„ისევე, როგორც ადრე, ამ ხარჯების 90% (შესაძლოა, 97%-98%-იც) საერთო საქმეზე იხარჯებოდა. არ მინდა, ვიხმარო სიტყვა „ქველმოქმედება“, რომელსაც ძალიან ფაქიზად ვექცევი. ჩემი დარჩენილი კაპიტალის არანაკლებ 90%-ს, ისევ საერთო საქმეს მოვახმარ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კონკრეტულად რაში დახარჯავს საკუთარ მილიარდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამაზე შეკითხვა პირველად ივანიშვილს გამოცემა Bussines week-ის (Bloomberg-ის გამოცემა) ჟურნალისტმა დაუსვა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტატიაში ჟურნალისტმა ამის შესახებ არაფერი დაწერა.
ჩვენ დავინტერესდით, რას ნიშნავს საქართველოსნაირი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში 5 მილიარდ დოლარამდე თანხის დახარჯვა და რომელი მიმართულებით იქნება სასურველი ამ თანხების განკარგვა. მით უფრო, რომ საქართველოში ძირითადი პრობლემა პროექტების სიმწირეა, სადაც ფინანსების ჩადება შეიძლება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ვინაიდან კაპიტალი პირადად ბიძინა ივანიშვილისაა, იგი უფლებამოსილია, თანხები ისე განკარგოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. თუმცა, რადგან პრემიერმა თქვა, რომ ამ თანხას მოახმარს საერთო საქმეს, ეს საერთო საქმე შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, ბიზნესში ჩადებული კაპიტალი, ხოლო, მეორე მხრივ - საზოგადოებრივი ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში ჩადებული თანხები.
დემურ გიორხელიძისთვის ისიც ნათელია, რომ 5 მილიარდი ვერ გადაწყვეტს საქართველოს პრობლემას, რადგან ცივილიზებულ, კარგად მოწყობილ სახელმწიფოდ გადაქცევისთვის საქართველოს გაცილებით მეტი თანხა ესაჭიროება. თუმცა ცალსახად კარგია, თუკი 5 მილიარდამდე ფული საქართველოს კეთილდღეობას მოხმარდება.
„თუკი ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად გაცხადებული კაპიტალის 90 %-ს უხეშად გამოვლით, ზუსტად 5 მილიარდამდე გამოდის. ამიტომ, თუ პირველ 5 მილიარდს საქართველოს კეთილდღეობისთვის ჩადებს, მაშინ სხვა თანხებიც იოლად მოიძებნება. ეს შეიძლება იყოს პირველი ძალიან სერიოზული სტიმული იმისთვის, რომ საქართველო ფეხზე დადგეს. მერწმუნეთ, 10-ჯერ მეტი ფულია საჭირო საქართველოს რეფორმიზაციისთვის“, - აღნიშნავს დემურ გიორხელიძე.
ამასთან, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივი ინსტიტუტების მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის ჩადებას, რადგან ამით გამოიდევნება ის ფული, რომელიც საზოგადოებრივი ინსტიტუტების მშენებლობაში გარკვეული უცხოური ორგანიზაციების მიერ მიზანმიმართულად და საკმაოდ დესტრუქციული მიზნით ტრიალებს.
ექსპერტის აზრით, საქართველოს საზოგადოებრივი სექტორი ქართული ბიზნესის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ჩვენი მოქალაქეების თანხებზე უნდა არსებობდეს და, არავითარ შემთხვევაში, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე იზიარებს იმ აზრს, რომ პრემიერს არც არავინ უკონტროლებს და არც არავინ დაუდგენს რაიმე მორალურ სტანდარტს ამ ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით. თუმცა საკითხს სხვა მხარე აქვს, კერძოდ, ლევან კალანდაძეს აინტერესებს, რა ხარჯებზეა საუბარი, რადგან საქართველოს არცერთმა მოქალაქემ არ იცის, ბიძინა ივანიშვილის შემოსავლები რისგან შედგება, რა ოდენობით არის და რა წყაროებიდან იღებს სათავეს. ამდენად, დეკლარირებული არაა, თუ რა ხარჯებს სწევს ივანიშვილი.
შესაბამისად, ექსპერტის თქმით, როცა ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯების 90%-ის ქვეყნის საჭიროებისთვის მოხმარებაზე, ეს ძალიან ზოგადი საუბარი გამოდის. თუმცა მისასალმებელია, როცა ბიზნესმენი, ამავე დროს, პრემიერი ცდილობს, საკუთარ ქვეყანაში საქველმოქმედო თუ გარკვეული სფეროების წამახალისებელი ან მასტიმულირებელი მიზნებისთვის ხარჯები გასწიოს.
„კაპიტალის 90% კარგად ჟღერს, პიარისთვის ეს კარგად გაყიდვადი თემაა, მაგრამ რეალურად, რა ხარჯების 90%-ია, ვერაფერს მოგახსენებთ; ასევე, ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია შემოსავლის მიღებისას ბიძინა ივანიშვილის საშემოსავლო გადასახადის შესახებ; რეალურად არ ვიცით, სად იხდის ბიძინა ივანიშვილი საშემოსავლო გადასახადს-საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე, თუ საფრანგეთში, როგორც საფრანგეთის მოქალაქე. ასე რომ, მის ფინანსებთან დაკავშირებული თემები დახურულია“,-აღნიშნა ლევან კალანდაძემ ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, თუ რა სფეროები უნდა მოიცვას ამ თანხებმა, ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ეს ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იქნება მნიშვნელოვანი დროის იმ კონკრეტული მომენტისთვის. მით უფრო, რომ, თუ დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკური ამბიციები გააჩნია, ხვალ არ იქნება პოლიტიკაში და პოლიტიკური ამბიციებიც აღარ ექნება. საქართველოში კი მას ფართო ბიზნესსაქმიანობა აქვს გაჩაღებული, აფუძნებს საინვესტიციო ფონდებს და, აქედან გამომდინარე, ლევან კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ საინვესტიციო ფონდებში მოიაზრებს თავისი 90 %-ის ჩადებას.
აქვე ექსპერტი განმარტავს, რომ ამ საინვესტიციო ფონდებში ჩასადები თანხები დასამადლებელი ან ნიშნით მოგებით სათქმელი არ არის, რადგან ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესოპერაცია და ამ თანხების მითვლა და მიწერა, რომ თურმე ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება, არასწორია.
„ეს ემსახურება ინვესტორის კეთილდღეობას და ინვესტორისთვის მოგების მიღებას. რაც შეეხება გარკვეულ საქველმოქმედო საქმიანობას, რასაც ივანიშვილი ახორციელებს, ბრმა უნდა იყოს კაცი, რომ ეს ვერ დაინახოს. თუმცა ისე სწრაფად იცვლება ქვეყანაში მოვლენები, რომ დღეს არსებული პრიორიტეტები შეიძლება, ხვალ უკვე აბსოლუტურად განსხვავებული იყოს; ისევე, როგორც განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს ის საჭიროებები, რაც მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს დღეს აქვს და ხვალ შესაძლოა, აბსოლუტურად სხვა იყოს“, - აცხადებს ექსპერტი.