დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდება

დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდება

5 სექტემბერს, 15:00 საათზე ე.წ. „მოდულის“ შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერები განადგურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

პროცესს დაესწრებიან კომისიის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები: იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი - არჩილ კბილაშვილი, ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - თამარ ქალდანი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი - ლაშა ტუღუში, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი - კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“- ს აღმასრულებელი დირექტორი - ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები.

2 სექტემბერს, მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის“ სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი“-ს ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ თაბუნიძე, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა კობიძე და დეპარტამენტის თანამშრომელი დავით გაბეხაძე.

3 სექტემბერს მოდულის შენობაში შედგა აღნიშნული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც არსებული 110 დისკიდან შერჩევითი პრინციპით მოხდა რამდენიმეს (სამის) ამორჩევა. ადგილზევე მოხდა მათი დამუშავება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები გაეცნენ ამ დისკებზე არსებულ ჩანაწერებს. დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად შეიცავენ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას. შედგა შესაბამისი ოქმი, ზემოთაღნიშნული სამივე დისკი კი განადგურდა. დანარჩენი დისკები ისევ მოთავსდა კონტეინერში, დაილუქა და გამზადდა საჯარო განადგურებისათვის.

ფარული ჩანაწერების ამსახველი დისკების განადგურება მოხდება ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამანადგურებელი აპარატის „შრედერის“ საშუალებით.