იპოთეკარებმა მთავრობას თავი და დანაპირები შეახსენეს. მათ სასტუმრო „რედისონთან“ საპროტესტო აქცია გამართეს და ამბასადორიალის მონაწილე მინისტრებს მათთან შეხვედრისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ დასახმარებლად ზომებს უახლოეს მომავალში არ მიიღებს, „ქართული ოცნების„ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყოველგვარ შანსს დაკარგავს.
ხელისუფლებას იპოთეკარების საკითხი სექტემბრამდე ჰქონდა გადადებული. მართალია, პრობლემის მოგვარების გზებზე მუშაობა ზაფხულში დაიწყო, მაგრამ საკითხის სირთულიდან გამომდინარე, დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა მისი გადაწვეტისთვის გარკვეული დრო ითხოვეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა.
ამჟამად იპოთეკარებთან დაკავშირებით მუშაობა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა დაზარალებულთათვის ვალების პატიების შესახებ საუბარი არ არის. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილმის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო, დაზარალებულებს საკმაო ვადას აძლევს, რათა მათ საკუთარი ნებით ახალ პირობებთან შეგუება შეძლონ.
„იმაზე, რომ ამ ადამიანებს ვალები ეპატიოთ, საუბარი არ არის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ადამიანური მიდგომები გამოვიყენოთ, ამ ეტაპზე მეტის გაკეთება შესაძლებელი არ არის“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც, რომლის შეფასებითაც, კერძო იპოთეკარების საკითხი რთული თემაა და საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს, რომ მთავრობამ ვინმეს კრედიტი მისცეს.
„უკანონოდ კეთილი საქმეები არ კეთდება. არსებობს აღსრულების სამსახური და მას აქვს უფლება, 6 თვით გადაავადოს ყოველგვარი ზედმეტი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე აღსრულების პროცედურა. მთავარი არის ის, რომ ეს პერიოდი იქნება თუ არა საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც 15 ან 20-წლიანი ძალიან მძიმე ისტორია აქვს“, - განაცხადა ხადურმა.
2012 წლის დასაწყისიდან დღემდე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 177 გამოსახლება განახორციელა. 2012 წელს უწყების მიერ ჯამურად, ყველა კატეგორიის საქმეზე, ელექტრონულ აუქციონზე რეალიზებულია 1 953 უძრავი ქონება, (არასაცხოვრებელი ფართი- 165, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით - 1006 და ბინა - 748).
რაც შეეხება 2013 წლის 6 თვის მონაცემებს, ჯამურად, ყველა კატეგორიის საქმეზე, ელექტრონულ აუქციონზე რეალიზებულია 938 უძრავი ქონება, (აქედან არასაცხოვრებელი ფართი - 71, მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით - 497 და ბინა - 370). აღნიშნული მონაცემები მოიცავს კერძო აღმასრულებლებისთვის გაწეული სააუქციონო მომსახურების ფარგლებში რეალიზებულ უძრავ ქონებასაც.
რაც შეეხება, აღსრულების ეროვნული ბიუროს „მოვალეთა სიას“. 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა, დაახლოებით, 9 ათასით გაიზარდა. თუმცა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ ფლობენ ინფორმაციას იპოთეკის ხელშეკრულებათა გაფორმების და რეგისტრაციის ზუსტი რაოდენობის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაციით კი, მსგავსი ხელშეკრულება 75 000-მდე მოქალაქეს აქვს გაფორმებული.
იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებიდან გამოსახლებაზე 6 თვიანი მორატორიუმის დაწესების ინიციატორი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ დაზარალებულებისთვის სესხებზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება დაწყოს, რაც აღნიშნული 6 თვის განმავლობაში შესაბამისი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება, რომელიც იპოთეკით დატვირთულ ყველა იმ ბინას აღრიცხავს, სადაც სესხი პრობლემური გახდა.
მისი თქმით, ასევე უნდა გაირკვეს კონკრეტული ბინა ადამიანების ერთადერთი საცხოვრისია თუ კიდევ ფლობენ უძრავ ქონებას. ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ყველა ბინაზე უნდა დაწესდეს გარკვეული მინიმუმი, რომელიც იპოთეკით არ დაიტვირთება.
„უმჯობესია, მოქალაქეები კანონმა შეზღუდოს მათთვის არახელსაყრელი გარიგების გაფორმებისას, ვიდრე გადადგან ნაბიჯი, რომლის გამოც მათი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ განხორციელების შემთხვევაში, მესაკუთრეები კანონით შეიზღუდებიან, სამაგიეროდ, საცხოვრებლის გარეშე აღარ დარჩებიან“, - აცხადებს ფოფხაძე.