პრეზიდენტი კონსტიტუციის წინააღმდეგ

პრეზიდენტი კონსტიტუციის წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი (კონსულტაციების დროს კონკრეტული თარიღებიც კი გაჟღერდა - თებერვალი, 8 მარტი და სხვ.), თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.

ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არც ერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. მისი თქმით, არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი და ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. მსხილაძე ადასტურებს მთავრობასთან კონსულტაციას, თუმცა განმარტავს მიზეზებს, რატომაც შეცვალა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება.

„რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა - კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით.

ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღებას, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფაა. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

პრეზიდენტის შეცვლილი პოზიცია და არგუმენტები გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. ირაკლი ზარქუას განცხადებით, მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს და ეროვნულ ბანკს სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟისგან იხსნიან.

„პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის სახელი და გვარი არ მოსწონს თუ მის კომპეტენციაშია რაიმე პრობლემა?! კომპეტენტურია, გამოცდილია, მაგრამ არ მომწონს, ჰოდა, ამას არ გავუტარებთ! ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ არა იმიტომ, რომ სალომე გვიყვარს - პირადად მე არ მიყვარს - უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუციას ვცემთ პატივს, რადგან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ყველამ ინსტიტუციის პატივისცემა ვისწავლოთ.

ვაკვირდებით და, საბოტაჟს უწყობს ქვეყანას! პირველი, ეს იყო ელჩების დანიშვნა. მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხელი მოეწერა. ვიდრე არ ვთქვით, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა, მანამდე ხელი არ მოაწერა - მერე მოაწერა და ჩვენც სარჩელი გამოვიტანეთ. მეორე თემა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი იყო. ბოლო გვირგვინი ეროვნული ბანკია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადა ეწურება - მერე რა უნდა ვქნათ?! ქვეყანა რთულ რეგიონალურ სივრცეშია და კბილებით გვიჭირავს, რომ ინფლაცია არ გაიქცეს - ეს უნდა?! იყო პრეზიდენტთან შეთანხმება, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს არ დავძლევდით და ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენდა - მან ესეც დაარღვია!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატი რომან გოცირიძე თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მოტივი არის ფინანსურ სისტემაზე საბოლოო კონტროლის დამყარება, რადგან, მისი შეფასებით, ხელისუფლებას სურს ეროვნულ ბანკშიც ისეთივე კლანი ჩამოყალიბდეს, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

„გადაწყვიტეს, დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებით მეოთხე ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც ემსახურებოდა იმას, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

ეროვნულ ბანკში ფინანსური კლანის ფორმირება სჭირდებათ, რათა საბოლოოდ გააკონტროლონ მთელი საფინანსო სისტემა, მთელი ფინანსები ჩაიგდონ ხელში და მიჩქმალონ „ქართული ოცნების“ მთელი ფინანსური მაქინაციები. ერთ-ერთი მაგალითია „პროგრეს ბანკის“ დახურვა. ვერავინ გაიგო, როგორ გაჩნდა და როგორ გაქრა, არადა მისი დამფუძნებლები იყვნენ კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი და ვინმე ავანტიურისტი გავრილოვი.

ეროვნული ბანკის საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა და მათ სურთ მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ წამყვანი პირები ეროვნულ ბანკში, ამიტომ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი განცხადებით პირდაპირ საუბრობს იმას, რომ „სახელმწიფო პარტიაა“. უსუფაშვილი ხაზს უსვამს, რომ მმართველი გუნდი უგულებელყოფს პარლამენტის როლს და თავად გეგმავს ეროვნული ბანკის საკადრო საკითხებში ჩარევას, რაც კარგად ჩანს იმ კანონპროექტშიც, რომელზე დადებული ვეტოს დაძლევასაც გეგმავენ.

„არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, როცა კონსულტაციებზე შეხვდნენ, მაგრამ მინდა საპრეზიდენტო მხარესაც და მმართველ პარტიასაც შევახსენო, რომ ეს ქვეყანა არ არის არც სალომე ზურაბიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის დუქანი! „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ გაერკვა იმის ანა-ბანაში, თუ ვინ არიან თვითონ და რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა. გველაპარაკებიან, პარტიის ამოცანაა, რომ სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირება უზრუნველვყოთო. ესაა ღია განაცხადი, რომ „პარტიაა სახელმწიფო“, ამით ამბობენ, ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერსო.

პარტია ამბობს, რომ კონსულტაციები ჰქონდათ პრეზიდენტთან ეროვნული ბანკის წევრთან დაკავშირებით. სად ამოიკითხეს, რომ რომელიმე პარტიას შეუძლია ჰქონდეს ამაზე კონსულტაციები? მაშინ „ლელოს“ რატომ არ ჰქონდა? დანგრეული აქვთ წარმოდგენა, რა არის სახელმწიფო, პარლამენტის როლი, პრეზიდენტის როლი და მმართველი პარტიის როლი. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის ვადის თითქმის ამოწურვისას გადაწყვიტა დამოუკიდებელი სიტყვების თქმა და ეს დამოუკიდებელი სიტყვებიც კი მიუღებელია მმართველი პარტიისთვის,“ -  აცხადებს დავით უსუფაშვილი.

გადაწყვეტილება მიღებულია, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მომავალ კვირას დასძლევს, რაც იმას იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი იწყება. ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის „ევროპულობაში“ ეჭვი არც არასდროს შეუტანია, არც მისი საგანმანათლებლო ცენზი იწვევდა კითხვებს და არც გენეტიკური წარმომავლობა, თუმცა მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს სიჯიუტე თუ მიზანმიმართული მავნებლობა, საკუთარ ხელისუფლებასთან „ჯენტლმენური“ შეთანხმებების უხეში იგნორირება და შეუსრულებლობა არა თანდაყოლილ, არამედ შეძენილ ხასიათს ატარებს.

„ბოლო პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ის საკუთარ ქვეყნად პრინციპულად არ აღიარებს, ძირგამომთხრელი საქმიანობის არა ერთ შემთხვევას, მიმართულს ჩვენი სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუციებზე: პარლამენტზე და მთავრობაზე - როდესაც ის იძახის, რომ აპრიორი დაადებს ვეტოს უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ყველა კანონს;

უსირცხვილოდ და უნამუსოდ რუსულ იარლიყს აწებებს ქართველი დეპუტატების მიერ შემუშავებულ ეროვნულ კანონპროექტს; ხელოვნურ კოლაფსში ამყოფებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მის მიერ წარდგენილი ელჩების დანიშვნის ხელოვნური გაჭიანურების სახით;

პრობლემებს უქმნის ქვეყნის საარჩევნო სისტემას; ცსკო-ს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა-დამტკიცების საქმეში, პრობლემებს უქმნის ქვეყანას ეროვნული ბანკის ახალი თავმჯდომარის შერჩევა დანიშვნის პროცესში. თუ არა მიზანმიმართული, შეგნებული მავნებლობა და ძირგამომთხრელი საქმიანობა, დიდი ალბათობით, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესრულების ფარგლებში - ყოველივე ამას ძნელია რაიმე გონივრული ახსნა-განმარტება მოუძებნო“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში, კარგია, თუ ცუდია, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი ცდილობს იყოს უფრო ნეიტრალური.

„სხვაგვარად წარმოუდგენელია, მაგრამ მე რამდენადაც ვნახე განცხადება, ითქვა, რომ იყო შეთანხმება კანდიდატის დასახელებაზე, მაგრამ უარი თქვა, დრო დაარღვიაო. ამ ვითარებაში რამდენად გამართელბულია პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში კანდიდატის წარდგენა, ეს ერთი მხარეა და მეორეა, როდესაც „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ამის შესახებ. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ასეთი შესწორება არ იქნებოდა ქვეყნისთვის კარგი, არ ვიცი რა მოტივი აქვს. პარლამენტს შეუძლია დასძლიოს მისი ვეტო და პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს მმართველი პოლიტიკური ძალა, ეს არის და ეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

ლევკოთეა ინსტიტუცია და ინსტიტუტი რომ ვერ გაურჩევია ამ ჩლუნგ ზარქუას, სხვა არავინ არ ჰყავს ოცნებას, რომ კომენტარი გააკეთებინონ?
ისედაც მაგარი ნეგატიური ტიპაჟია და გაღიზიანებას იწვევს ხალხში.
1 წლის უკან