რამაზ საყვარელიძე:

რამაზ საყვარელიძე: "ვერავინ უარყოფს, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს არის გაქცევა პოლიტიკიდან, მაგრამ..."

”მე არაფერს ვერჩი პირადად მიხეილ სააკაშვილს, ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს. ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, – აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა...მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს... 2011 წლის 4 ოქტომბერს პოლიტიკაში შემოსვლით პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე და გავწირე ჩემი ოჯახიც. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ ჩემს სამშობლოს ახლა შევაქცევ ზურგს, ასეთ საინტერესო დროს, როცა აღმშენებლობა იწყება, და არ გავაკეთებ მაქსიმუმს ჩემი ქვეყნისათვის?!” - ეს გახლავთ ამონარიდი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილიდან, რომელმაც ჩვენს საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ღია წერილის საინტერესო ნიუანსებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ:

- იდეაში, ამ კაცს ახალი არც არაფერი უთქვამს. არ გახსოვთ, თავიდანვე იძახდა - პოლიტიკიდან მალე წავალო? მაგრამ მოსახლეობამ ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, რადგან ის არ აურჩევიათ მხოლოდ ერთი, ან ორი წლით. სწორედ ამან გამოიწვია ეს ემოციები, თორემ ივანიშვილის პოზიცია ასეთივე იყო დასაწყისიდან დღემდე.

- ოპონენტებმა მის გადაწყვეტილებას ”გაქცევა” უწოდეს. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც გაქცევაა?

- ალბათ, ვერავინ უარყოფს, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს არის გაქცევა პოლიტიკიდან, მაგრამ ამ გაქცევას თავისი მოტივიც აქვს. ღია წერილის წაკითხვის შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღეს სახელისუფლო სტრუქტურებში მყოფი ადამიანები შეჩვეული არ არიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და ყველაფერზე, მათ თითოეულ იაღლიშზე, პასუხისმგებლობის აღება უწევს პირველ პირს. ივანიშვილმა, როგორც ბიზნესმენმა, მშვენივრად იცის, რომ თუ ყველაფერი მისი საკეთებელია, ესე იგი, თავად ივანიშვილია ცუდი მენეჯერი. სავარაუდოდ, ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილიც და ეს უდავოდ კეთლიშობილური მიზნით ნაკარნახევი ნაბიჯია.

- განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა გამონათქვამი - ”მესიანიზმის დასარული”. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ხალხს მართლაც აქვს მიდრეკილება მესიანიზმისაკენ. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის წასვლას მართლა მოჰყვება მესიანიზმის დასასრული საქართველოში?

- მიდრეკილება მესიანიზმისაკენ ყველა ხალხს აქვს, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გავიხსენოთ, გერმანიაში ასეთი ტენდენცია იყო ჰიტლერის მოსვლის წინ - იმიტომ, რომ გერმანელი ხალხი ფიქრობდა, რომ სხვა ერები მას უსამართლოდ მოექცნენ. ამიტომ, გასაგებია, რომ ეს ტენდენცია ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოშიც შეინიშნება - იქნებ, ვინმემ გვიშველოსო - ამბობს ხალხი და ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ ამის მკაცრი მსაჯული ვერ ვიქნებით, მაგრამ აქ ერთი რთული პრობლემა დგება: ივანიშვილის წასვლით მესიანიზმი გაქრება? მის ნაცვლად ვინმე სხვა მოვა და მერე უკვე იმ სხვის მიმართ გაჩნდება ისეთივე დამოკიდებულება. შესაბამისად, წასვლა არა მგონია გამოდგეს ამ ავადმყოფობის სამკურნალოდ. ამ ავადმყოფობას რომ მკურნალობა უნდა, უეჭველია, მაგრამ მსგავსი ”წამალი” გამოდგება თუ არა, ეს უკვე საკამათოა.

- ოპოზიციური პარტიებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიცია ”ქართული ოცნება” დაიშლება და პარლამენტში უმრავლესობად ”ნაციონალური მოძრაობა” მოგვევლინება.

- ეს ვერსია გიორგი თარგამაძემ გამოთქვა და ის საფუძვლიანად მიმაჩნია, რადგან ”ნაციონალური მოძრაობა” საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ძალაა, ამდენად, შეიძლება, ”ნაციონალურ მოძრაობას” მეორე სუნთქვაც გაეხსნას. გავიხსენოთ - ხალხმა ივანიშვილს მისცა ხმა და არა კოალიცია ”ქართულ ოცნებას”. ამიტომ, კოალიცია რომც არ დაიშალოს, ”ნაციონალური მოძრაობა” უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება, ვიდრე დღესაა. შესაძლოა, კოალიციაში ძებნა დაუწყონ ახალ ლიდერს, მაგრამ ის შარმი, რომელიც ივანიშვილს ჰქონდა ოქტომბრის არჩევნებში, მას ვერ ექნება. თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი მას იცნობდა როგორც ქველმოქმედს და დაუზარელ მეცენატს.

- ივანიშვილის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მას ზუსტი გათვლები ახასიათებს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკაში მას ძალიან გაუჭირდებოდა ამ შარმის შენარჩუნება, ხომ არ ცდილობს პრემიერი ამ ნაბიჯით საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას? ამასთანავე, ღია წერილით ივანიშვილმა შეამზადა საზოგადოება, რომ ის მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ არ ტოვებს საზოგადოებრივ ასპარეზს...

- გეთანხმებით, რომ მისი გადაწყვეტილება შესაძლოა ამითაც იყოს ნაკარნახევი. თანაც, პრემიერ-მინისტრობის გამო ივანიშვილი მისთვის ჩვეულ ქველმოქმედებას ვეღარ ეწეოდა და წასვლა ისევ გაუხსნის ხელს, რომ ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდეს. ამ ღია წერილით, ეტყობა მან გადაწყვიტა, ქართველი ხალხისათვის პირდაპირ ეთქვა - პოლიტიკიდან მივდივარ, მაგრამ საზოგადოებრივ ასპარეზზე ჩემს სიტყვას ყოველთვის ვიტყვიო...