2024 წელს ქართული ოპოზიცია პოლიტიკურ ველზე მარცხდება - ასეთია პრემიერ-მინისტრის პროგნოზი. დამარცხებისთვის განწირულ ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეპატიჟება პარტიის თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი, რომლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაშია“. ხაბეიშვილის ოცნება, ოცნებად დარჩება, რადგან ოპოზიცია უარს აცხადებს იმ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობაზე, რომლის დამფინანსებელი არის დავით კეზერაშვილი და იდეოლოგი ვანო მერაბიშვილი. სანამ ხაბეიშვილი ოცნებობს, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთელი თავისი სატელიტებით, „ენჯეოებით“, თავისი დეგრადირებული, ამორალური ხალხით არაფერი დარჩენიათ გარდა ერთისა, გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი პროვოკაციები, რომელზეც საერთოდ, სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი.
„ვინც შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, მათ შორის პოლიციის, ყველა დაისჯება. ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. არ მინდა არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე, ხაბეიშვილსა და სხვებზე კომენტარი გავაკეთო. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მარგინალიზებული ძალა, რომელთაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ. ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას. უბრალოდ, შეხედეთ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ რაიმე შინაარსიან თემაზე რომ ესაუბრათ. რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ შეურაცხყოფაზე არიან გადასულები. აი, ეს არის მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის სახე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე. მან ხაზი გაუსვა პრემიერის ფრაზას „სამაგალითო დასჯა“, რაც 21-ე საუკუნეში სრულიად გაუგონარ და შეუწყნარებელ ტერმინად მიიჩნია.
„რას ჰქვია სამაგალითო დასჯა? ესეთ რამეს იყენებდნენ შუა საუკუნეებში ადამიანები, რომლებსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდათ და დანარჩენ ადამიანებს არ ჰქონდათ უფლება საკუთარი თავის დაცვის. და დღეს ეს გადმოაგდო და ცდილობს დანერგოს ამ პრემიერად წოდებულმა ადამიანმა, რომელსაც საზოგადოებამ უკვე ადეკვატური სახელი შეურჩია, როგორც ამას თავის დროზე მოგვიწოდებდა მისი მმართველი, რომ რაც გინდათ ის დაუძახეთო. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი პრემიერი გვყავს, ძალიან საშიში ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ის და ვურჩევ იმ ადამიანს, ვინც ეს ადამიანი მოგვახვია თავს, რომ დროზე მიაქციოს ყურადღება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
როოგრც ჩანს, პოლიტიკურ ველზე დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო რჩება. ამ პოლიტიკურ პარტიასთან კოალიციის შემქნა არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ უნდა. მეტიც, პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან უნდა გავიდეს, რადგან პარტიამ რესურსი ამოწურა. ხატია დეკანოიძე, რომელიც პარტიის ერთ-ერთი აქტიური და გავლენიანი წევრი იყო, აცხადებს, რომ რაიმე რწმენა რომ ჰქონოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეში ან პარტიაში მიმდინარე პროცესების, პარტიას არ დატოვებდა. მისი თქმით, მოგების გასაღები არა „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ სხვადასხვა ძალის კონსოლიდაციაში.
პარტიები და ის ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საუბრობენ, არიან პარტიის ლიდერები: ქალბატონი ჩარკვიანი, ბატონი გუბაზ სანიკიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ა.შ. მათი ერთობა არ გამოიწვევს დამატებით ხმების მატებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის ხმები, რომელიც ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და ჩემი აზრით, ეს ორბიტა უნდა იყოს ცალკე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხაბეიშვილის დაანონსებულ ერთობას არ იზიარებს და „ოცნების“ დამარცხების გასაღების ძიებას დამოუკიდებლად გეგმავს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომლის შეფასებით, რეალური ცვლილებების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. ელისაშვილის ფორმულა ასეთია - „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს, თუმცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს და ეს უნდა იყოს ეროვნული ამოცანა.
„ლევან ხაბეიშვილს უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ გვაქვს „ოცნების“ დამარცხების გასაღებიო და თუ სხვები, ბოდიში, და „შეგვეტენებით“ თქვენც გახეირებთო. სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი. ხომ შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე, დადეთ ბეჭებზე ბიძინა თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილებების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. „ოცნება“ უნდა წავიდეს - „ნაციონალები“ არ უნდა მოვიდნენ! ესაა ახლა მთავარი ეროვნული ამოცანა და ამისთვის ყველა უნდა გავისარჯოთ რამდენადაც შეგვიძლია იმაზე მეტად“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ოქროს წესია, როდესაც კამათი მიმდინარეობს ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, იქ როდესაც ერთი მხარე იწყებს შეურაცხყოფას და ცილისწამებას, ნიშნავს, რომ არგუმენტები გამოეცალა, არ გააჩნია იმის რესურსი, რომ იპაექროს ოპონენტთან, რაც ნიშნავს, რომ ის არის დამარცხებული. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ზუსტად იგივეს ვხედავთ ჩვენ ქუჩაში, პარლამენტთან, თუ სხვაგან, როდესაც მარგინალური ჯგუფები შეკრებილები არიან და შეურაცხყოფას აყენებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„ეს უკვე მეტყველებს, რომ დეგრადაციის ჭაობის კიდევ ახალ ფსკერზე ჩავიდნენ, ეს კიდევ მეტყველებს იმაზე, რომ მათი მმართველი პარტიები, ანუ ეს აქტივისტები არიან უბრალოდ, მარიონეტები ამ ნაცოპოზიციის, სადაც არის სერიოზული კრიზისი იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ კონკრეტული პროგრამები, შეთავაზებები ამომრჩევლისადმი, რომ მათი გული მოიგონ. ყველაფერი არის გადასული ნეგატივზე. ძველი ფაშისტური იდეოლოგი იყო გებელსი, რომელსაც ჰქონდა ასეთი გეგმა, რომ ყოველ დღე უნდა გამოაცხონ ახალი პროპაგანდისტული მავნებულური გზავნილი, რასაც პირნათლად ასრულებს ნაცოპოზიცია, რომლებიც არიან დღევანდელი ნეოფაშიტები“, - აცხადებს აბაშიძე.
მისი თქმით, პრემიერის განცხადებაში ყურადსარებია ის, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასე დაცლილია ინტელექტუალურად, პოლიტიკურად და საზოგადოებრივი მხარდაჭერით, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე გამზადებული არიან მარცხისთვის.
„რასკვირველია, ამ მარცხს ისინი არ შეიმჩნევენ და ჩართავენ იმ ადრინდელ დამახინჯებულ პროპაგანდას - არჩევნები გაყალბდა, არჩევნები მიიტაცეს და ა.შ. თუმცა, ნებისმიერ კვლევაშიც ჩანს, რომ ნაცოპოზიცია არის სავალალო მდგომარეობაში თავისი ქმედებებიდან გამომდინარე. შევხედოთ „ნაციონალურ მოძარაობაში“ კიდევ რამდენ მარტივ მამრავლებად არიან დაყოფილნი, ერთმანეთს ექიშპებიან და იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებზე იმუშაონ, მუშაობენ ნეგატივის ტირაჟირებაზე. ეს არ არის პოლიტიკური ცხოვრება, ეს არის მარგინალური სექტის კლასიკური საქმიანობა. როდესაც პოლიტიკაში აღარ ხარ და სექტანტი გახდი, იქ უკვე პოლიტიკური არჩევნების მოგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ ველს 2024 წლის არჩვენებზე დატოვებს. მისი თქმით, დღეს ქვეყანას ოპოზიცია არ ჰყავს, ეს არის კლასიკური მეხუთე კოლონა, რომელიც აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა 10 ათასი რუსი ჯარისკაცის საქართველოში შემოსვლა, რაც უკრაინის გამარჯვებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„ამ ადამიანებს როგორ შეიძლება ქართული ოპოზიცია ვუწოდოთ?! ოპოზიციას ვერ დავარქმევ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო რუსეთს იარაღით ამარაგებს! ოპოზიციას ვერ დავარქმევდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს საჰაერო გზის გავლით იბომბება უკრაინა. ესენი არიან რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს კი არ ემსახურებიან, არამედ ემსახურებიან გლობალური ომის პარტიის ინტერესებს, რომელთაც უნდათ საქართველოს ომში ჩართვა. ქართველი კაცი ხედავს ამას და ამის დამადასტურებელი არის შემდეგი ფაქტი, მერამდენე დღეა იძახიან მოდით პარლამენტის შენობასთანო, მაგრამ ვინ მიდის? - მიდის ისევ ტვინგამორეცხილი ზოგიერთი ახალგაზრდა, რომლებიც შემდეგ ლაპარაკობენ, რომ დაგვიჭირეს რუსულად, გვაჭამეს რუსულად, გვასვეს რუსულად, სუპი შეგვაჭამეს რუსულად და ა.შ. აი, ამ დონემდე დავიდა ოპოზიცია.
მეტიც, ეს არის ოპოზიცია, რომელიც გადასულია არა რაიმე თემატურ დებატებზე, არამედ გადასაულია ყოვლად უმსგავსო სიტყვებზე, რომლითაც თითქოს შეურაცხყოფენ პრემიერს. ამიტომ, სწორია პრემიერის განცხადება - ანტიქართულ, ანტიხალხურ ძალას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემს ქართველი ხალხი ხმას. დღევანდელი კონტურებიდან ჩანს, რომ ალბათ, საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ბევრად მეტ ხმას მოიპოვებს დღევანდელი ხელისუფლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.