„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის „დამარცხების გასაღები“ „ნაციოანლურ მოძრაობას“ აქვს. ამიტომ, ის ოპოზიციას მიანიშნებს, რომ არჩევნებამდე ყველა ოპოზიციური პარტია ნაციონალების გარშემო უნდა გაერთიანდეს. ხაბეიშვილის განცხადებით ჩნდება ვარაუდი, რომ ის აპირებს დაეხმაროს ყველა იმ პარტიას, რომელსაც დაბალი რეიტინგი აქვს. თუმცა რის სანაცვლოდ და რატომ უნდა დაეხმაროს ოპოზიცია ნაციონალებს კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებაში, ხაბეიშვილი ამაზე არ საუბრობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის როლს 2024 წლის არჩევნებში, „ნაცმოძრაობაში“ ამბობენ, რომ ჯერჯერობით სააკაშვილისგან ამაზე პასუხი არ იციან. თუმცა თავად მოხარულები იქნებიან, თუ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცახდებას გააკეთებს.
ხაბეიშვილის ამ შეთავაზებას ოპოზიციიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ენმ-ის თავმჯდომარეს „ლელოში“ მენტორული ტონი დაუწუნეს. პატარა პარტიების წარმოამდგენელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილს არა აქვს არანაირი უფლება, ოპოზიციას ამ ტონალობაში ელაპარაკოს. ერთადერთი პარტია, რომელიც ხაბეიშვილის ამ მოწოდებას იზიარებს, „სტრატეგია აღმაშენელია“.
კუპრაძე ამბობს, რომ ენმ-ს „უმძიმესი დანაშაულების“ გამო 11 წელია, ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“.
„ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, რომ ასეთი გონორით ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს თავი დაანებოს მარტივი მიზეზის გამო - „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის დროზე, უმძიმესი შეცდომები აქვს დაშვებული, ამიტომაც არის მეთერთმეტე წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ამის გააზრება პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ მართებს და თუ რამის გასაღები უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, აჯობებს მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები ეძებონ, მოიპოვონ და მიხედონ იმ საქმეს, რაც მათ ევალებათ“, - ამბობს „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
ლევან ხებეიშვილი სხვა პარტიებს ეთიკურად და პოლიტიკურად არასწორი მენტორულ ტონით ესაუბრება - ამის შესახებ კი ბაჩო დოლიძემ პარტიით თავმჯდომარის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიციას ხებეიშვილის რჩევა-დარიგებები სჭირდებოდეს. მით უფრო მაშინ, როცა ენმ-ს თავმჯდომარე „დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას“.
„პირველ რიგში უნდა შევეხო ეთიკურად და პოლიტიკურად ძალიან არასწორ მენტორულ ტონს, რომლითაც ესაუბრება სხვა პარტიებს, რომ თურმე სხვა პარტიებმა რჩევა-დარიგება უნდა ჰკითხონ ლევანს. არ მგონია ახლა ვინმეს ეს სჭირდებოდეს, თან განსაკუთრებით ლევანისგან, რომელიც დამოუკიდებლად თვითონ ვერ იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს. იმ მენტორული ტონიდან გამომდინარე, რასაც მე ვისმენდი, არ მგონია ბევრს გაუჩნდეს სურვილი თანამშრომლობის მაშინ, როდესაც, ჩვენ მენეჯმენტში ყოფნის დროს საქმით დავანახეთ, რომ ძალიან ბევრ არჩევნებში ერთად მივიღეთ მონაწილეობა“, - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით უფრო ძლიერი იყო, მაშინაც კი, ოპოზიციასთან გაერთიანებამ არანაირი შედეგი არ მოიტანა, პირიქით, პატარა პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველიც კი დაკარგეს.
„ამ წლების განმავლობაში ოპოზიციამ და თავად „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ ვერაფრით გაიგო და გაიაზრა, რომ როგორც კი არჩევნებში „ოცნება“ და ენმ ერთმანეთის პირისპირ მარტო რჩებიან, ყოველთვის მმართველი გუნდი იგებს. ამას დიდი კვლევები არ უნდა. ელექტორატი საქართველოში სამ ნაწილად არის გაყოფილი. ეს არის, „ოცნების“, ნაციოანლების და მესამე ნაწილი, რომელსაც არც ერთი არ უნდა. თუმცა, როგორც კი საკითხი ამ ორ პარტიას შორის არჩევანზე დგება, ეს მესამე ნაწილი იყოფა პროპორციით დაახლოებით 40/60-ზე, „ოცნების“ სასარგებლოდ.
ეს ყველაფერი ვნახეთ ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილი საქართველოში არ იყო ჩამოსული და ითვლებოდა, თუკი დაბრუნდებოდა, ამ ხელისუფლებას გადააგდებდა. ახლა შევხედოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ რას წარმოადგენს. ეს არის დაშლის პირას მყოფი პარტია, რომლის ლიდერიც ციხეში ზის და მისი რეიტინგი და პოლიტკური ფასი თითქმის განულებულია. პარტიას სათავეში უდგას ის ხალხი, ვის გამოც სააკაშვილის ხელისუფლებას უარი უთხრეს. კეზერაშვილი-მერაბიშვილი და ადეიშვილი, ესაა ხალხი, რომელთა შექმნილი სისტემა ხალხს ცხოვრებას უნგრევდა. კიდევ იქმნება რაღაცა ჯგუფები და შემოდგომაზე ნაციონალები ორად გაიყოფიან. ამიტომ ხაბეიშვილის საუბარი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ოცნების“ დამარცხების გასაღები აქვს ხელში, სრული აბსურდია“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ამას ლევან ხაბეიშვილს იმიტომ ალაპარაკებენ, რომ ეს თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება. მათ რეალურად დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა კი არ სურთ, არამედ ნიადაგი მომზადება იმისთვის, რომ ეს გაყოფა თუ მოხდება, ნაკლებად მტკივნეული იყოს და ელექტორატის დიდმა ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ არ დატოვოს. შემაკავაბელი ფაქტორი იქნება, დღეს თუ ოპოზიციის ნაწილი იტყვის, რომ ამ გაერთიანებაში მონაწილეობს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ „ოცნების“ დამარცხების გასაღები თუ ჰქონდა, აქამდე რატომ არ გამოიყენა?! ენმ-ის ახალ მენეჯმენტს, როგორც ჩანს, მაინც მელიას ფლანგის მიმამრთ აქვს გარკვეული შიში. ჩვენ ვნახეთ შიდა არჩევნების დროს როგორ გაიყო ხმები და მათ შორის თითქმის ერთნაირი მხარდაჭერა არსებობს პარტიაში. ხაბეიშვილი, გვახსოვს ამომრჩეველს სააკაშვილის ციხიდან დახსნას დაჰპირდა, მაგრამ ეს დაპირება არ შეუსრულებია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამის გამო მისი რეიტინგი დაეცა. ხოლო მელია, პირიქით, ამას სათავისოდ იყენებს. მე მას სულ მოვუწოდებდი, რომ შემოდგომამდე დაეცადა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მელიაც ასე ფიქრობს. ამიტომ ხაბეიშვილს და მის უკან მდგომ კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს ეშინიათ, რომ მელიამ ახალი პოლიტიკური ძალა არ შექმნას, რომელიც სწორედ ამ პატარა პარტიებს მიიზიდავს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ დასწრებასაც ცდილობენ“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება თავის გამხნევებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იმ ფორმაში და სიტუაციაში, რომ მასთან ვინმეს გაერთიანება სურდეს. მეორე მხრივ, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალებს „ოცნების“ დამარცხების გასაღები კი არა აქვთ ხელთ, არამედ პირიქით, მმართველ გუნდს აქვს ნაციონალების სახით მათი დამარცხების გასაღები. ეს კი წლების განმავლობაში ასე გრძელდება.
„არ ვიცი პატარა პარტიებს რატომ უნდა მოუნდეთ წინასაარჩევნოდ ისეთ პოლიტიკურ ძალასთნა გაერთიანება, რომელიც ფაქტობრივად დაშლის პირას იმყოფება. არ ვიცი ხაბეიშვილს ვინ აჯერებს, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები აქვთ ხელთ, რადგან ეს გასაღები წლებია სათანადოდ ვერ მოარგეს. ახლა კი მით უმეტეს, თავად გაჭირვებაში მყოფებს, რომლებიც ხავსს ეჭიდებიან, საეჭვოა ვინმეს გადარჩენის და ფონს გაყვანის თავი ჰქონდეთ. ეს უფრო იმას ჰგავს, რომ ეშინიათ ოპოზიციურ ფლანგზე სხვა უფრო ძლიერი ძალა არ შეიქმნას, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს მიიმხრობს. ყველამ კარგად იცის, რომ პირიქით არის და ხელისუფლებას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ სახით გასაღები, რომლის მეშვეობითაც არჩევნებში არ მარცხდება. ხალხს ეშინია ნაციონალების არა მხოლოდ წარსულის გამო, არამედ აწყმოს და მომავლის გამოც. ხედავეენ და უსმენენ ეს ადამიანები რასაც საუბრობენ, სად უნდათ ქვეყანა წაიყვანონ და გადაჩეხონ. ოპოზიციაც კი მავნე და საშიშია ქვეყნისთვის და ისევ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება რასაც ნიშნავს, ამას ხალხი ათვითცნობიერებს. იგივე რიტორიკით საუბრობენ და არაფრის შეცვლაც არ უნდათ. ამიტომ ხაბეიშვილის ოპტიმიზმი, თუ ოპოზიციას რაიმე ანალიზის ელემენტარული ნიშანწყალი გააჩნია, სასაცილო უნდა იყოს. პირიქით, ნაციონალებისგან დისტანცირება მაქსიმალურად საჭიროა, თუკი უნდათ, როგორც პოლიტიკური ძალა არ გაქრნენ. რაც შეეხება სააკაშვილს და იმის მცდელობას, რომ ის კვლავ პოლიტიკაში შემოაბრუნონ, ეს ისევ თავად სჭირდებათ. ენმ ცდილობს დაშლის რისკის წინ მდგარი პარტია სააკაშვილის მხარდაჭერით გაამყარონ. იგი ერთგვარი მაშველი რგოლია, რომელიც გადასარჩენად სჭირდებათ“, - ამბობს საყვარელიძე.