„მე ვიცი, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს ე.წ. რეიდი არ ყოფილა რეიდი, ეს იყო ჩვეულებრივი ერთკვირიანი გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ორჯერ გავაკეთეთ განმარტება - გუშინ და დაახლოებით ერთი კვირის წინ. მინდა საზოგადოებას გულწრფელად მოვუხადო ბოდიში შექმნილი უხერხულობისთვის, მაგრამ აქვე დავამატო, რომ ჩვენს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ემსახურებოდა ისეთი მძიმე დანაშაულების გამოვლენას, აღკვეთას და პრევენციას, როგორიც არის დიდი რაოდენობით ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, ნარკოდანაშაულის გამოვლენა და სხვა“ - განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასაცილოა ის სპეკულაციები და ცინიზმი, რაც უმცირესობისგან, ე.წ. ოპონენტებისგან ისმის. „ეს იყო პრევენციული ღონისძიებები და არა კლასიკური გაგებით რეიდები. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს თანამშრომლობისთვის. ამ ტიპის პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის შეიძლება გატარდეს, რაც რა თქმა უნდა, საჭიროებს განმარტებას საზოგადოებისთვის“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.