589-ე დისკი რომელშიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო გადაღებული, შს მინისტრმა თავად გაანადგურა. 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ე.წ. მოდულის შენობაში, გამანგურებელი აპარატის „შრედერის“ საშუალებით გაანადგურეს. განადგურდა 110 დისკი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა. განადგურებამდე დისკები სპეციალურ დალუქულ კონტეინერში იყო მოთავსებული, რომელზეც ლუქი საჯაროდ მოიხსნა.
მასალის განადგურების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაქუცმაცებული დისკების ნარჩენებიც აჩვენეს. პროცედურის დასრულების შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, რომელსაც ხელი კომისიის ყველა წევრმა მოაწერა. მასალების განადგურების პროცესს ესწრებოდნენ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ „რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები.
2 სექტემბერს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი კომისიის“ სამუშაო ჯგუფი, რომელის შემადგენლობაში. 3 სექტემბერს მოდულის შენობაში შედგა აღნიშნული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც არსებული 110 დისკიდან შერჩევითი პრინციპით მოხდა რამდენიმეს ამორჩევა. ადგილზევე მოხდა მათი დამუშავება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები გაეცნენ ამ დისკებზე არსებულ ჩანაწერებს. შესაბამისად, დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად შეიცავენ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაცას. შემდგა შესაბამისი ოქმი, დისკები მოთავსდა კონტეინერში, დაილუქა და გამზადდა საჯარო განადურებისათვის.
ჩანაწერების განადგურების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების საკითხზე გამოძიების დაწყება და კონკრეტული დამკვეთი პირის გამოვლენა დააანონსა. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე იგეგმება ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ანალიზის გაკეთება, ამის შემდეგ საჯარო გახდება გამოძიების დაწყება და კონკრეტული დამკვეთი პირის გამოვლენა, რომლის უშუალო დავალებითაც ხდებოდა წლების განმავლობაში აღნიშნული უკანონობის ხელშეწყობა და წახალისება. ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა შემკვეთი უნდა დაისაჯოს და არა შემსრულებელი.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შსს-ს მიერ თვეების განმავლობაში მოპოვებული მასალა დახარისხდა, დანარჩენ მასალასთან დაკავშირებით კი, კომისია ანალიზს გააგრძელებს.
„თვეების განმავლობაში შს სამინისტრომ აღმოჩინა რამდენიმე ათასი უკანონოდ გადაღებული და მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალა. ჯამში ამ მასალის რაოდენობამ 26 000 შეადგინა. აქედან კომისიამ იმსჯელა და ჩვენ გამოვყავით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა, ჯამში 144 ფაილი. კომისიამ იმსჯელა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ უმრავლესობამ, ასევე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განადგურდეს ეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა.
ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის - თომას ჰამერბერგთან, ჩვენ ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც გავიზიარეთ და მათგან რეკომედაცია მივიღეთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა უნდა განადგურდეს. საერთო ჯამში ჩვენი განწყობაც ანალოგიური იყო, ერთი გამონაკლისი გვყავს ეს არის კახი კახიშვილი, რომელიც ღიად აფიქსირებდა და კვლავაც აფიქსირებს თავის პრინციპულ პოზიციას, ის თავად მოგახსენებთ, რატომ ამბობს უარს, თუმცა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ დღეს ვანადგურებთ ფაილებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
რაც შეეხება სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილ მასალებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს მასალები, 26 ათასს ფაილში არ შედის. მისივე თქმით, ეს ცალკე საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება.
„მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ არ განადგურებულიყო მასალა, მე განვმარტავ, რომ ჩვენ ყველა მოპოვებულ მასალას არ ვანადგურებთ, რომელიც თვეების განმავლობაში დავაგროვეთ, ჩვენ ვახარისხებთ ფაილებს კატეგორიების მიხედვით, გამოვყავით ხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, დანარჩენ მასალასთან დაკავშირებით კომისია ანალიზს გააგრძელებს. სწორედ უნდა მოხდეს შეფასება იმისა, თუ რასთან გვქონდა საქმე.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ჩაწერა, მიყურადება, ამიტომ უნდა მოხდეს ამ მრავალწლიანი ნეგატიური მასალის შეფასება, მკაცრი შეფასება უნდა მოხდეს კომისიის მთავრობის და საზოგადოების მხრიდან, ამის შემდეგ ბუნებრივია, საჭირო იქნება გამოძიების დაწყება. მინდა, გითხრათ, რომ სამეგრელოში აღმოვაჩინეთ დიდი ოდენობით ვიდეო და აუდიო მასალა, დაახლოებით 404 ფაილი, ის ხსენებულ 26 000 ფაილში არ შედის, ის არის აბსოლუტურაც ცალკე საქმე და აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ვაწარმოებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები განადგურდა, შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ასლები არსებობდეს.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ შსს-ს არქივში დაცული მასალის ასლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ.
„სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, მასალების უმრავლესობა კოპირებულია. არსებობს დიდი ალბათობა, რომ იმ მასალის ასლები, რომელიც შსს-ს არქივში დაგვხვდა და რომელიც მოვიპოვეთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდბლობა გამკაცრდება. პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში სსკ-ის 157-ე, 158-ე და 159 მუხლებიდან ჯარიმის ნორმა იქნება ამოღებული და დაწესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„კომისიის წინა სხდომაზე ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ამ მუხლებიდან მოხდეს დანაშაულის შემადგენლობის დაზუსტება და არ მოხდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ გამოყენება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეეხოს არა მხოლოდ მოქმედი თანამდებობის პირებს, არამედ ყოფილი თანამდებობის პირებსაც. ვვარაუდობთ, ჯარიმა საერთოდ ამოვიღოთ ამ მუხლებიდან და ახლა ვმუშაობთ საპატიმრო წლების რაოდენობაზე. მიგვაჩნია, რომ 1, 2 და 3 წელი ამ ტიპის დანაშაულისთვის საკმარისი არ იქნება. ჯარიმა უადგილო და სასაცილოც კი გვეჩვენება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების შემდეგ, კომენტარი გააკეთა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, რომლის განცხადებით გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ღირებულებათა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდნენ და ამ კონფლიქტში უპირატესობა პირადი ცხოვრების საიდუმლოების შენახვას მიანიჭეს.
„იმ მრავალათასიანი ფაილიდან, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი მასალა ცალკე გამოვყავით და ვთქვით, რომ ეს გაგვენადგურებინა ისე, რომ გამოძიება არ დაგვეწყო. მინდა განვმარტო კომისიის ამ გადაწყვეტილების ლოგიკა, როდესაც უკანონო ჩანაწერებთან გვაქვს საქმე, უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების ფაქტების გამოძიების შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, ვინც ვიდეო ფირებზე იყო ასახული, დაკითხვაზე უნდა გამოძახებულიყო, ჩატარებულიყო ექსპერტიზა და დადგენილიყო ყველა ის ფაქტობრივი მასალა, რაც გამოძიების პროცესშია დასადგენი. ამ შემთხვევაში, ჩვენ წავაწყდით ძალიან დიდ ღირებულებათა კონფლიქტს. წარმოიდგენეთ, სამართალდამცავ ორგანოში დაბარებული ადამიანები, რომელთაც საკუთარ თავს აჩვენებენ ვიდეოფირზე და ამის შესახებ იცის გამომძიებელმა, პროკურორმა და მოსამართლემ. ეს გამოიწვევდა ძალიან ბევრი ადამინის გულისტკივილს", - განაცხადა კბილაშვილმა.
გენერალური პროკურორი ამბობს, რომ სამართლებრივი კუთხით, იგი კომისიის ერთ-ერთი წევრის, კახა კახიშვილის მხარესაა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მისივე თქმით, ღირებულებათა კონფლიქტში პრიორიტეტს მაინც პირადი ცხოვრების საიდუმლოების შენახვას ანიჭებს.
„სამართლებრივად მე იქ ვარ, სადაც კახა კახიშვილი, მაგრამ, როდესაც ღირებულებების კონფლიქტის წინაშე დავდექით, კომისიის წევრთა უმრავლესობამ თქვა, პრიორიტეტი მიგვენიჭებინა პირადი ცხოვრების საიდუმლოს შენახვისთვის. რაც შეეხება შსს-ში არსებულ დანარჩენ მასალებს, მის მომავალთან დაკავშირებით კომისია იმსჯელებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჟურნალისტებტან საუბრისას არჩილ კბილაშვილმა.
კომისიის წევრებიდან კახა კახიშვილი ერთადერთი იყო, რომელმაც ფარული ჩანაწერების განადგურებას მხარს არ დაუჭირა. კახიშვილს მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა მომხდარიყო იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ინტიმური შინაარსის მასალები უკანონოდ გადაიღეს.
„ის ფაქტი, რომ ეს მასალები განადგურდა, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან. როგორც კახიშვილი ამბობს, არც საერთაშორისო და არც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობას. მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა მომხდარიყო იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ინტიმური შინაარსის მასალები უკანონოდ გადაიღეს“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.