პედიატრიულ კლინიკებში, შესაძლოა, იძულებითი მმართველი დაინიშნოს

პედიატრიულ კლინიკებში, შესაძლოა, იძულებითი მმართველი დაინიშნოს

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კლინიკებში, შესაძლოა, იძულებითი მმართველი დაინიშნოს. დავით სერგეენკომ ეს განცხადება პედიატრიულ კლინიკებში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ გააკეთა. მედპერსონალი საავადმყოფოს ახალი მფლობელის, თურქი მეპატრონის მასობრივ შეურაცხყოფას აპროტესტებს - გუშინ მათ იაშვილის სახელობის საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართეს.

პედიატრი მარინა ფირცხალავა ერთ-ერთია იაშვილის საავადმყოფოს თანამშრომელთაგან, ვინც კლინიკის თურქი მეპატრონის შეურაცხმყოფელ ქცევებზე საუბრობს. ფირცხალავას თქმით, ტეკინ ატიკი საავადმყოფოში ხშირად მთვრალი მიდის და თანამშრომლებს შეურაცხყოფს, ორი დღის წინ კი, საავადმყოფოს კომპიუტერთან ერთად, მისი პირადი სათვალეც დაამტვრია.

„საავადმყოფოში, ძირითადად, ღამის საათებში მოდიოდა და, თითქმის, ყოველთვის - ნასვამი. სხვადასხვა განყოფილებებში, სხვადასხვა დონის აგრესიას ავლენდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მარინა ფირცხალავა.

ტეკინ ატეკის არაეთიკურ ქცევებზე პრეტენზიები აქვთ ციციშვილის სახელობის საავადმყოფოშიც. ექიმი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ ციციშვილის სახელობის საავადმყოფოს მედპერსონალი თურქ მეპატრონესთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

საავადმყოფოების ახალ მეპატრონეებთან კითხვები აქვს ჯანდაცვის სამინისტროსაც. მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, ინვესტორს ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია არც უცდია.

დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ საავადმყოფოებში არსებული პრობლემების გამო, სტრატეგიული ობიექტების შესახებ კანონის ამოქმედება გახდეს საჭირო. საუბარია საკანონმდებლო ნორმაზე, რომელიც საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენოს უფლებები კლინიკების სტანდარტულ რეჟიმში, სამუშაო გარემოს შესაქმნელად. მინისტრის განცხადებით, ხუთი პედიატრიული საავადმყოფო ჩუმად, ლუდხანის მსგავსად გაიყიდა.

„უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ წარმომადგენლებსა და მედპერსონალს შორის ვითრების დაურეგულირებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებში იძულებითი მმართველი დანიშნოს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე for.ge-სთან საუბარში აცახდებს, რომ საავადმყოფოების შემძენ ინვესტორს ჯანდაცვის სამინისტროსთან საქმიანი ურთიერთობა თუნდაც იმიტომ უნდა ჰქონდეს, რომ ეს უწყება ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს.

„სახელმწიფო, ყოველწლიურად, დაახლოებით, 50 მილიონ ლარს ხარჯავს პედიატრიული მომსახურებისთვის და ბავშვთა სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, სამინისტროსთან კომუნიკაცია იაშვილისა და ციციშვილის საავადმყოფოების მფლობელის ინტერესებში უნდა იყოს“,- ამბობს არჩილ მორჩილაძე.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე, ექპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი კი განმარტავს, რომ პრივატიზებული საავადმყოფოს შემდგომი გასხვისების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროს საქმის კურსში ჩაყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუ ასეთი მოთხოვნა პრივატიზაციის დოკუმენტში იყო ჩადებული.

საავადმყოფოების მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი თექინ ატიკი, თავის მხრივ, პროვოკაციის მცდელობაზე საუბრობს და საავადმყოფოების მედპერსონალის პროტესტს კონკრეტული პირების მიერ საავადმყოფოების წართმევის გეგმას უკავშირებს.

ტეკინ ატიკი თურქულ-გერმანულ კომპანია „ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის“ წარმომადგენელია. აღნიშნული კომპანია საქართველოში იაშვილისა და ციციშვილის სახელობის კლინიკების გარდა, კიდევ, სამ საავადმყოფოს - პედიატრიის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრს, ქალთა სამედიცინო ცენტრ „ახალ სიცოცხლესა“ და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრს ფლობს. ხუთი საავადმყოფოს შეძენაზე კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულება 12 აგვისტოს გააფორმა - საჯარო რეესტრის დოკუმენტის თანახმად, ინვესტორებს საავადმყოფოებში 16 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი 14 დღის ვადაში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლებოდა.

თურქმა ინვესტორებმა საავადმყოფოების მფლობელი კომპანია „ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპი“ ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილისა და მისი პარტნიორის - ზაზა კაპანაძისგან შეიძინეს.

გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების და უკნონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით ბრალი 25 აგვისტოს წაუყენა. გამოძიება მათ 4 მილიონზე მეტი თანხის უკანონო მითვისებას ედავება. ბრალდების მიხედვით, გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზაციის მიზნით შპს „არტესისგან“ დივიდენდის სახით გაიტანეს და კანონიერი სახის მისაცემად შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს „ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპში“. ეს სწორედ ის კომპანიია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თურქ ინვესტორებზე გაიყიდა.

25 აგვისტოს კომპანია „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის“ წარმომადგენლმა თექინ ატიკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ კომპანია „ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებლების, გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაცვლიშვილი და კაპანაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემდეგი პროცესი 16 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული.