ვახტანგ რჩეულიშვილი: “სურვილი მიჩნდება, მერიაში შევვარდე და გიგი უგულავა კაბინეტიდან ვისროლო!”

ვახტანგ რჩეულიშვილი: “სურვილი მიჩნდება, მერიაში შევვარდე და გიგი უგულავა კაბინეტიდან ვისროლო!”

 

მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე პირველი ტერაქტი განხორციელდა, 18 წელი გავიდა. სხვათა შორის, კულუარებში ამბობენ, რომ 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის ერთ-ერთ ავტორად მიჩნეული, საქართველოს უშიშროების იმჟამინდელი მინისტრი, პრორუსული ორიენტაციით გამორჩეული იგორ გიორგაძე, შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს... რა შეცვალა 29 აგვისტოს ტერაქტმა ქართულ პოლიტიკაში? - “ქართული სიტყვა” ყოფილ ვიცე-სპიკერს, ვახტანგ რჩეულიშვილს ესაუბრა, რომელიც აფეთქების დროს შევარდნაძის ავტომანქანაში იჯდა...

ვახტანგ რჩეულიშვილი: - შევარდნაძეზე განხორციელებული ამ ტერაქტით გამოიკვეთა, რომ საქართველოში იყვნენ ძალები, რომელთაც ქართული პოლიტიკის შეცვლა სურდათ, თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს, რადგან პრეზიდენტი შევარდნაძე გადარჩა.

- მაინც, როგორი სცენარი არსებობდა?

ამ სცენარით, ძველი ელიტა ხელისუფლებას მთლიანად შორდებოდა, ტერაქტის მოწყობა კი უნდა დაბრალებოდა ჯაბა იოსელიანს, რომელსაც დაიჭერდნენ და შემდეგ, დახვრეტდნენ. მეორე სცენარის მიხედვით, ტერაქტის მოწყობა “ზვიადისტებს” უნდა დაბრალებოდათ, მაგრამ მაშინ ისინი ორგანიზებულ ძალას არ წარმოადგენდნენ, რომ მსგავსი სახის ტერაქტი მოეწყოთ. საქართველოსათვის უფრო საშიში, რასაკვირველია, პრორუსული ორიენტაციის ხალხია და იცით, რატომ? - რუსეთი რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის მსოფლიო ისეთივე ორპოლუსიანია, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო - ერთის მხრივ, დასავლეთი და, მეორეს მხრივ, რუსეთი. სხვა ქვეყნები მსოფლიო პოლიტიკაზე ჯერჯერობით გავლენას ვერ ახდენენ, თუმცა თურქეთი და ირანი საკმაოდ ძლიერი ქვეყნები არიან.

- პრორუსია იგორ გიორგაძე, რომელზეც პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, იგორ გიორგაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, პრობლემები არ შეექმნებაო...…

არ მგონია, რომ საქმე ასე მარტივად იყოს. მართალია, გამოძიების მასალებს გაცნობილი არ ვარ, მაგრამ ვიცი, გიორგაძისთვის წაყენებული ბრალი ისევ ძალაშია, თუმცა მის მიმართ განაჩენი გამოტანილი არაა. თუ იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოვა, მაშინ მოუწევს, დაამტკიცოს, რომ 29 აგვისტოს ტერაქტში მონაწილეობა არ მიუღია.

- ანუ, თუ გიორგაძე ჩამოვა, დააპატიმრებენ?

ამდენი ხანი გავიდა და ტერაქტის მოწმეებიდან ბევრი აღარ დარჩა, ვის რა როლი მიუძღვის ტერაქტში, გასარკვევია, თუმცა გიორგაძის გარდა, ამ ტერაქტის ასე პროფესიონალურად მოწყობა არავის შეეძლო. სხვათა შორის, ტერაქტამდე გიორგაძეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, შევარდნაძის პოლიტიკით აღშფოთებული ვარ, ქვეყანა სწორი კურსით არ მიჰყავსო... რუსეთის გავლენიდან გამოსვლის გზა აუცილებლად უნდა გაგვევლო და ისე მოხდა, რომ შევარდნაძემ, ზომიერი ხასიათის მიუხედავად, ეს გზა სწრაფად გაიარა, ისევე როგორც სააკაშვილმა. ედუარდ შევარდნაძე ყველაზე გაბედული პოლიტიკოსი და ადამიანია, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია.

- ბატონო ვახტანგ, წეღან ჯაბა იოსელიანი ახსენეთ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი დიდუბის პანთეონიდან მის გადასვენებას ითხოვს...

გადასვენების წინააღმდეგი ვარ... როგორც “მხედრიონის” დამფუძნებელმა, ბევრი ნეგატიური საქმე გააკეთა, დანაშაული ჩაიდინა და კიდევ კარგი, იმდენი ჭკუა ეყოთ, რომ მთაწმინდაზე არ აიყვანეს, მაგრამ დიდუბის პანთეონში დასაფლავებას იმსახურებდა. ერთ ისტორიას გავიხსენებ: პარლამენტის წევრები ვიყავით, მაშინ ერთ-ერთი დეპუტატი შიმშილობდა, დეპუტატები მასთან მივედით და ყურში ჩავუჩურჩულეთ, ხომ იცი, შევარდნაძე მაინც არ გადადგება და მოდი, მოთხოვნა შეცვალე და ჯაბას გადაყენება მოითხოვე და მეც გვერდით დაგიჯდები-მეთქი. ხუთ წუთში გარშემო აღარავინ იყო. პატიოსანი დეპუტატი  მხოლოდ ირაკლი წერეთელი აღმოჩნდა, რომელიც მოვარდა და მითხრა, ნუ იზავ ასეთ რაღასაც, თორემ მოგკლავენ, ჯაბას რისხვას ვერ გადაურჩებიო. მერე, მოვიდა შალვა ნათელაშვილი, გამაფრთხილა, შინ არ მიხვიდე, ჯაბამ რამე არ მოგიწყოსო. მოგვიანებით, ჯაბამ დამირეკა და მისაყვედურა. მივუგე, “მხედრიონის” ბიჭები ისედაც განწირულები არიან და, ხელისუფლება რომ გამტკიცდება, პასუხი მოეთხოვებათ-მეთქი. ჯაბამ მითხრა, პასუხი არავის მოეთხოვებაო და ტელეფონი გათიშა. ამ ამბიდან მალე გამოქვეყნდა მისი მოთხრობა - “ლიმონათის ქვეყანა”, სადაც თავადვე წერს, გამარჯვებულ ჯარს ხელისუფლებამ გათავხედება არ აპატიაო. ჯაბამ ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ ისე მოქმედებდა, როგორც უნდოდა.

- ბატონო ვახტანგ, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზზე ძველი სახეები გამოჩნდნენ. მაგალითად, ვალერი ხაბურძანია, საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს ლევან მამალაძეს, თენგიზ კიტოვანი კი, უკვე საქართველოშია...

ძველი კადრები ივანიშვილის გუნდშიც არიან, მაგრამ ისინი გადამწყვეტ როლს არ თამაშობენ, პოლიტიკაში თავისი სიტყვა ამ ადამიანებს უკვე ნათქვამი აქვთ, ამიტომ მეორე შანსი აღარ ექნებათ. მომხრე ვარ, რომ საქართველოს მართავდნენ ახალგაზრდები, ევროპული განათლებით, რომლებმაც იმ ენაზე იციან საუბარი, რომელიც მსოფლიოშია მიღებული. პოლიტიკაში იმიტომ აღარ ვბრუნდები, რომ ჩემი სათქმელი ვთქვი და ახლა მაიას ვეხმარები ჩვენი კომპანიის აღდგენაში.

- თქვენი მეუღლის და, რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტში თავის დროზენაციონალებისსიით მოხვდა და ვიცე-სპიკერიც გახდა, თუმცაცენტრ- პოინტისგაკოტრებაში მისივე თანაგუნდელი გიგი უგულავა დაადანაშაულეთ. სინამდვილეში, რა მოხდა?

მიშა სააკაშვილის ხელისუფლება ძლიერი აგვისტოს ომამდე იყო. აგვისტოში აშშ-მ ვერ დაგვიცვა და სააკაშვილის პოლიტიკური კარიერაც დასრულდა. მისი პარტია აგონიაში აღმოჩნდა, თუმცა “ნაციონალებს” ამის დაჯერება არ უნდოდათ. დაიწყო შიდა ინტრიგები და საკითხი ამგვარად დადგა, თუ ვინ იქნებოდა “ნაცმოძრაობის” ახალი ლიდერი. რამდენიმე ჯგუფი გამოიყო, ადეიშვილის, მერაბიშვილის და უგულავას სახით. ამ სამი კანდიდატის მხარდამჭერები ერთმანეთს ებრძოდნენ, რუსუდანი ამ დაპირისპირებაში არ იყო ჩართული, მაგრამ იმის გამო, რომ უდიდესი კომპანიის დამფუძნებელი გახლდათ, არჩევნებში მონაწილეობა იმ იმედით შესთავაზეს, რომ “ცენტრ-პოინტი” დააფინანსებდა “ნაცმოძრაობას”... სამწუხაროდ, მერე მოხდა კრიზისი, რაც აგვისტოს ომმა განაპირობა - დაიქცა ეკონომიკა და “ცენტრ-პოინტი” “ნაციონალებისთვის” არასასურველი ფირმა გახდა.

რაც შეეხება გიგი უგულავას როლს, ის ქალაქის მერია და როცა შემოიყვანეს ახალი მენეჯმენტი და დაინახეს 100 მლნ-ის ქონება, “ცენტრ-პოინტის” დაპატრონების სურვილი გაუჩნდა. ჩვენ “ნაცმოძრაობის” დაფინანსებისთვის ფულს ვეღარ გამოგვართმევდნენ. ამიტომ აღარაფერში ვჭირდებოდით. უგულავა “დექსუსს” შეეკრა და თავის სურვილებს მას ასრულებინებდა. ჩვენKკომპანიიდან გამოგვყარეს, იქ თავისი ხალხი დასვეს, აქტივები გაგვიყიდეს და “დექსუსს” მისცეს. მას ჯერ 6 მლნ სესხი გამოუყვეს, მერე, - 11 მლნ. რა მოხდა და რამდენი თანხა ბრუნდებოდა უკან, კაციშვილმა არ იცის, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს თანხები არჩევნებს მოხმარდა, თელავის “ინტურისტი” უცნობ კომპანიაზე ერთ ლარად გაასხვისეს და შემდეგ, ამაში “დექსუსს” 150 000 დოლარი გადაუხადეს.

დღეს “ნაცმოძრაობაში” ყველაზე მიუღებელი პიროვნება მიშა სააკაშვილია იმიტომ, რომ ხელისუფლება სხვას გადასცა და ამას ვერასოდეს აპატიებენ. მათთვის, ვინც ხელისუფლებაში იყო და თანამდებობა დაკარგა, სააკაშვილი პირველი მტერია. ელიტური კორუფცია ისე ააყვავეს, რომ მიტაცებული ქონების დაკარგვას ვერასოდეს შეეგუებიან. იმ პრეზიდენტს, რომელიც სააკაშვილის მსგავსად მოინდომებს ხელისუფლების გადაბარებას, მომხრეები აკვანშივე მოკლავენ!

რაც შეეხება კოჰაბიტაციას, დასავლეთისთვის კოჰაბიტაცია იმის შესაძლებლობაა, რომ რუსეთზე ზემოქმედება მოახდინოს. კოჰაბიტაცია მე რომ მეზიზღება, არ შეიძლება, ასე ვინმეს ეზიზღებოდეს - ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, მერიაში შევვარდე და გიგი უგულავა კაბინეტიდან ვისროლო, მაგრამ თუ ყველა პროცესი სამართლებრივად არ მოწესრიგდა, ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად ვერ მოხდება. ეჭვი არ შეგეპაროთ, ყველა ხელისუფლება სააკაშვილის ბედს რომ გაიზიარებს და “ქართულ ოცნებასაც” მომავალში მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება. ესენი ყველა წარუმატებელ ნაბიჯს დღეს კოჰაბიტაციას აბრალებენ, ხვალ კი, იმას დააბრალებენ, რომ ივანიშვილი იმდენს არ უხდით, რამდენიც საჭიროა ამა თუ იმ დარგის დასაფინანსებლად. ხელისუფლების კმაყოფილი ხალხი საქართველოში კი არა, მსოფლიოს ერთ ქვეყანაშიც არ ყოფილა. ან დიქტატორული რეჟიმი უნდა იყოს და ხალხი დააშინოს, ან ხელისუფლება უნდა შეეგუოს, რომ ამომრჩეველი არაფერს აპატიებს!  

- ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებზეც გკითხავთ. ვის რა შანსი აქვს?

 ჯერ არ გამოჩენილა პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელსაც მხარს დავუჭერ. მხარს ისეთ კანდიდატს დავუჭერ, რომელიც იტყვის, ქვეყნის გადარჩენას 2 ან 10-მილიარდიანი ინვესტიცია სჭირდებაო. ვინც ხალხს რეალურად დაანახებს, რომ ეკონომიკური პრობლემის გადაჭრის რესურსი აქვს, ხმა მას უნდა მივცეთ!