დღეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერების 110 დისკი სპეციალური აპარატის „შრედერის“ საშუალებით განადგურდა, დისკებზე სულ 144 ფაილი იყო განთავსებული.
მასალების განადგურების პროცესის დაწყებამდე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა სადაც აღნიშნა, რომ კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და მიიღო ამ მასალების განადგურების გადაწყვეტილება. მინისტრის თქმით, კომისიამ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალების განადგურების საკითხზე კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან გაიარა, მათ შორის თომას ჰამებრბერგთან, კომისიამ ასევე გაიზიარა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც.
შს მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროში დაცული 26 ათასი ფაილიდან მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გამოიყო, რომლებიც დღეს განადგურდა. დარჩენილი ფაილები კი შს სამინისტროში ინახება და მათი მოწესრიგება და კატეგორიზაცია მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, კომისია შეაფასებს ამ მასალებს რის შემდეგაც დაიწყება გამოძიება.
მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ აღნიშნულ 26 ათას ფაილში არ შედის სამეგრელოში რამდენიმე თვის წინ აღმოჩენილი 404 დისკზე მოთავსებული ვიდეო და აუდიო მასალა.
დღეს ფაილების განადგურების პროცესს დაესწრნენ კომისიის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები: იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი - არჩილ კბილაშვილი, ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - მერაბ გაბინაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - თამარ ქალდანი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი - ლაშა ტუღუში, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი - კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“- ს აღმასრულებელი დირექტორი - ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები. პროცესის დასრულიებისთანავე კომისიის წვრებმა „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების მასალის განადგურების“ აქტს ხელი მოაწერეს.
განადგურების პროცესს კომისიის წევრებთან ერთად მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალების განადგურების პროცესს წინ მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა. 2 სექტემბერს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის“ სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი“-ს ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ თაბუნიძე, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა კობიძე და დეპარტამენტის თანამშრომელი დავით გაბეხაძე.
3 სექტემბერს მოდულის შენობაში აღნიშნული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა, სადაც არსებული 110 დისკიდან შერჩევითი პრინციპით მოხდა რამდენიმეს (სამის) ამორჩევა. ადგილზევე მოხდა მათი დამუშავება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები გაეცნენ ამ დისკებზე არსებულ ჩანაწერებს. დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად შეიცავენ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას. შედგა შესაბამისი ოქმი, ზემოთაღნიშნული სამივე დისკი კი განადგურდა. დანარჩენი დისკები ისევ მოთავსდა კონტეინერში, დაილუქა და გამზადდა საჯარო განადგურებისათვის.