დაგვიანებული რეკომენდაცია

დაგვიანებული რეკომენდაცია

უწყებათაშორისო კომისიამ, შესაძლოა, პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართოს. საქმე ეხება პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის საფუძველზე იმ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტისადმი რეკომენდაცია, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციის საფუძველზე შემუშავდეს. 

„ჩვენ, შევიმუშავეთ არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის შეიძლება იყოს რეკომენდაცია პრეზიდენტისადმი. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ არის ჰუმანისტი და შეიწყალოს ყველა, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ნულოვანი ტოლერანტობა და უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩაყრა იყო ის, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ ამით მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდეს. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება და მოგვიანებით გადაწყდება, შემუშავდება თუ არა მის მიმართ რეკომენდაცია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ათიათასობით წევრს, რომელმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადა სასჯელი, მოეხსნას ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა და მიეცეს შანსი, რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად გააგრძელოს ცხოვრება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საზოგადოებისათვის ახალი პოზიტიური ბიძგის მიცემას და არ შეიცავს დანაშაულის მატებისა და კრიმინოგენური ვითარების გამწვავების რაიმე სერიოზულ რისკს. შესაბამისად, გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტი რეკომენდაციას, რომელიც, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციის საფუძველზე შემუშავდეს, უცნობია, ვინაიდან ქვეყნის პირველი პირს ახლა არ სცალია - ალპინიზმით არის დაკავებული.

სამართლის ექსპერტი კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, მარტივად დაერეგულირებინა ეს საკითხი ისე, რომ ქვეყნის პირველ პირს, მიხეილ სააკაშვილს პიარისთვის არ გამოეყენებინა. როგორც კახიშვილი ამბობს, ეს არის პიარსვლა მისი მხრიდან.

კახი კახიშვილი: ეს მან გააკეთა არა ბაქრაძისთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატზე, არამედ ეს გააკეთა საკუთარიი თავისთვის. სააკაშვილი გადასულია საკუთარი თავის გადარჩენაზე, მას დღეს არც ბაქრაძე აინტერესებს, არც მერაბიშვილი და არც მთელი მისი გუნდი. სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და ძალიან კარგად იცის, რომ 1000 შეწყალების აქტი რომ დაწეროს, ბაქრაძის გაპრეზიდენტება დღეს არის შეუძლებელი.

სააკაშვილის მთავარი მიზანია აპელირება გააკეთოს ახალი ხელისუფლების უსუსურობაზე და არაკვალიფიციურობაზე.

ამავდროულად, იმ ბერკეტების გამოყენებით, რაც მას რეალურად აქვს, ისეთი პოლიტიკა განახორციელოს, რომ ნელ-ნელა, ხალხს დაავიწყოს ის სიხისტე და ამით უთხრას, რომ თითქოს, ის საქმის კურსში არ იყო რაც ხდებოდა ქვეყანაში და რამენაირად, 2-3 წლის შემდეგ შეეძლოს პოლიტიკაში დაბრუნება. სააკაშვილი მეტ-ნაკლებად ცდილობს, რასაც 9 წლის განმავლობაში აშავებდა, რამენაირად ისე შეასწოროს, რომ 2-3 წლის შემდეგ შესაძლებლობა ჰქონდეს დაბრუნდეს პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ რა განცხადებასაც აკეთებს, 9 წლის განმავლობაში რაც არ გაუკეთებია, დღეს ყველაფერს ამ ხელისუფლებას აბრალებს. მეორე საკითხია, რომ ეს ხელისუფლებაც აძლევს ამის საშუალებას.

ამის ბერკეტები ჰქონდა ახალ პარლამენტს?

- ბუნებრივია. ძალიან ვწუხვარ, რომ 11 თვის განმავლობაში საპარლამეტო უმრავლესობას არ მოაფიქრდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ ციხიდან ამნისტიის ან შეწყალების შედეგად, ფაქტობრივად მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, რომ მიეხედათ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის. ვინაიდან მათ ჰქონდათ ნასამართლეობის სტატუსი, ეს ურთულებდა მათ სამსახურის დაწყებას. სააკაშვილმა, საკუთარი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, დრო იხელთა და ასეთი ჟესტით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, რომ გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომ მოეხსნათ ნასამართლეობა.

იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ ეს არაა ჰუმანური აქტი...

- თუ იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ ეს არ იყო ჰუმანური აქტი, მაშინ იუსტიციის მინისტრს შეეძლო თავის დროზე საკანონდებლო ინიციატივით შესულიყო პარლამენტში, რომ საპარლამენტო უმარვლესობას მიეღო ისეთი ნორმატიული აქტი, რომლის შესაბამისად, ამ ადამიანებს ექნებოდათ საშუალება საზოგადოებაში ღირსეულად დაემკვიდრებინათ თავი. კარგი იქნება თუ მთავრობა გაანალიზებს რა სჭირდება საზოგადოებას და დროულად გადაგამს ეფექტურ ნაბიჯებს, რათა საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად იგრძნოს მთავრობის მხარდაჭერა.

ამნისტიის შედეგად უამრავი ადამიანი გამოვიდა გარეთ. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები უმიზეზოდ იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ ამ ადამინებს გრაფაში მითითებული აქვთ, რომ არიან ნასამართლევი, რაც დიდი პრობლემას უქმის მათ დასაქმების კუთხით. საუბარია, ყოფილი პოლიტპატიმრებზე, ადამიანებზე, რომლებიც მანამდე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ და იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერდნენ მხარს, ციხეში აღმოჩნდნენ, ვერ იწყენებ მუშაობას, რადგან ნასამართლეობა არ აქვთ მოხსნილი. ამაზე რომ დროულად ეფიქრა საპარლამენტო უმრავლესობას, დღეს მიშა სააკაშვილი ამ ბერკეტს ვერ გამოიყენებდა.

როგორ ფიქრობთ, უწყებათაშორის კომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს პრეზიდენტი?

- ყველა შემთხვევაში ზარალდებიან ის ადამიანები, ვინც რიგში იდგნენ იმის გამო, რომ მოეხსნათ ეს ნასამართლეობა და ეპოვათ სამსახურები. ისინი ზარალდებიან, თორემ სააკაშვილმა თავისი პიარსვლა უკვე გააკეთა, მან გამოთქვა მზადყოფნა ასეთი აქტის გამოქვეყნების თაობაზე, რისი საშუალებაც მისცა უმარვლესობამ. უწყებათაშორისმა კომისიამ რომც გამოსცეს რეკომენდაცია, რომ ეს არ გააკეთოო, ამასაც გამოიყენებს სააკაშვილი თავის პიარზე და იტყვის, რომ მე ამდენ ადამიანს ვუხსნიდი ნასამართლეობას, მაგრამ რადგან მთხოვენ, არ გავაკეთებო და ხალხი ისევ გაბრაზდება ახალ მთავრობაზე. ასე რომ, რეკომენდაცია დაგვიანებულია.