5 მილიონი რუბლი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან - ხოშტარიამ „საამაყო რუბლები“ მიიღო

5 მილიონი რუბლი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან - ხოშტარიამ „საამაყო რუბლები“ მიიღო

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხოშტარიას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან თანხა ერიცხება, თუმცა საეჭვო ტრანზაქციას „დროას“ ლიდერი იმით ხსნიდა, რომ ოჯახს სოლიკო ვირსალაძის სახელობის პრემია ერიცხდება და თუკი ხოშტარიას განცხადებიდან გამოვალთ, ვირსაძალის ფული არის არა რუსული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფულია.

„საამაყო რუბლის“ მორიგ ტრანზაქციაზე ხოშტარია განმარტებას არ აკეთებს და აცხადებს, რომ ახლა საქართველოში არ იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია, რომელსაც განათლება რუსეთში და კერძოდ, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი - МГИМО -ში აქვს მიღებული, გამოირჩევა ანტირუსული გამოსვლებით და რეალურად არის პირველი წყარო რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების, თუ სხვა პირების პირადი ინფორმაციის გავრცელების კუთხით. სწორედ ხოშტარია იყო პირველი, რომლისგანაც შეიტყო სახელმწიფომ თბილისში გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ნათესავების ყვარელში დაგეგმილი ქორწილის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე კითხვით მიმართვს „დროას“ ლიდერს, ყველაფერი რუსული თუ მიუღებელია, მაშინ რატომ არის თავად ხოშტარია ასეთი დაფინანსების მიმღები? როგორც დეპუტატი აცხადებს, საზოგადოება იმსახურებს, რომ ხოშტარიამ პასუხები გასცეს კითხვას.

„არ ვიცი, რა შეფასება უნდა გავაკეთო, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო აქტიურად გააგრძელებენ ანტირუსული პროპაგანდის გეგმის განხორციელებას თუ შესრულებას. არ ვიცი, უცნაურად გამოიყურება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ალბათ, თითოეულ ადამიანს, ვის მიმართაც აგრესია განუხორციელებია ელენე ხოშტარიას, ყველას უჩნდება სამართლიანი კითხვა: თუკი ყველაფერი მიუღებელია რუსული, მაშინ რატომ არის თავად ხოშტარია ასეთი დაფინანსების მიმღები? ბუნებრივია, საზოგადოება ამ კითხვას სვამს და იმსახურებს, რომ ქალბატონმა ხოშტარიამ პასუხები გასცეს. ამის იქით სხვა შეფასების გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამეტის ვიცე-სპიკერისთვის გაუგებარია ასეთი რა სისტემა მუშობს რუსეთში, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად ელენე ხოშტარიას ოჯახის ვალი აქვს და ამ დროს რუსეთის ფედერაციას ებრძვის ასე გამწარებული?! მისი თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელენე ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული, რაზეც ოჯახის კომენტარია, რომ ეს არის მათი დიდი ბაბუის დამსახურება, რომელიც თეატრალური მხატვარი იყო და მისი ჰონორარებით ოჯახის მემკვიდრეს აუცილებლად თანხა ეკუთვნის.

„თითქოს რუსეთს ებრძვის ელენე ხოშტარია, თორემ ყველა ასპექტში გავაანალიზოთ სიტუაცია, რუსეთის ფედერაციას დღეს აწყობს გარკვეული ბარიერების შექმნა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ბარიერების მშენებლობაში ერთ-ერთი გამორჩეული არის ელენე ხოშტარია და ზუსტად იმ ჩარიცხვებს, იმ თანხების ოდენობას ემთხვევა, რამდენადაც აქტიურია ელენე თავის დესტრუქციულ საქმიანობაში, რამდენით მეტ საღებავს მიასხამს კედლებზე, იმდენი ემატება და ინტენსიური ხდება რუსეთის ბიუჯეტიდან დახმარება. ამიტომ არავინ იფიქროს, რომ ქვეყნები თავიანთი ინტერესის გარეშე აკეთებენ რამეს, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაცია. ჯერჯერობით ეს მექანიზმები სწორედ იმ საეჭვო სურათს ქმნის, რომელზეც შეგვიძლია, რომ ვილაპარაკოთ“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასთვის გადმორიცხულ თანხასთან დაკავშირებით განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია. ნაწილი თვლის, რომ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებ, რუსული ფულის აღება უხერხულია, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ახლა მთავარი პრობლემა ქვეყანაში გავლენიანი რუსების შემოშვება და მათთან ხელისუფლების ურთიერთობაა, ვიდრე ფერედარული ბიუჯეტიდან ჩარიცხული 5 მილიონი რუბლი. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ არ იცის, ვის რა ჩაერიცხა, მაგრამ იცის, რომ კადიროველები დარბიან საქართველოში.

„ლავროვებს ეპატიჟებიან და ესკორტებით დაატარებენ, მე ვიცი, რომ რუს მაღალჩინოსნებს მასპინძლობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ეს არის პრობლემა ამ ქვეყანაში“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“- ის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ხოშტარიას არგუმენტი, რითაც რუსული ფულის შემოდინებას ამართლებს, აბსურდულია. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის რადიკალურად არასწორია, როდესაც ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდება და შესაბამისად, მისი თქმით, ხოშტარიას საბაბი არის ძალიან ზღაპრული.

„მიკვირს, რატომ თვითონ ელენე არ ხსნის ამას საჯაროდ, თითქოს ამის ახსნა არ იყოს საჭირო. ძალიან სერიოზული პრობლემა მგონია ოპოზიციის მხარეს, მით უმეტეს, როცა იმ პოზიციაზე ხარ, რომელზეც ხარ. რუსეთს ებრძვი და რუსეთიდან იღებს ფულს, თან სახელმწიფოსგან. ეს რაღაცნაირად აბსურდული სიტუაციაა... რადიკალურად არასწორია, როდესაც ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდება, რაც არ უნდა საბაბი იყოს და მით უმეტეს ეს არის ძალიან ზღაპრული საბაბი, რომელიც ელენეს შემთხვევაში ვიცით რომ არსებობს“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრისთვის რომან გოცირიძისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც რუსეთიდან ხოშტარიას ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას ეხება. მისი თქმით, გაუგებარია რა ქნას „დროას“ ლიდერმა ამ შემთხვევაში.

„რა ქნას? წინაპარზე თქვას უარი? ის, რაც სამართლიანია, ეს არის მორალურიც. რომელი ჯობია? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს? ელენე ხოშტარიას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მისი ოჯახის რომელიმე წევრზე?“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ის, რაც გაუგებარია ოპოზიციისთვის, გასაგებია ანალიტიკოსებისთვის. გია აბაშიძის განცხადებით, ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში.

„რუსეთის სასარგებლო იდიოტმა ელენა გეორგიევნა ხოშტარიამ მორიგი „პადაჩკა“ მიიღო მოსკოველი დამკვეთებისგან და 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი, დაახლოებით 31 ათასი დოლარი ჩაერიცხა. ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში. საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის „30 ვერცხლს“ იღებს ოკუპანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჰყავს მიმდევრების რაღაც მარგინალური ჯგუფი, რომელიც მიბმულია მასთან ან ტოტალური უვიცობით ან ანგარებით“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, რა გეგმები და ინტერესები დგას რუსული დაფინანსების უკან, ამას დეტალურად არავინ არ გვეტყვის, მაგრამ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდესაც ლაპარაკი მიდის გლობალური ომის პარტიაზე და რუსული იმპერიალიზმის ინტერესებზე, ისინი ხშიად არიან სიტუაციური მოკავშირეები, ერთი ინტერესები აქვთ.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ხოშტარიას ქმედება და ფაქტია, რომ ის ამ წუთას წინააღმდეგობას უწევს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ქართულ სამართალს და ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ნება აქციოს არარად, მდგომარეობა შეცვალოს ჩვენთვის სავალალოდ და საბედისწეროდ. მტრულად იქცევა. მნიშვნელობა არ აქვს ამის უკან ვინ დგას - რუსეთი, თუ გლობალური ომის პარტია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ჩვენთვის მტრულია.

ამიტომ, უნდა იმუშაონ სპეციალურმა სამსახურებმა და გაარკვიონ რა კავშირები არსებობს გლობალური ომის პარტიასა და რუსეთს შორის, როგორ დგება ეს მოკავშირეობა და ა.შ. უნდა ვიმსჯელოთ შედეგების მიხედვით რა მოაქვს ამ ხოშტარიას აქტიურობას, გარდა არეულობისა, დესტაბილიზაციისა და განცდისა, რომ რაღაცა მძიმე მდგომარეობისკენ მივდივართ. აშკარად ჩანს, რომ ხოშტარიას მოქმედებები საქართველოში ემსახურება არა სიკეთეს, არამედ პირიქით, შუღლის გაღვივებას, არეულობის მოწყობას, დესტაბილიზაციას, ომის გაჩაღებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია, რომ არ თამაშობს ქართულ თამაშს ეს ისედაც გასაგებია. პოლიტოლოგი არ ფიქრობს, რომ ხოშტარია იმდენად უმეცარი იყოს, რომ ასე იქცეოდეს. მისი თქმით, MGIMO-ს რომ დაამთავრებ ეს ბევრს ნიშნავს, საკმაოდ კარგ განათლებას აძლევენ.

„ამიტომ, არც მაინტერესებს გადმოურიცხეს თუ არა. ჩემთვის მისი მოტივაციის და მოქმედების სტილი არის ნათელი და დასტურდება, რომ ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. ჩემთვის, როგორც პოლიტოლოგისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისთვის, ყველაფერი ცხადია. მე რომ არ ვიცოდე ამ ტრანზაქციის შესახებ, რომ მას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფული ერიცხება, მისი ქმედება ისედაც მეტყველებს მისი ქმედების მოტივაციაზე, მაგრამ ის, რომ ამ ფულს გარკვეული მიზნებისთვის იღებს, ეს ცხადია და გასაგებია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ცუგო- როგორი საინტერესო აგენტურული თამაში მიდის... რისთვის გაიმეტა მამამ ქალიშვილი ასე?!
1 წლის უკან