართლოს მივმართავ, რადგან არ შეიძლება ადამიანებისთვის რწმენის და იმედის წართმევა - ფაქტიურად გამგებელმა უარი თქვა მორიგების პროცესზეც და შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ აღსრულებაზეც. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხარაგაულის გამგებელი ირწმუნებოდა, “იზა ვეფხვაძემ უზენაეს სასამართლოში საქმე ჩააწყოო“. მოკლედ, გამგებელი იქამდე მივიდა, რომ უზენაეს სასამართლოს მიკერძოებულობაშიც დასდო ბრალი.
ერთი წლის წინ გამოცემული ბრძანებისგან 4 იანვრის სამართლებრივი აქტი იმით განსხვავდება, რომ პირველ შემთვევაში გამგებელმა მარტომ მიიღო გადაწყვეტილება და ლაფიც საკუთარ თავზე იწვნია, ხოლო 4 იანვარს გამოცემულ ბრძანებაში საკმოდ ბევრი ადამიანი გარია და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გადაუნაწილა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ დავის გაგრძელება სასამართლოში ხელახლა მომიწევს, იქ გამგებლის გარდა სხვებსაც მოუწევთ თავის მართლება, 4 იანვარს გამოცემული არაკანონიერი სამართლებრივი აქტის გამო“, - ამბობს იზა ვეფხვაძე.
ჩვენს მედიასაშუალებაში ზემოხსენებული სასამართლო დავის ირგვლივ ხუთი წერილი მომზადდა და გამოქვეყნდა. მკითხველს აუცილებლად ვაცნობებთ, ხარაგაულის საკრებულოს გადაწყვეტილების შინაარს და მისგან გამოწვეულ შესაძლო შედეგს. მანამდე კი იმათ, ვინც ხარაგაულის უცნაური გამგებლის ამბავი არ იცის, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ისტორიას, რომელიც წინ უძღვოდა 4 იანვარს გამოცემულ ბრძანება N1-ს:
იზა ვეფხვაძე გამგებელმა სამსახურიდან 2009 წლის 27 ოქტომბერს გაათავისუფლა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ თორნიკე ავალიშვილს ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, აპირებდა თუ არა გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის, მას შემდეგ, რაც მას წერილობით მიმართეს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გია არსენიშვილმა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ცხადაძემ. ისინი გამგებელს სთხოვდნენ, ვეფხვაძის აღდგენის საკითხი შესაძლებლობის ფარგლებში განიხილეთ, რადგან მისი საქმიანობის გამო უდავო მხარდაჭერას იმსახურებსო;
სანამ ეს მოხდებოდა, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა რურუას მიმართეს: რეზო ჭეიშვილმა, მარიკა კვალიაშვილმა, გიორგი ხარაძემ, გიგა ლორთქიფანიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, ფრიდონ სულაბერიძემ, ჯუმბერ ლომინაძემ, ბიძინა კვერნაძემ, რამაზ ჩხიკვაძემ, გურამ დოჩანაშვილმა, გურამ საღარაძემ, ჯემალ ღაღანიძემ, ჟანრი ლოლაშვილმა... ცნობილი ადამიანები წერდნენ - ჩვენ თვითმხილველნი ვართ იზა ვეფხვაძის უსაზღვრო ნიჭიერების და საქმისადმი თავდადების; ისეთი ადამიანების ყოფნა რეგიონებში, როგორიც იზა ვეფხვაძეა, ქვეყნის მომავლისთვის და სიძლიერისთვის ძალზედ აუცილებელია და გთხოვთ, დაინტერესდეთო.
გამგებელმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ მის მიერ დაწერილი ბრძანების ხელმეორედ გადახედვას არ აპირებდა – კულტურის სამსახურის უფროსი მასზე დაქვემდაბარებული პირების საქმიანობას ვერ აკონტროლებდა, რის გამოც ჯერ წერილობითი გაფრთხილება მიიღო და ამას მოჰყვა ბრძანება, გათავისუფლების შესახებო.
27 ოქტომბერს გამოცემული ბრძანების შემდეგ, ხარაგაულში მოქმედმა ანსამბლებმა: ”უბისმა” და ”ოდილამ”, პროტესტის ნიშნად, მეცადინეობა და საკონცერტო გამოსვლები შეწყვიტეს; ხარაგაულიდან ქუთაისში, პრეზიდენტის რწმუნებულთან შესახვედრად რაიონში ცნობილი და პატივსაცემი ადამიანებიც ჩავიდნენ; პარლამენტის თავმჯდომარის და კულტურს მინისტრის სახელზე ხარაგაულის რაიონიდან ვეფხვაძის მხარდამჭერი წერილი გაიგზავნა.
გამგებელმა არავის თხოვნა არ გაითვალისწინა - თავის გადაწყვეტილებას, არც გადახედა და არც შეცვალა; იზა ვეფხვაძემ კი არ დათმო და თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. ჩვენ დავესწარით უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესს, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის წინ, 2010 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა და თავად გავხდით იმის მომსწრე, როგორი გაოგნებული იყო
უზენაესი საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მომხსენებელ– მოსამართლის, ნინო ქადაგიძის და მოსამართლეების – ლევან მურუსიძისა და ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით.
20 ოქტომბრის სხდომას წინ უძღვოდა შეთავაზება მოსამართლის მხრიდან, მორიგების თაობაზე – სურვილის შემთხვევაში თორნიკე ავალიშვილს სამსახურში უნდა აღედგინა იზა ვეფხვაძე, ან გამგეობაში სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა.
საქმე იმაშია, რომ ამჟამად იზა ვეფხვაძე არის მის მიერვე დაარსებული რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო-ლიტერატურული თეატრის მთავარი რეჟისორი.
20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე გაირკვა, რომ გამგებელმა მორიგებაზე უარი განაცხადა და იზა ვეფხვაძეს დაემუქრა – ბრძოლას თუ არ შეწყვეტ, გასულ წლებში, ხარაგაულის რაიონის სახალხო-ლიტერატურულ თეატრში ჩადენილ მაქინაციებზე, ინფორმაციას პროკურატურას გადავუგზავნი და თუ კარგად მოიქცევი, მაშინ პირიქით - ამ თეატრში, რეჟისორის თანამდებობაზე მუშაობაში ხელს შეგიწყობო. გამგებლის ამგვარი პოზიცია პროცესზე მისი უფლებების დამცველმა ადვოკატებმა გაახმოვანეს, რამაც მოსამართლე ნინო ქადაგიძე აღაშფოთა და ხმამაღლა აფიქრებინა ის, რომ გამგებელი პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე მოქმედებდა.
მოსამართლე ნინო ქადაგიძემ იზა ვეფხვაძეს პატივისცემა დაუდასტურა და შემდეგ გამგებლის წარმომადგენლებს მიმართა - მე ყველა მიმართვა და წერილი წავიკითხე; თქვენ ასეთ ადამიანს თანამდებობიდან კი არ უნდა ათავისუფლებდეთ, უნდა უფრთხილდებოდეთო. აქვე, მოსამართლემ ისიც აღნიშნა, რომ იზა ვეფხვაძე გამგებელთან მართალი იყო, მაგრამ გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ბრძანებამდე, საყვედური რომ არ ჰქონდა გასაჩივრებული, ამას საქმეზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა. ანუ ვეფხვაძის სასარგებლო გადაწყვეტილება შეიძლებოდა ვერ გამოეტანა, მაგრამ 2010 წლის 3 ნოემბერს გაირკვა, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე ვეფხვაძის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რის შესახებაც ამ მასალის დასაწყისში გიამბეთ.