26 მაისის შემდეგ პრეზიდენტის რიტორიკა შეცვლილია. ბრიუსელიდან ჩამოსვლის მერე დადგება თუ არა „ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის თაფლობის თვე, ამას სულ მალე შევიტყობთ. ფაქტია, როდესაც ბრიუსელში ყოფნისას ფრანგმა ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, იყო თუ არა ღარიბაშვილი პრორუსი, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არავინაა, ვინც პრორუსი შეიძლება იყოს, მათ შორის, არც ირაკლი ღარიბაშვილი.
26 მაისს პრეზიდენტის გამოსვლა ოპოზიციამ სათავისოდ აღიქვა და დავით უსუფაშვილმაც განაცხადა, რომ ბოლო ხანს პრეზიდენტი პრეზიდენტობს. უსუფაშვილი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, ვფიქრობ, პრეზიდენტი შინაგანად გვარამიას შესაწყალებლად არის მზად.
რას მიანიშნებს პრეზიდენტის გარდასახვა ბრიუსელში და მისი დაბალანსებული განცხადებები? ეს არის პრეზიდენტის სახეცვლილება, თუ რეალურად ასეთია ქალბატონი ზურაბიშვილი, რომ ერთ დღეს კრიტიკული იყოს, მეორე დღეს შერბილებული?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მერყეობს, ბევრი კითხვა ისმის მის მიმართ, დღეს თუ პროდასავლურობაზე საუბრობს, მაშინ თავის დროზე რატომ საუბრობდა, რომ ქართულმა ჯარმა დაბომბა მძინარე ცხინვალი და საქართველო ბომბავდა საკუთარ ტერიტორიას?!
„ვგულისხმობ წითელუბნის ინციდენტს. როდის იყო ის გულწრფელი?! ამდენად, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აქვს საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტს და მერყევი ადამიანია. ის აკეთებს განცხადებებს საკუთარი და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიუსელში იფიქრა, რომ არ ღირდა საქართველოს ხელისუფლების დაზიანება საერთაშორისო ტრიბუნაზე, ნიკა ჩიტაძე ამას გამორიცხავს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოში ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და ამ განცხადებებს ეცნობა საერთაშორისო საზოგადოება. ამდენად, პრეზიდენტ ზურაბიშვილს უნდა თუ არა, რომ საერთაშორისო არენაზე არ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლების იმიჯი, მისი შიდა განცხადებები საერთაშორისო არენაზე მაინც გადის და მაინც აზიანებს საქართველოს ხელისუფლების იმიჯს. აქედან გამომდინარე, ამ ქალბატონის მერყეობის და არასტაბილურობის პრობლემა არსებობს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ ფიქრობს, რომ ბრიუსელში პრეზიდენტის სახეცვლილება მოხდა, რადგან ქალბატონი ზურაბიშვილი, ჯერ ერთი, ქალია, მეორეც, საკმაოდ ემოციურია, თანაც, გაბრაზება იცის.
„გავიხსენოთ, სააკაშვილმა რომ დაუშვა მასთან შეცდომა და ჩამოსვლამდე გზაში მოხსნა, ქალბატონი ზურაბიშვილი მაშინ გაბრაზდა, გამოვიდა ტელევიზიით, „ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან“-ო, ისეთი მუხტი ჰქონდა სიტყვაში, რომ მეორე დღეს იპოდრომზე მიტინგი შედგა. აშკარად ჩანდა, მას ეს წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდა, რადგან ვეღარ მოახერხა შეკრებილი ხალხის პოლიტიკურ ძალად გადაქცევა, დაკარგა ხალხის იმპულსი. რაიმე გეგმით კი არ იყო ის განცხადება გაკეთებული, არამედ სპონტანურად, გაბრაზებით. ანალოგიურად, 26 მაისის დღეებში გაბრაზდა და გაბრაზებით გამოვიდა 26 მაისს, მერე უკვე ბრიუსელისთვის დაწყნარდა და უკეთ გამოვიდა, დაბალანსებულად“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge- სთან საუბრისას.
ანალიტიკოსის შეფასებით, ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ პოლიტიკოსები შორს მიმავალი მიზნებით გეგმავენ თავიანთ ქმედებებს, ამ დროს, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ასე არ არის ხოლმე, რადგან პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან.