ნაციონალები საქართველოში ჩეჩნების ესკორტის შემოსვლას აპროტესტებენ და მათ კადიროველებად მოიხსენიებენ, ავიწყდებათ რა, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებას ბრალდება, რომ თავის დროზე ინტერპოლით ძებნილი აჰმედ ჩატაევი საქართველოში შემოიტყუეს და ლაფანყურის ბურუსით მოცული მოვლენების დროს, როგორც „ოქროს მოწმეს“, ცეცხლი გაუხსნეს და მძიმედ დაჭრეს. ჩატაევი მაშინ სასწაულებრივად გადარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღეებში საქართველოში ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფებოდა. ბათუმი, თბილისი, ნატახტარი - ეს ის ადგილებია, სადაც დაბურულმინებიანი ესკორტი, ხუთი შავი ჯიპის შემადგენლობით შენიშნეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ესკორტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ და საპატრულო პოლიციამ მათ საგზაო წესების დარღვევისთვის სოლიდური ჯარიმა გამოუწერა.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე არ ემუქრება და გროზნოს ყოფილი მერისა და ჩეჩენი ბიზნესმენის ვიზიტზე კონსპირაციის აგება არასწორია.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, არასწორია, ეს ადამიანები მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ დივერსიული მიზნით.
„ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მონათვლა არასწორია“, - აღნიშნა ვოლსკიმ, რომლის თქმითაც, ეს ადამიანები ჩამოსულები იყვნენ რუსეთის ფედერაციიდან, კავკასიიდან, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2010 წლიდან აქვს.
რაც შეეხება ჩეჩენ ბიზნესმენს, ის ასლანბეკ ახმეტხანოვია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მწვავედ ამხილა 2020 წელს გადაღებული ვიდეოს გამო, სადაც ახმეტხანოვი ჩეჩნეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ საკარანტინო ზომებს დასცინის, კარანტინის დროს ალკოჰოლს იღებს და იარაღიდან ისვრის. ვიდეოში კადიროვი მიმართავს ბიზნესმენს, რომ თუ ასეთი მამაცია, რატომ ზის ქალებთან ერთად და საუბრობს? რატომ არცხვენს თავის ღირსებას?
„ჩვენ იმდენი იარაღი ჩამოგართვით, რომ გაუგებარია, საიდან გაქვს იარაღი. თუ არ მოყვები ამას (საიდან გაქვს იარაღი), ვფიცავ ყურანის ღმერთს, მთელი ჩეჩნეთის მიწას ენით აგალოკინებ“, - მიმართავს კადიროვი ბიზნესმენს. ამის შემდეგ ახმეტხანოვმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში კადიროვს და ცოტა ხნით გადაიკარგა ჩეჩნეთიდან, მოგვიანებით კი ისევ დაბრუნდა ჩეჩნეთში, რისი უფლებაც მას კადიროვმა მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენი ბიზნესმენი და გროზნოს ყოფილი მერი შემოვიდნენ საქართველოში ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩეჩნების შემოსვლაზე ატყდა ერთი ამბავი ისევე, როგორც ლავროვის ქალიშვილზე ატეხეს ჩვენმა ოპოზიციონერებმა ხმაური, თუ რატომ შემოუშვეს ეს ადამიანები საზღვარზე. თუმცა ოპოზიციას არ აინტერესებს, გვაქვს კი კანონი, რომელიც მათ შემოსვლას აკრძალავდა?! თუ კანონი არ გვაქვს, მაშინ ეს ადამიანები რის საფუძველზე უნდა შევაჩეროთ?
„თუკი ჩვენს საზოგადოებას მიაჩნია, რომ საჭიროა კანონის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს პუტინთან ადამიანების სიახლოვეს და მათი სიახლოვის მიხედვით, აკრძალავს მათ შემოსვლას საქართველოში, ანუ სანქციებს დაუწესებს კონკრეტულ ადამიანებს, როგორც ეს გააკეთა ამერიკამ, მაშინ ანალოგიური სანქციები საქართველომაც უნდა დაუწესოს რუსებს. ჩვენმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ, ვის დაუწესონ სანქციები და მერე იქნება სალაპარაკო, რა შეგვიძლია და რა არა. ახლა, ამ ფონზე, როცა შესაბამისი კანონი არ გვაქვს, გაუგებარია, რატომ ითხოვენ ამ ადამიანების არშემოშვებას საქართველოში. მით უმეტეს, მათ ოკუპაციის კანონი არ დაურღვევიათ ისევე, როგორც მექორწილეებს არ დაურღვევიათ ოკუპაციის კანონი. ყოველ გადასვლა-გადმოსვლაზე ამტყდარია კივილი, რატომ შემოუშვეს კონკრეტული პირები საქართველოშიო. მაშინ კივილი ატეხონ იმაზე, რომ მივიღოთ ცალკეული ადამიანების არშემოშვების კანონი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ამასთან, ანალიტიკოსი განმარტავს, რომ კანონს შეუძლია თქვას, რომ, ვთქვათ, რამაზ საყვარელიძე არ გადმოუშვან საზღვარზე, მაგრამ კანონში მითითებული უნდა იყოს დანაშაული, რომ ამა და ამ დანაშაულის გამო არ უნდა დაუშვან პიროვნება. სანქციებს რომ იღებენ, იქ ყოველთვის დამაჯერებლად არ არის მიზეზი ახსნილი, მაგრამ მაინც მითითებულია, რომ სანქციები განკუთვნილია მათთვის, ვინც რაღაც დააშავა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ცალკეული პირების არშემოშვების კანონი არსებობს, მაგრამ „ქართული ოცნება“ რამდენად იცავს კანონს, ეს სხვა საქმეა. სადაც ლავროვის შვილი შემოდის, სადაც პოზნერი და ამ კატეგორიის ხალხი შემოდის, რომელ დაცვაზეა საუბარი?! წესით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება, ვინმე შემოუშვას, ან არ შემოუშვას.
მათი არშემოშვება ჩეჩნების გადაკიდებას ხომ არ გამოიწვევდა, ამ შეკითხვის საპასუხოდ ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ მათი შემოშვება უფრო საშიშია.
„ასეთი კატეგორიის ადამიანების შემოსვლა უფრო დიდ საფრთხეს მოიცავს. თავის დროზე ჩატაევი შემოვიდა ჩუმად და რა საფრთხეც შეხვდა საქართველოს, ყველამ კარგად იცის. ღიად რომ შემოდიან, ეს უფრო საშიშია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მფარველობით სარგებლობენ, ისე ვერ ჩამოვიდოდნენ. ეროვნული ხელისუფლება ასეთი ხალხის შემოსვლა-გასვლას გააკონტროლებდა. ვინც საეჭვოა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემას უქმნის, ისინი არ უნდა შემოვიდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ უშვებს პუტინის ოპოზიციას, სამაგიეროდ, კადიროველებს, ლავროვის შვილს, პოზნერს, კრემლის მთავარ აგიტატორებს უშვებს. ვფიქრობ, ესენი კადიროველები არიან და არა კადიროვის ოპოზიცია, რადგან კადიროვის ოპოზიცია ჩეჩნეთში არ არსებობს, ჩეჩნეთში ერთპიროვნული მმართველობაა დაწესებული“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.