აფხაზები ბათუმსა და თბილისს სტუმრობენ და ქართულ რესტორნებშიც დადიან

აფხაზები ბათუმსა და თბილისს სტუმრობენ და ქართულ რესტორნებშიც დადიან

„აფხაზები დაშინებულები არიან რუსული კრიმინალური ბიზნესით. პირად საუბრებში აფხაზების პოზიცია არაერთგვაროვანია, ბევრი არ არის აგრესიულად განწყობილი ქართველების წინააღმდეგ. ქართულ რესტორნებში, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, ხშირად წააწყდებით აფხაზებს“, - ამ განცხადებას ცნობილი რუსი ჟურნალისტი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მაქსიმ შევჩენკო აკეთებს.

მისი თქმით, ბევრი აფხაზი სამკურნალოდ ქუთაისში ჩადის, სტუმრობენ თბილისსა და ბათუმს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზიზღი არ არსებობს. გარდა ამისა, აფხაზებს კარგად ესმით ყველა ის მანკიერება, რომელიც რუსულ კრიმინალურ ბიზნესს ახლავს და მზად არიან, საქართველოსთან დიალოგი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებით დაიწყონ.

მაქსიმ შევჩენკოს პოზიციას იზიარებს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი ალექსანდრე სკაკოვი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს ურთიერთობა გაუფუჭდათ და ეს ურთიერთობა რთულ ეტაპზეა.

სწორედ ამის სიმპტომად მიიჩნევს მკვლევარი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარების მე-5 წლისთავის აღსანიშნავად ბიჭვინთაში ჩასული ვლადიმერ პუტინის აფხაზეთიდან სწრაფი წასვლის ფაქტს.

„აშკარაა ურთიერთობების გაუარესების ტენდენცია. ამაზე მეტყველებს ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ ბიჭვინთიდან პუტინის სასწრაფო წამოსვლაც. პუტინი რომ დარჩენილიყო დღესასწაულზე, ეს ეჭვი არ იარსებებდა“, – აცხადებს რუსულ მედიასთან ინტერვიუში სკაკოვი.

მისივე მონაცემებით, აფხაზეთის ხელმძღვანელობაში სერიოზული უკმაყოფილებაა რუსეთიდან დაფინანსების დაგვიანების გამო, რაც ახალგამომცხვარი რესპუბლიკის მთავრობისადმი მოსახლეობის უნდობლობას აღვივებს.

აფხაზეთის მთავრობა, ასევე, უკმაყოფილოა რუსეთისა და საქართველოს დაახლოებით, რაც რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანაში გამოიხატა. ამდენად, მოსკოვისა და თბილისის პარტნიორობის შემდგომმა გაღრმავებამ, შესაძლოა, აფხაზეთი რუსეთთან მიმართებაში, პოლიტიკური პოზიციის დასუსტებამდე მიიყვანოს.

სინამდვილეში, რა ეტაპზეა მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობა?!

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა For.ge-სთან საუბარში ეთანხმება იმ აზრს, რომ მოსალოდნელია რუსეთსა და აფხაზეთს შორის რღვევის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდეს, რადგან თანდათან აფხაზთა რაოდენობა ყველაზე მცირეა იმ ტერიტორიაზე და კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზრდება. თუმცა გია გვაზავა წუხს, რომ, საუბედუროდ, დღეს აფხაზი ელიტა და აფხაზი ხალხი სხვადასხვა ცნებაა და საეჭვოა, აფხაზებს ვინმე რამეს ეკითხებოდეს.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ აფხაზები სტუმრობენ ბათუმსა და თბილისს და კიდევ უფრო მეტი აფხაზი გვსტუმრობდა მანამდე, სანამ სრულად ჩაიკეტებოდა ე.წ. საზღვარი, გასაკვირი არ არის. პირადად მას თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი მეომრებიც უნახავს, ასევე, ბიზნესმენი ქალბატონები ჩამოდიოდნენ, რომლებსაც ლილოდან მიჰქონდათ საქონელი. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები კი დღესაც ჩადის აფხაზეთში და სასურველია, ეს მომავალშიც გაგრძელდეს.

რაც შეეხება რუსი ანალიტიკოსის ალექსანდრე სკაკოვის მოსაზრებას, რომ ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ ბიჭვინთიდან პუტინი საეჭვოდ სწრაფად გაემგზავრა და არ დარჩა აფხაზების დღესასწაულზე, გია გვაზავა ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი თქმით, ამის მიზეზი შეიძლება არა მოსკოვისა და სოხუმის დაძაბული ურთიერთობა იყოს, არამედ, უბრალოდ,  პუტინს ძალიან ეჩქარებოდა და იმიტომ არ გაჩერდა ბიჭვინთაში...

„პუტინის ქმედებებს ვერ შევაფასებ. ძნელი ასახსნელია მისი ქმედება. საერთო ჯამში, ნამდვილ პატრიოტ აფხაზს უნდა ესმოდეს, რომ თანდათანობით, მათ ემუქრებათ გარდაუვალი ასიმილაცია. იმასაც უნდა ხვდებოდნენ, რომ ყველაფერი, რაც გათამაშდა, ვითომ აფხაზეთისა და, ზოგადად, აფხაზების გადასარჩენად, სინამდვილეში, იყო ის, რომ ეს მიწა დიდი რუსეთის უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, დაფინანსებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ბიუჯეტის 60-65% არის რუსული კაპიტალი. ამიტომ იქ მიდის ძალიან დიდი კორუფციული გარიგებები“, - აცხადებს გია გვაზავა.

ამასთან, არ აქვს არანაირი ილუზია, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი ჩვენსკენ მობრუნდება და დაგვიბრუნებს კუთვნილ ტერიტორიებს. მინერალური წყლისა და ქართული ღვინის შეტანა კარგია, მაგრამ ეს პრობლემის გადამწყვეტი არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს ეტაპი მშვიდობიანად დასრულდება და არ შემოგვთავაზებენ აფხაზეთთან ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც საბოლოოდ მის კანონიერ დაკარგვას გამოიწვევს - კონფედერაციის ან კიდევ სხვა რამის სახით.

გია გვაზავას აზრით, კონფედერაციაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი იქნება ერთი მთავარი პუნქტი, რომ საქართველოს შემადგენლობიდან საქართველოს რეგიონების გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არა მარტო კონფლიქტური რეგიონის ტერიტორიაზე. თუ ასეთი შესწორებები იქნება, კიდევ შეიძლება, რაღაცაზე ფიქრი.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე ადასტურებს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და გაფუჭდა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რუსეთმა საგრძნობლად შეუმცირა აფხაზებს დაპირებული თანხები. ამის გამო დიდი უკმაყოფილება გამოითქვა აფხაზურ პარლამენტშიც და მთავრობაშიც. სერიოზული განხილვები დაიწყეს, თუ რატომ ხდებოდა ასე. ზოგიერთმა აფხაზმა ეს დააბრალა სწორედ იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება. ამიტომაც რუსეთი იმდენ ყურადღებას აფხაზეთს უკვე აღარ მიაქცევს.

რაც შეეხება ბიჭვინთიდან პუტინის სასწრაფოდ გამგზავრებას, ამაში ლევან კიკნაძე განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, რადგან პუტინს თუ სურდა ჩვენთვის ეჩვენებინა, აფხაზებს იმდენ ყურადღებას აღარ ვაქცევო, მაშინ საერთოდ არ ჩავიდოდა ბიჭვინთაში. სოჭშივე გამოიძახებდა ანქვაბს, სადაც ამჟამად ისვენებს, და იქ მიიღებდა აფხაზეთის დე-ფაქტო მეთაურს.

ლევან კიკნაძის აზრით, სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ კრემლს უკვე აღარ სურს ამდენი თანხა შევიდეს აფხაზეთში. თანაც, ამ თანხის დიდი ნაწილი, ე.წ. ატკატების სახით ისევ უბრუნდება იმ ჩინოვნიკებს, რომელთა ხელშიც ეს ფული ტრიალებს. კრემლი უკმაყოფილოა ამ ფულის არამიზნობრივი ხარჯვით. ასე რომ, კორუფციული პირამიდა, რომელიც აგებულია კრემლში, ავტომატურად მოქმედებს აფხაზებზე.

„თბილისში აფხაზები მართლაც ჩამოდიან, რამდენიმე ასეთი შეხვედრის უშუალო მონაწილე მეც გახლავართ. აფხაზები ჩადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც, ასე ხდებოდა დღემდე და გრძელდება დღესაც. უფრო მეტიც, შეხვედრები აფხაზებსა და ქართველებს შორის მოსკოვშიც ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვათა შორის, არ გაგიკვირდეთ და ეს ურთიერთობები ისე თბილია, რომ გარეშე თვალი ვერც კი წარმოიდგენს, რომ ჩვენ ასეთი დაძაბული ურთიერთობები გვქონდა“, - აცხადებს ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბარში.

ამის მიუხედავად, მისი თქმით, ჯერჯერობით აფხაზების მხრიდან ქართველებთან ურთიერთობის დათბობა გამოკვეთილ დონეზე არ ჩანს. მართალია, ხანშიშესულ და შუახნის აფხაზებს ქართველების ნოსტალგია აქვთ, მაგრამ აფხაზი ახალგაზრდობა ჩვენკენ არ იხედება. სიმართლე ისაა, რომ აფხაზებს რუსეთიც არ სურთ, მაგრამ იძულებულნი არიან, მათკენ იყურონ, რადგან რუსეთი ინახავს.

ლევან კიკნაძის ინფორმაციით, აფხაზებს ძალიან უნდათ დასავლეთისკენ გაჭრა, დასავლეთთან ინტეგრირება და სულ ამ თემაზე საუბრობენ. სულ ახლახანს, სოხუმის ხალხთა დაცვის მოძრაობის კოორდინატორი ბესლან კობახია ჩასული იყო ევროპაში და ევროპარლამენტის რამდენიმე წარმომადგენელს სთხოვა, როგორმე მოეხდინათ დასავლეთში მათი ინტეგრირება. თუმცა ამ აზრს რუსი არ დაუშვებს.

„აფხაზი დასავლეთისკენ რომ გაიხედავს, მერე ავტომატურად საქართველოსკენაც გამოიხედავს და ეს არ სურს რუსეთს“, - აღნიშნა ლევან კიკნაძემ.