საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე რეკომენდაციები შესრულებული იქნება და შესაბამისად, ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ დეკემბერში ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას მიიღებს კანდიდატის სტატუსს. არსებობს მოლოდინი, რომ ევროპული საბჭოს მხრიდან ისევ განმეორდება უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
არსებული ინფორმაციით, პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შესაძლოა, დაბლოკონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ როგორი იქნება ევროპული საბჭოს საბოლოო ვერდიქტი, ეს უკვე დეკემბერში გახდება ცნობილი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას მხარს უჭერს გერმანია. გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, აქვე ოლეგ შოლცმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას და უახლოეს კვირებში გაატარონ სწრაფი და გაბედული რეფორმები. შოლცი რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ისევ რუკაზე ეძებს.
სანამ ევროპული სახელმწიფოები საქართველოს საკითხს შეისწავლიან, ვითარება არ იცვლება საქართველოში. პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, რომელიც რეფორმებით ვერ დასრულდება და ამას ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება. სწორედ პოლარიზაცია არის ის პუნქტი, რომელსაც ოპოზიცია მიზანმიმართულად არ ასრულებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისი განმარტებით, პარტნიორები ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებზე ინფორმირებული არიან. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს იმასაც, რომ პოლარიზაციის პუნქტი პრობლემურია.
„რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, პოლარიზაციას ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, ეს არის რეფორმები, თანამდებობის პირთა არჩევა, ჩვენ ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შევასრულეთ ან ივნისის ბოლომდე შევასრულებთ. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას რეფორმების განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პირნათელი ვართ რეფორმების განხორციელების კუთხით. ჩვენი პარტნიორების ფართო ინფორმირება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მას ვასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართული ოპოზიცია ბრიუსელში ქმნის ისეთ აღქმას, რომ თითქოს საქართველოში არაფერი გაკეთებულა რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც აზიანებს შეფასების პროცესს.
„ისინი ბრიუსელში ქმნიან ისეთ აღქმას, თითქოს საქართველოში არაფერი გაკეთებულა რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც, რა თქმა უნდა, აზიანებს შეფასების პროცესს. ბრიუსელში ინფორმაციის ჩამომტანი არის არა მხოლოდ მმართველი პარტია, არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ინფორმაციის ჩამომტანი ძალიან ხშირად არიან ის ადამიანები, რომლებსაც პროცესში მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ პროცესსა და რეკომენდაციებს სხვაგვარად განმარტავენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ოპოზიციური ფლანგიდან ვინც თვლის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი, პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილია, რომლის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულებულია და იმედი აქვს, რომ ევროპელი ლიდერები სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.
„რაც ეხება 12 პუნქტს და შესრულებას, პრინციპში პროცესი დასრულებულია. გასაგებია, რომ ამ მომენტისთვის სავარაუდოდ, რამდენიმე პუნქტი არ იქნება შესრულებული, პოლარიზაციის ნაწილი, სასამართლო რეფორმის და ოლიგარქიზაციის. პოლარიზაცია გასაგებია, რომ ორივე მხარეზეა - ოპოზიციაზეც და „ქართულ ოცნებაზე“, დანარჩენ ნაწილში „ოცნების“ პასუხი იყო. მაგრამ, იმედი მაქვს, იმის მიუხედავად, რომ ოქტომბერში არ გვექნება ეს პუნქტები შესრულებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, - აღნიშნავს სერგო რაქვიაშვილი.