„თემურ ალასანია აპირებს, დავით არახამიას ენმ-ის მართვა ჩააბაროს და შესაძლოა, მისი პრემიერად დასახელების იდეაც კი გაჟღერდეს“

„თემურ ალასანია აპირებს, დავით არახამიას ენმ-ის მართვა ჩააბაროს და შესაძლოა, მისი პრემიერად დასახელების იდეაც კი გაჟღერდეს“

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი „ნაციონალურ მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის მუშაობით უკმაყოფილოა და სააკაშვილის გათავისუფლების დაპირების შესრულებას ითხოვს. როგორც წყარო for.ge-ს უყვება, ექსპრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია უკმაყოფილოა, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი არაფერს აკეთებენ, არსად ჩანს დაპირებული აქციები და საპროტესტო ტალღა. ალასანია, როგორც წყარო გვიყვება, უკმაყოფილოა ასევე პარტიაში მიმდინარე ამბებით, რადგან ირკვევა, რომ პარლამენტში გამსვლელ ოცეულს ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დააკომპლექტებენ. სავარაუდოდ, სიაში მოხვდებიან პარტიის არაწევრი პოლიტიკოსები, ისინი, ვინც ყოფილი ძალოვანი მინისტრების ფავორიტები არიან. იქნება თუ არა მათ შორის თაკო ჩარკვიანი, რომელიც ვანო მერაბიშვილთან გარიგებაში არის ეჭვმიტანილი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა წყარო ამბობს, რომ ჩარკვიანს მერაბიშვილმა ეს დაპირება კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების გაშავების სანაცვლოდ მისცა. სიაში უკვე ცნობილია, რომ თემურ ჭყონიას შვილი სოფო ჭყონია იქნება, რადგან მერაბიშვილის აზრით, ჭყონიას პარტიულ ყულაბაში სოლიდური თანხის შეტანა შეუძლია.

For.ge-ს კი ექსკლუზიურად ანალიტიკოსი და “ ხალხის ძალის“ ლიდერი, დავით ქართველიშვილი უყვება, რომ თემურ ალასანიას უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს და დიდი აბათობით, პარტიის მართვის სადავეების გადაბარება უკრაინაში მოღვაწე, ქართველი პოლიტიკოსისთვის, დავით არახამიასთვის სურს. ქართველიშვილი არ გამორიცხავს, რომ არახამია ენმ-ის პრემიერობის კანდიდატადაც კი დაასახელონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უხერხულ კითხვებს გაურბიან. მათ შორის იმის შესახებაც, არის თუ არა სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობით კმაყოფილი. ვიდრე თემურ ალასანია საჯაროდ გამოჩნდება, მას, სავარაუდოდ, უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტ ელისო კილაძესთან, რომელიც ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ოჯახი ხაბეიშვილის გუნდის მუშაობით უკმაყოფილოა. მთავარი დაპირება, პრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ, ისევ შეუსრულებელია და არც უწყვეტი აქციები ჩანს სადმე. ამიტომ ენმ-ში ახალი დაპირისპირებაა მოსალოდნელი.

დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ძირითადი პროცესებით, რომლითაც ახლა ვანო მერაბიშვილია დაკავებული, პარტიისთვის ფინანსების მოზიდვაა. ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში მერაბიშვილს ჩართული ჰყავს უკრაინული მხარე და თემურ ჭყონიას ოჯახი. ხოლო მერაბიშვილსა და ალასანიას შორის დაპირისპირება 2024 წლის სიის გამო არის დაწყებული და ასევე იმ დაპირების შეუსრულებლობის გამო, რომელიც სააკაშვილის ციხიდან დახსნაზე ლევან ხაბეიშვილს დაადებინეს.

„ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი გასაჭირშია, რადგან პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილმა მოატყუა. ის თანხები, რაზეც არჩევნების წინ იყო საუბარი, მერაბიშვილს კეზერაშვილმა არ დაურიცხა, ამიტომ ის იძულებულია, რომ შეადგინოს ისეთი საარჩევნო სია, რომლის მეშვეობითაც პარტიის ყულაბაში ფული შევა. სწორედ ამის გამო, მერაბიშვილი თემურ ჭონიას ქალიშვილს, სოფო ჭყონიას სიის მთავარ ფიგურანტად მიიჩნევს. ასევე საუბარია დავით არახამიაზეც, რომელთან მოლაპარაკებას როგორც ალასანია, ასევე მერაბიშვილი ცდილობს. მერაბიშვილს აქვს ასეთი იდეა, რომელიც პარტიაში ზოგს მოსწონს და ზოგს არა, რომ მომავალი პარტიის სიის პირველ ნომრებად დაასახელოს ისეთი პირები, რომლებიც პარტიას დამტებით ფინანსურ სარგებელს მოუტანს. სოფო ჭყონიაც სწორედ ამ მიზნით ჰყავს შერჩეული. არ არის გამორიცხული, რომ თემურ ალასანიას ეს ინფორმაცია უკვე აქვს და ის მსგავსი მეთოდით, პარტიის ახალი ელიტის შექმნას ეწინააღმდეგება“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, თემურ ალასანიას მთავარ მოთხოვნას ნებისმიერი გზით სააკაშვილის ციხიდან დახსნა წარმოადგენს. ამიტომაც ენმ-ის ახალი მენეჯმენტისგან დაპირებულის შესრულებას ითხოვს. ქართველიშვი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობაზე უარის თქმა პირველ რიგში, იმით არის განპირობებული, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის და მეორეც, სავარაუდოდ, ალასანია პრემიერობის კანდიდატად დასახელებას დავით არახამის უპირებს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდება პრემიერი კი არა, უბრალო საჯარო მოხელეც კი. ამიტომ ვის თავში მოიხარშა ეს სისულელე, ან რატომ ჰგონიათ, რომ ენმ-ის ამომჩეველი ასეთი უცოდინარია და არ იციან, რომ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე საუბარი სისულელეა. თუ ასეთი დაჩლუნგებული ამომრჩეველი შემორჩა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ფიქრობენ, რომ ამას დაიჯერებენ, მართლა იმაზე ცუდად ჰქონიათ საქმე ვიდრე გვგონია. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სააკაშვილის შეწყალების მაგივრად, საქართველოს მოქალაქეობა დავით არახამიას მიანიჭოს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, თემურ ალასანია აპირებს, დავით არახამიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესების მართვა ჩააბაროს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ არახამიას ენმ-ის პრემიერად დასახელების იდეაც კი გაჟღერდეს. წელს თუ არა, ეს გაისად შესაძლოა მოხდეს. ეს პროცესები არ გამოვირცხოთ და ეს ვარიანტი ზუსტად ალასანიას გეგმებში შედიოდეს. ამას მერაბიშვილი დაეთანხმება, არ დაეთანხმება, გამწვავდება თუ არა მათ შორის დაპირისპირება, უკვე დრო აჩვენებს. რამდენად შეიძლება არახამია ორივე მხარისთვის მისაღები იყოს, აუცილებლად გამოჩნდება“, - ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება თემურ ალასანიას ფიგურას და მის გავლენას პარტიაზე, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის „ნაციოანლურ მოძრაობაში“ გარკვეული გავლენებით სარგებლობს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს გავლენები უკავშირდება, ერთი მხრივ ფინანსებს და ასევე ენმ-ს საერთაშორისო ასპარეზზე კონკრეტული კაბინეტების გაღებაში ეხმარება.

„ალასანია არის ე.წ. რუხი კარდინალი, რომელსაც პარტიაზე არც თუ მცირე გავლენა აქვს. ეს იქნება, როგორც ფინანსური, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე კავშირების დახმარებით. გვახსოვს ალბათ, როცა თემურ ალასანია შარშანწინ, დეკემბერში საქართველოში ჩამოვიდა, პირდაპირ პარტიას უსაყვედურა, რომ სააკაშვილის დასახსნელად შესაძლებელი გააკეთეთ, მაგრამ შეუძლებელი არაო. მაშინ პარტიის თავამჯდომარე ნიკა მელია იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, „ნაცმოძრაობაში“ ეს შიდა გადატრიალება მაგიტომ მოხდა. მელია ხაბეიშვილით ჩაანაცვლეს იმ იმედით, რომ სააკაშვილის დასახსნელად აქციები დაიწყებოდა. ამ გადატრიალების უკან იდგნენ, არა მხოლოდ მერაბიშვილი და კეზერაშვილი, არამედ ალასანიაც. ხაბეიშვილის არჩევიდან კი საკმაო დრო გავიდა და დადგა თამასუქების გასტუმრების პერიოდი. ალასანია უკვე შედეგებს ითხოვს.

„ვივამედდთან“ მოწყობილი უსუსური აქციაც იმის მცდელობა იყო, რომ გულხელდაკრეფილები არ ვსხედვართო. თემურ ალასანია და სააკაშვილის ოჯახი შედეგს ითხოვს. შედეგი როგორ უნდა დადონ, მაშინ კანონსაწინააღმდეგო ქმედება უნდა ჩაიდინონ და სააკაშვილს გვერდით მიუსხდნენ. ოჯახი ხედავს, რომ არც მილიონიანი კამპანიებით და ლობისტების დახმარებით გამოვიდა რამე და არც სამართლებრივი გზებით. სტრასბურგმა უარი უთხრა და ახლა ისევ პარტიაზე დაიწყეს ზეწოლა“,-ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ამიტომ თემურ ალასანია ცდილობს სიტუაცია გადაალაგოს, მაგრამ რა მიმართულებით ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ალასანია არ არის ასე ხელწამოსაკრავი ფიგურა. ის არის ძალიან სასარგებლო კავშირებით აღჭურვილი პირი, როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში. ის ორივე მხარისთვის მისაღები ფიგურაა. ალასანია ამერიკაში ისე ცხოვრობს, რომ მის მიმართ წარსულის გამო კითხვები არ აქვთ. ის კი ამ გავლენებს იყენებს, როცა დასჭირდება.

„ჯოხის ლევან ხაბეიშვილზე გადატეხვა ცოტა საეჭვო მგონია, რადგან არჩევნებამდე უკვე ცოტა დრო რჩება და ისევ თავმჯდომარის შეცვლა თავად პარტიას ძალიან დააზიანებს. ახლა თავმჯდომარესაც იგივე პირობა ექნება შესასრულებელი, რომ სააკაშვილი ციხიდან უნდა დაიხსნას და აზრი? ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილისნაირი ფიგურა აწყობთ, რომელიც არჩევნების წინ რეგიონებში ირბენს და მელიასგან განსხვავებით, რომელიც უფრო კაბინეტის პოლიტიკოსი იყო, ამ მხრივ უპირატესობა ექნება. თუმცა ხაბეიშვილით არჩევნებზე გასვლაც ენმ-ისთვის ძალიან მძიმე ამბავია. პარტიის სააკაშვილიდან ხაბეიშვილამდე დაშვება, რა თქმა უნდა, დიდი დაღმასვლაა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

 

amo გადაგვიარეს ამ ალასანიებმა
1 წლის უკან