"მე ფსონს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობაზე დავდებდი, რომელსაც ივანიშვილი ენდობა"

"ეს ღია წერილი არის უაღრესად საყურადღებო დოკუმენტი და ის სათანადო ადგილს დაიკავებს ქართული პოლიტიკის მატიანეში, რადგან ასეთი არასტანდარტული ნაბიჯი არა მგონია, სადმე კიდევ გადადგმულიყო. ივანიშვილი კვლავაც თავისებური სტილით აგრძელებს მოქმედებას, აქამდე ეს სტილი ამართლებდა, დაველოდოთ ახლა რა იქნება. რასაკვირველია, მე კვლავაც ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს ნაბიჯი ცოტა ნაადრევია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ არც პარლამენტია არსებული რეალობის ადეკვატური, არც დარგობრივი სამინისტროები დგანან ფეხზე მყარად; არსებობს სერიოზული საკადრო პრობლემები", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ"ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მე ფსონს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობაზე დავდებდი"/ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი მავნებლური პოლიტიკის შეწყვეტას არ აპირებს" / "თუ რეალობა მოითხოვს, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება".

"თანაც იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები ივანიშვილის წასვლის შემდეგ, არც ჩვენს ახლო სამეზობლოში და არც შორეულში წარმოდგენა არა აქვთ. ისევ პარლამენტს რომ მივუბრუნდეთ, არსებობს საფრთხე იმისა, რომ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" რომელიმე სუბიექტის გამოსვლის შემთხვევაში უმრავლესობად მოგვევლინოს "ნაციონალური მოძრაობა". პრემიერი არ გამორიცხავს, რომ კოალიცია შეიძლება რომელიმე სუბიექტმა დატოვოს, რისგან თავის შეკავების მთავარი მიზეზი იქნება ალბათ ხალხის რისხვა, რაც შეიძლება დაატყდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ასეთ მეტამორფოზას შესაძლებელს გახდის. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ თვითონ დღევანდელმა პარტნიორებმა შეუქმნან ისეთი პირობები რომელიმე სუბიექტს, რომ ის იძულებული გახდეს, კოალიციიდან წავიდეს. დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, რადგან ჯერჯერობით ამის მოქმედ პირებსა და შემსრულებლებს ვერ ვხედავ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"თუ მთავრობას გადავხედავთ და წინა ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტს შევადარებთ, პროფესიონალური კუთხით აშკარად შეინიშნება უკეთესობა, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდ ცვლილებას ვერ ვხედავ დამოუკიდებლობის ხარისხის თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილთან ბოლო შეხვედრისას ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგა ეკონომიკის ექსპერტმა ივანიშვილს უთხრა: მთავრობის შემყურეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მინისტრების პასიურობა გამოწვეულია იმით, რომ ისინი დავალებას პრემიერისგან ელიან, თქვენ დავალებას არ აძლევთ და ინიციატივას მათგან ელით, ამასობაში კი საქმე არ კეთდებაო - ვერ გეტყვით, რომ ივანიშვილმა ეს იუარა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საკითხავია ერთიც, როგორ აპირებს ივანიშვილი იმ პარტიის მხარდაჭერას, რომელსაც თავის პირმშოდ მიიჩნევს, რატომ არ იქნება ეს ადამიანი პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური პარტიის განვითარების სადავეები ექნება ხელთ?! გამოდის, ამ შემთხვევაში "პოლიტიკიდან წასვლა" ცოტა ორჭოფული ტერმინია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ტაიმ-აუტიც იყოს, ამას არც მალავს და ამბობს, რომ თუ რეალობა მოითხოვს, ის დაბრუნდება, თუმცა ეს მისვლა-მოსვლა როგორ წაადგება ქვეყანას, ალბათ ვნახავთ. საინტერესოა, რომ ივანიშვილი წასვლისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს, ამბობს "მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენს არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება". უკაცრავად, მაგრამ ამაში მარტო მისი დარწმუნება საკმარისი არ იქნება, ეს რწმენა უპირველეს ყოვლისა ქვეყნის მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს", - მიიჩნევს ექსპერტი.

"რამდენად სწრაფად შეიძლება ეს დრო დადგეს, ამას თვითონ ვანგაც ვერ გაითვლიდა, რადგან ქვეყანაში არსებული ორხელისუფლებიანობის პირობებში მოვლენები არასტანდარტულად მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ეს ამ ვითარებას მყისიერად ვერ შეცვლის, რადგან `ნაციონალური მოძრაობა~ თავისი მავნებლური პოლიტიკის შეწყვეტას არ აპირებს... მას მერე, რაც ივანიშვილმა წასვლაზე დაიწყო ლაპარაკი, არაერთხელ მითქვამს, რომ ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს ეკონომიკური ზრდით, ვიდრე გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს წასვლაზე, დამარცხებული კი - დაბრუნებაზე. ინვესტორები ამგვარ არასტაბილურ გარემოს, ბუნებრივია, მოერიდებიან. ჩვენ კვლავაც ვრჩებით იმ რეალობაში, როდესაც ეკონომიკა კი არ არის ბაზისი და პოლიტიკა ზედნაშენი, არამედ ეს თავგზააბნეული პოლიტიკაა საფუძველი და შიშისგან გაშეშებული ეკონომიკა - ზედნაშენი", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "რაც შეეხება მომავალი პრემიერის კანდიდატურას, წერილის მიხედვით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის ივანიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს" - პასუხობს:

"მეც ასე ვფიქრობ. ივანიშვილის არჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი ზუსტად გამოვიცანი, ვფიქრობ, ამჯერადაც ამგვარი კრიტერიუმებით შეარჩევს კანდიდატურას. არ მინდა, მარგველაშვილის შემთხვევაში ჩემი ასპროცენტიანი პროგნოზი ახლა შეცდომის დაშვებით დავაკნინო, მაგრამ ტოტალიზატორები პრემიერის კანდიდატურაზე ფსონებს რომ იღებდნენ, მე გიორგი კვირიკაშვილზე დავდებდი, რომელსაც "ქართუ ჯგუფის" მუშაობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი და რომელსაც ივანიშვილი ენდობა".