არ გათეთრდების ყორანი...

არ გათეთრდების ყორანი...

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია - „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რა მიზნით დაიქირავა დავით კეზერაშვილმა ამერიკული ლობისტური კომპნია? - სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ 420 ათასი დოლარის უკან საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესების შელახვის განზრახვა დგას. ოპოზიციში კი ფიქრობენ, რომ მედიის სახელით გაფორმებული ხელშეკრულების რეალური მიზანი კეზერაშვილის შელახული იმიჯის აღდგენაა.

FARA-ში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის. ჯამში ტელევიზია მომსახურებაში 420 ათას დოლარს იხდის. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა ინფორმაციის გავრცელებას ითვალისწინებს ხელშეკრულება.

„ფორმულაში“ განმარტავენ, რომ მათ ამერიკული ლობისტური კომპანია, ოპოზიციური მედიების ინტერესების დასაცავად სჭირდებათ. თუმცა, ვისგან ან რისგან უნდა დაიცვან თავი უცნობია. For.ge-სთან ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კეზერაშვილი ამ ფულით საკუთარი იმიჯის გადარჩენას ცდილობს. მისი რეპუტაცია ტელეკომპანია „ბიბისის“ სიუჟეტის შემდეგ, სრულად შერყეულია, რადგან ის ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვაში ამხილეს. თუმცა ლობისტების დაქირავებით რომ საქმეს ვერ შველიან, ანალიტიკოსებისთვის ამის მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის საქმეა.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილის მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებას აფასებს და ამბობს, რომ კეზერაშვილის მიზანია, ქვეყნის ინტერესები რაც შეიძლება დააზიანოს.

„თუ არ ვცდები, საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატონი იაკობაშვილი იყო ჩართული ამ ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. თქვენ გახსოვთ, როგორც დაიქირავა სააკაშვილმა და მისმა დედამ ლობისტური კომპანია - გადაიხადეს ოფიციალურად მილიონი დოლარი, მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი. არ სიამოვნებთ, რომ მე გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმებზე და ამაზე ვლაპარაკობ ღიად. თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით და მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. აი, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ დავით კეზერაშვილმა ნახევარი მილიონი კი არა, მთელი მოპარული ფულიც რომ დახარჯოს, სახელს და რეპუტაციას მაინც ვერ აღიდგენს, რადგან კრიმინალია. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენულმა სასამართლომ კონკრეტულ დანაშაულებზე განაჩენი უკვე გამოუტანა. ამიტომ მისი მცდელობა, რომ სახელი ლობისტური კომპანიების დახმარებით გაითეთროს სასაცილოა.

„ახლა საინტერესო ის იქნება, ამ ფულის გადახდის მერე, როგორ გამოვლენ კრამონი, კიზინგერი და სხვა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ფიგურები და ამ კრიმინალს თავზე შარავანდედს როგორ დაადგამენ. არ გაგიკვირდეთ, რომ სადღაც მადაგასკარის „ტაიმში“ გამოქვეყნდეს მისი ქება-დიდება. თუმცა, რას უშველის ეს კეზერაშვილს, როცა მილიონნახევარი დახარჯა სააკაშვილის დედამ და ის ისევ ციხეში ზის და ქართველებისთვის ისევ ის დამნაშავე და ნაძირალაა, რაც იყო. სტრასბურგმა პირდაპირ უთხრა, რომ ჭამა დაიწყე და კარგად იქნები, არსად არა ხარ გადასაყვანი, ძალიან კარგად გივლიანო. ვუსმენდი „ფორმულას“ და მასთან დაახლოვებულ სუბიექტებს, რომლებიც საუბრობენ, რომ საქართველოს მედიის გარშემო პრობლემები არსებობს და ა.შ. არადა რეალურად, დღემდე ვერ დაამტკიცეს რა პრობლემებზე ლაპარაკობენ. ახლა თითქმის ყველა პარტიას ულიმიტო გამოხატვის თავისუფლება აქვს. თავიაანთი ტელევიზიები და სააგენტოები აქვთ. ესენი ამბობენ, რომ საქართველოში მედიებს პრობლემა აქვს და დევნიან“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილისთვის დავით კეზერაშვილი რატომ ხარჯავს ამ ფულს სახელის გათეთრებაში გასაგებია, მაგრამ ამ თემასთნა დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება, რომელიც ჩვენს პარტნიორ ამერიკელებს ეხება - რატომ არ ეხამუშებათ იმ ადამიანიდან ფულის აღება და ლობისტობა, რომელიც თავის ქვეყანაში ჯარის გაძარცვის გამო იძებნება, ევროპაში კი მოხუცი პენსიონერების ფულის მოპარვაშია ეჭვმიტანილი?

„ლობისტებს სულაც არ ადარდებთ, ვინ არის დავით კეზერაშვილი და რას წარმოადგენს. მთავარია ფული გადაუხადოთ და ამ ფულს დიდი სიამოვნებით ჩაიდებენ ჯიბეში. რა უნდა უშველონ კაცს, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ჯარი ჰყავს გაძარცვული და ევროპაში ამხელა დონის აფიორაში არის ეჭვმიტანილი?! როგორც მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას უყვეს, ამასაც ასე უზამენ. გამოართმევენ ფულს, რაღაცებს დაუგეგმავენ, მაგრამ ალასანიასავით წყალში გადაყრის. თუმცა, ასევე საინტერესოა ამ ფულის წარმომავლობა. რატომ არავინ ეკითხება ამ კაცს ეს ფული რა გზებით იშოვა? მივესალმები ნებისმიერი ადამიანის გამდიდრებას, თუ ამას ადამიანმა თავისი ნიჭით, განათლებით, შრომით მიაღწია.

თუმცა, როცა ამ ადამიანების მიმართ, გინდა ეს იყოს კეზერაშვილი და გინდა გიული ალასანია, კითხვა არ ისმება საიდან იშოვეს ეს ფული, ძალიან დიდი ტრაგედიაა. მეორე ტრაგედია კიდევ ჩვენი პარტნიორების დუმილია, რომლებმაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ არ იმჩნევენ. ეს არის მათთვის დამღუპველი გზა, რადგან ლობისტებმა ძალიან კარგად იციან, ფული ასეთ ხალხს როგორ გამოსტყუონ. ვერც კეზერაშვილი გათეთრდება და ვერც სააკაშვილი. ასევე ტელეკომპანია „ფორმულასაც“ არაფერი ეშველება. მედიას, როცა ლობისტის დაქირავება უწევს იმისთვის რომ ტელევიზიის რეიტინგი აწიოს, წარმოიდგინეთ მორალურად და პოლიტიკურად რა დონეზე არიან გაკოტრებულები“,-ამბობს ნიკოლეიშვილი.