„ხაბეიშვილის და ხაზარაძის ამბავი ქართულ ანდაზასავით არის, მკვდარმა მკვდარს უთხრა ამეკიდე და საფლავამდე მიმაცილეო“

„ხაბეიშვილის და ხაზარაძის ამბავი ქართულ ანდაზასავით არის, მკვდარმა მკვდარს უთხრა ამეკიდე და საფლავამდე მიმაცილეო“

„ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებს ახალი ერთობის შექმნას სთავაზობენ. ვისკენ შეიძლება ოპოზიციამ გადაიხაროს და რა კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ? აქვს თუ არა ორივე მათგანს ამბიციების შესაბამისი პოლიტიკური წონა?

ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ არც „ლელო“ და არც ენმ ახლა იმ მდგომარეობაში არ იმყოფებიან, რომ ვინმეს მათთან კოალიციის სურვილი ჰქონდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა სერიოზული პარტიული კრიზისი აქვს და სადაცაა პარტია ორად გაიყოფა. რაც შეეხება „ლელოს“ ის პოლიტიკაში მესამე ძალის ამბიციით მოვიდა, თუმცა 2020 წელს, ენმ-ის ქოლგის ქვეშ ყოფნამ მას ელექტორატი დააკარგვინა და მისი პოლიტიკური მომავალი ბუნდოვანია. 5%-იანი ბარიერის ფონზე, მას ვინმესთვის რამის შეთავაზება გაუჭირდება, რადგან თავი საშველი თავად აქვს.

ამის პარალეურად, ცნობილი ხდება, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ, ისევ მიხეილ სააკაშვილს განიხილავს. ახალი მენეჯმენტის სურვილი ცნობილია - მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელოს. თუმცა ჯერ უცნობია, რას ფიქრობს თავად მიხეილ სააკაშვილი. თუკი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას დავეყრდნობით, სააკაშვილი პრემიერობაზე კანდიდატის დაყენებას არ აპირებს.

სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელების საკითხზე, პირველი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გააკეთა სატელევიზიო ეთერში. ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური სტრატეგია მალევე დაუწუნა ყოფილი თავმჯდომარის გუნდმა. ნიკა მელიას თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექსპრეზიდენტის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება არასერიოზულია.

ახალი პოლიტიკური გეგმის გაჟღერების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შეახსენეს, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მარტივი არ იქნება. იუსტიციის მინისტრის თქმით, ექსპრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა, ამის გამო კი, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ არც ლევან ხაბეიშვილია სანდო და არც მით უმეტეს მამუკა ხაზარაძე. გვენეტაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხაბეიშვილის და ხაზარაძის ამბავი ქართულ ანდაზასავით არის, მკვდარმა მკვდარს უთხრა ამეკიდე და საფლავამდე მიმაცილეო.

„ესენი პოლიტიკურ სასაფლაოსკენ მიდიან. მიხეილ სააკაშვილი იქ არის უკვე. ამ პოლიტიკურად მიცვალებული კაცით ნაციონალებს ისევ ფონს გასვლა უნდათ. როგორც ჩანს, სააკაშვილი კიდევ რაღაცა იმედს იტოვებს, რომ ამ სიმულანტობით, ვითომ ავად რომ არის, რაღაცას იზამს და ამიტომ ჯერჯერობით არ ტყდება, რომ ისევ ქართულ პოლიტიკაში შემოდის, რეალურად კი არსადაც არ წასულა. სააკაშვილის ე.წ. პრემიერად დასახელება მხოლოდ ენმ-ის ინეტერესებში შედის. მთავარია მისი ამომრჩეველი შემოიკრიბონ, არ დაიქსაქსოს და სააკაშვილი ციხეში იჯდება, თუ მომაკვდავი იქნება, მაგათთვის მნიშვნელობა არა აქვს. ეტყობა ჯერ არ არის სააკაშვილი ბოლომდე რაღაცაზე ჩამოყალიბებული, ან თავი როგორ გაყიდოს ნაციონალების ახალ მენეჯმენტთან ამაზე ფიქრობს. რაც შეეხება ხაბეიშვილს და მით უმეტეს ხაზარაძეს, ესენი არიან მკვდარი ფიგურები, რომლებიც ერთმანეთს ეკიდებიან. უბრალოდ, რიტორიკულ შეკითხვას ვსვამ, დაასახელოს ვინმემ სკოლა ან რაიმე დაწესებულება, სადაც ხაზარაძემ თავისი ფულით ერთი ქილა საღებავი მაინც იყიდა ეს შენობები რომ შეეღებათ. ამდენი პროექტი რომ იქნა განხორციელებული, ხაზარაძეს სადმე ფული გადაუხდია? ეს ვაჟბატონი არ იყო 2020 წლის არჩევნებზე ნაციონალების დაკრულზე რომ დადიოდა? მთელი ექვსი თვე რასაც ეტყოდნენ იმას აკეთებდა. ეს ის ხალხი არაა, რომლებიც თავს მესამე ძალას ეძახდნენ და როცა თავის გადარჩენა დასჭირდათ, მაშინვე ნაცების ქოლგას შეაფარეს თავი? ახლა აღარ უნდათ ნაცები იმიტომ, რომ თავად ნაცები ეყოფიან ერთმანეთს და ფაქტია, ესენი ვინმეს კი არ დაეხმარებიან, დააზიანებენ“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როცა ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებზე კი არა, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული. გვენეტაძე ამბობს, რომ დადიან ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამბები ჩააქვთ. მათ ე.წ. კოალიციური მთავრობა მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ სკამები გაინაწილონ და როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ, თუმცა ამაზე აქედანვე ვერ თანხმდებიან და ერთმანეთს ჭამენ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიცია ახალი სტრუქტურის ძიებაშია, როგორმე მოსახლეობის ხმები მიიღოს. მამრაძე ამბობს, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი უფრო ფეოდალურ დაჯუფებებს დაემსგავსა, სადაც ყველას თავისი დაჯგუფება ჰყავს. შესაბამისად, ენმ-ის ირგვლივ დაწყებული დაპირისპირებით, ხაზარაძე სიტუაციით სარგებლობას ცდილობს და უნდა პატარა პარტიები თავად შემოიკრიბოს.

„ენმ-ში დაწყებული დაპირისპირების ფონზე და ასევე ახალი თავმდჯომარის გამო, დანარჩენი ოპოზიცია არ აპირებს ხაბეიშვილს ეახლოს და დახმარება ითხოვოს, თავს დამცირებულად გრძნობენ, ამიტომ ყველა რაღაცა ახლის ძიებაშია. ხაზარაძეს ამბიცები გაუჩნდა და ცდილობს პატარა პარტიები გარშემო თავად შემოიკრიბოს. გვახსოვს, ალბათ, დამოუკიდებლად მიხეილ სააკაშვილმა 30 ადგილი აიღო და ერთად შეკრებილმა ოპოზიციამ 24 ადგილი. ამიტომაც ცდილობს ისევ ენმ, რომ სააკაშვილის სახელით გადარჩეს და არ დაკარგოს ამომრჩეველი. 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეიძლება არ გაუჭირდეთ, მაგრამ სააკაშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. ახლა ოპოზიცია ვერ ხედავს იმ ორთქმავალს, რომელსაც აეკიდებიან და 2024 წლისთვის პარლამენტში თავს შეყოფენ, ამიტომ დაბნეულები გამოსავლის ძიებაში არიან. ყველა იმ კონფიგურაციის ძებნაშია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადაალახვინებთ“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.