ქვეყნისთვის სასიცოცხლო ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმებით, შესაძლოა, სამართალდამცველები დაინტერესდნენ. ბოლო პერიოდში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები რამდენიმე რეგიონში დაიცხრილა. „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ ნიკოლაიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევები, რომელიც საფრთხეს უქმნის გადამცემ ხაზებს. გადამცემი ხაზების დაცხრილვის შემთხვევები დაფიქსირდა წყალტუბოს რაიონშიც.
მისივე განცხადებით, „საქრუსენერგოს“ თანმაშრომლებმა რამდენიმე რეგიონში მონადირეების მიერ დაზიანებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დააფიქსირეს, რაც მონადირეთა გარკვეული ჯგუფის მიერ შეგნებულად ხდება. როგორც ნიკოლაიშვილი ამბობს გამდამცემების დაზიანება საფრთხეა როგორც თვითონ იმ პიროვნებისთვის, ასევე ქვეყნის ენერგომომარაგებისათვის.
„ამ შემთხვევაში ჩვენ დროზე აღმოვაჩინეთ დაზიანება და ხაზი არ გათიშულა. აქიდან გამომდინარე, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ხანძარი გაჩნდა გადამცემ ხაზებთან, რაც ასევე დიდი საფრთხესთან არის დაკავშირებილი. შესაბამისი რეაგირებისათვის საქმის კურსში ჩავაყენეთ შს სამინისტრო“, - აცხადებს არჩილ ნიკოლაიშვილი.
ენერგეტიკოსები კი ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენა რთულია, რადგან მაღალი ძაბვის გადამცემები, როგორც წესი, ძირითადად, რთულად მისადგომ ადგილებში მდებარეობს. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლო ობიექტიების განმეორებითი დაზიანების შემთხვევაში, ოფიციალურად მიმართვენ შსს-ს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილი განმარტებით, ქვეყნისთვის სასიცოცხლო ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები შეიძლება შეფასდეს, როგორც კრიმინალური დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ენერგომომარაგებას და ენერგო სისტემას.
ენერგო ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ძაბვის გადამცემების დაზიანებამ გამოიწვია მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, ან შეწყვეტა, ასეთ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი რეაგირება.
„თვითონ კომპანია, რომლის გადამცემი დაზიანდა, ალბათ, თვითონაც მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რომ მოხდეს გამოძიება, თუ კი ჩვეთან შემოვა შესაბამისი განცხადება ან შეტყობინება მომხმარებლის მხრიდან, რომ ამ მიზეზით შეუწყდათ მათ ელექტრენერგიის მიწოდება, ჩვენი მხრიდან განხორციელდება შესაბამისი ზომები, რისი უფლება-მოსილებაც გვაქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინო გულეიშვილი.
ექსპერტი რეზო არველაძე თვლის, რომ მონადირეები ამ ხაზებს ვერ დააზიანებენ. ვინაიდან, მისივე განმარტებით, როგორც წესი, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე არანაირი ისეთი ფრინველები არ სხდებიან, რომელიც მონადირის ინტერესს წარმოადგენდეს.
„ადრეც დაფიქსირდა ასეთი ფაქტები კავკასიონის 500 კილოვატაინი გადამცემ ხაზზე. მაშინ სპეციალურად ესროლეს, რომ გაეწყვიტათ ხაზები, ეს იყო ნამდვილად დივერსია, შემდეგ გაირკვა, რომ გარკვეული ჯგუფი ამას შეგნებულად აკეთებდნენ, რომ მოსახლეობას ვიღაცეებისთვის ფული გადაეხადათ, რომ აღედგინათ ეს ხაზები.
ამ ხაზებს სჭირდება დაცვა. სახელმწიფომ ადგილობრივი მაცხოვრებლები უნდა დაიქირაოს, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე, რომ ხაზები არ დაზიანდება. თუმცა, კონკრეტულ შემთხვვევაში, ძნელია იმის თქმა, დივერსანტებმა დააზიანეს ხაზები, თუ რაღაცა სხვა ფაქტორი მოხდა. არ გამოვრიცხავ, რომ შეგნებულად ხდებოდეს გადამცემი ხაზების დაზიანება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რეზო არველაძემ.