„ქართული კლუბი“ მიესალმება, სრულად იზიარებს და უერთდება ბ-ნი ვატო შაქარიშვილის მიერ გაცხადებულ სასიხარულო ინიციატივას საქართველოში კონსერვატიული გაერთიანების: „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, როგორც ერთიანი, მძლავრი სამოქალაქო პლატფორმის, დაარსების თობაზე. საკუთარ მოვალეობად ვრაცხთ მივუერთდეთ ამგვარი გაერთიანების ინიციატივას და რაც შეგვიძლია, ყოველმხრივ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში კონსერვატიული სამოქალაქო მოძრაობის კონსოლიდაციას.
მიგვაჩნია, რომ ამ რთულ დროში, დიდი მსოფლიო არეულობისას, როდესაც აქამდე არსებულ საერთაშორისო წესრიგს ფეხს ქვეშ ეცლება ნიადაგი, უკრაინაში მძვინვარებს დაუნდობელი და სასტკი ომი, იზრდება საფრთხეები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად, ყოველი ერი-სახელმწიფოს მიმართ,
მტკიცედ გვჯერა, რომ ამ საფრთხეებთან და აქამდე არნახულ რისკებთან გამკლავება, სხვაგვარად, თუ არა ტრადიციული ღირებულებებისა და კონსერვატიული იდეების გარშემო მძლავრი კონსოლიდაციით, შეუძლებელია!
ასეთი კონსოლიდაცია მით უფრო საშურია საქართველოში, რომლის ისტორიამ არაერთგზის დაადასტურა: სიმართლის, სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის - რასაც ოდითგანვე ქართულად „სჯული“ ერქვა, მყარად დაცვის და მტკიცედ აღსრულების გარეშე, ოდენ საერთაშორისო კონვენციების თუ ცვალებადი კონიუნქტურის, თუნდაც „სტრატეგიული პარტნიორობის“ იმედად, ქვეყანა დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივას ვერ შეინარჩუნებს. ეს კარგად გამოჩნდა საერთაშორისო წესრიგის რღვევის დღევანდელ პირობებში. როგორც არასდროს, დღევანდელ პოსტ-მოდერნულ ან პოსტ-ჰუმანურ მსოფლიო ტურბულენტობასა და ახალი გენერაციის, ე.წ. დიფუზიურ ომებში, ერთმანეთში წარმოუდგენლად ირევა წესრიგისა და ქაოსის, სიმართლისა და სიცრუის, ინფორმაციისა და დეზინფორმაციის, კეთილგონიერებისა და უგუნურობის, კაცთმოყვარეობისა და კაცთმოძულეობის, რწმენისა და ნიჰილიზმის, სიყვარულისა და სიძულვილის, ქველმოქმედებისა და ბოროტმოქმედების, მტრობისა და მოყვრობის, სჯულისა და უსჯულოების და ა.შ. საბოლოო ჯამში კი - სიკეთისა და ბოროტების ფაქტები და აღქმები; ობიექტური რეალობის, სიმართლის აღქმა იცვლება სხვადასხვა, ურთიერთშეუთავსებელ „ინტერ-სუბიექტურობათა“ დიფუზიით, შევდივართ ეპოქაში, როცა ყოველდღიურობა იღებს ამ „ინტერ-სუბიექტურობათა“ არევ-დარევის და უარესიც, დაუნდობელი ომის ხასიათს. არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გლობალურად, საყოველთაოდ ყოფიერება იღებს ინტერ-სუბიექტურობათა დინამიური, „დიფუზიური ომის“ სახეს. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანურობისათვის ბრძოლას თავს ვერავინ დააღწევს. ამ არნახულ ვითარებაში, ისევე, როგორც ისტორიულად დიდი არეულობებისას, ადამიანური იდენტობის საყრდენი, ადამიანურობის შენარჩუნების ერთადერთი ფორმულა სწორედ ეს არის: „შეინახეთ სჯული და სჯული შეგინახავთ თქვენ!“
კონსერვატიული კონსოლიდაცია ჩვენი ადამიანურობის, რაც როგორც პიროვნული, ასევე ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობაა, დაცვას და შენახვას წარმოადგენს. ქართველის პიროვნული იდენტობის განმსაზღვრელია პოზიტიური თავისუფლება, ანუ ღვთისგან ბოძებული შესაძლებლობა, რათა „სათნო ექმნე ღმერთსა“; ხოლო პიროვნული იდეალი-ქრისტიანული სრულქმნილებაა; „ვეფხვისტყაოსნის“ გმირთა უკვდავი მხატვრული სახეები, როგორც ჩვენი ეროვნული ნიმუში ამგვარი სრულქმნილებისა, მემკვიდრეობად გადაეცემოდათ ქართველთა თაობებს; ამ სანიმუშო პიროვნული იდეალებისკენ სწრაფვას, როგორც მოვალეობას ერთი-მეორის წინაშე, განაპირობებდა ჩვენი ტრადიციული სოციალური ქსოვილიც: ოჯახი, თემი, სახელმწიფო! პიროვნულ იდენტობას გვარიშვილობა, სადაურობა - ე.ი. ამა თუ იმ თემის წევრობა და ქართველობა, ე.ი. ამ ერისა და ამ სახელმწიფოსადმი კუთვნილება, წარმოადგენდა. ამიტომაც ყოველი უფლება იმავდროულად ვალდებულებაც გახლდათ.
ყველამ ვიცით, ეროვნული იდენტობა ჩვენი ტერიტორიული, ენობრივი და სარწმუნოებრივი იგივეობრიობაა, ე.ი. საერთო ტერიტორია, ენა და სარწმუნოებაა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ, ასევე უნდა გავიხსენოთ: სახელმწიფოებრივი იდენტობა - ეს ჩვენი სჯულია: ე.ი. ერთი სიმართლე, ერთი სამართალი, ერთი იურისდიქცია, ერთი წესრიგი; ერთი სუვერენიტეტი; ანუ დღეს - ერთი კონსტიტუცია; გიორგი მერჩულის პერიფრაზით ასეც შეიძლება ითქვას: „ქართველთა სახელმწიფოდ „ფრიადი ქვეყანა“ აღირიცხების, სადაც ერთი მართალი სამართალი აღსრულდების“. საქართველოს სახელმწიფო იქაა, სადაც სჯულია, ე.ი. სიმართლისა და სამართლიანობის იდენტური აღქმაა და სადაც სამართლის იდეა არა მხოლოდ კაცთა შეთანხმებადა და მათ მშვიდობისთვის თანხმობად, არამედ, უწინარესად - ზეგარდმო მადლად, ესმით. ეს ორი, ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობა, როგორც ორგანული მთლიანობა, რითაც საქართველო უხსოვარი, ადრეული ნეოლითის დროიდანვე, ყველა ეპოქასა და სხვადასხვა ჟამიანობაში გამორჩეულია, ჩვენს ერ-სახელმწიფოს კაცობრიობის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მუდმივ თანამგზავრ სრულფასოვან, სრულუფლებიან სუბიექტად ხდის. ამიტომაა, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ისტორიული მემკვიდრეობაა, მეტიც - ღვთისგან ბოძებული წყალობაა და არა შემთხვევით გარემოებათა თუ საერთაშორისო კონიუნქტურის შედეგი; ქართველთა ერი-სხელმწიფოს წარმომავლობა ზეგარდმოა და მემკვიდრეობითი, ხოლო ჩვენი სუვერენიტეტი კი უპირობო, უდავო, წარუვალი და ხელშეუვალი უფლებებია!
სწორედ ამ, საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის, რაც საერთო ტერიტორიული, ენობრივი, სარწმუნეობრივი იგივეობის, ჩვენი სუვერენული უფლებების, ერთი იურისდიქციის, ერთი კონსტიტუციისა და საერთო მართალი სამართლის, პიროვნული პოზიტიური თავისუფლების - ეს კი არა მხოლოდ პიროვნულ უფლებებს, არამედ ვალდებულებესაც გულისხმობს - გარეშე წარმოუდგენელია, დაცვა-შენახვა და მომავლისათვის არა ფერფლად, არამედ უშრეტ ცეცხლად გადაცემა ჩვენი ურყევი კონსერვატიულ მრწამსისა, რაც ჟამთა ცვლას არა და არ ექვემდებარება!
იმედი გვაქვს და მოველით, რომ კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ გახდება მძლავრი სამოქალაქო პლატფორმა, რაც ყოველ კეთილი ნების ქართველს მისცემს ამ საერთო მრწამსის თავისუფლად გამოხატვისა და კეთილ საქმედ ქცევის შესაძლებლობას. სწორედ ამგვარი სამოქალაქო აქტიურება შეგვაძლებინებს გავუმკლავდეთ დღევანდელ მძიმე გამოწვევებს და შევცვალოთ ქვეყანაში დესტრუქციული დღის წესრიგი, რაც ყოველივე იმას, რისიც გვწამს, მართლაც ემუქრება.
„ქართული კლუბი“ გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც ნაწილი ამ კონსერვატიული სამოქალაქო პლატფორმისა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მონაწილეობდეს ყველა სასიკეთო ინიციატივაში, მათ განსჯასა თუ განხორციელებაში, რათა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ა.შ. დღის წესრიგი იქცეს სიქველედ, სიკეთისკენ სწრაფვად, სიყვარულით შენებად!
„რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“
მზად ვართ და მოვუწოდებთ ყველას: სიყვარულით ვაშენოთ და ამ შენებით წინ აღვუდგეთ ნგრევას, რითიც გარეშე თუ შინაური უსჯულონი გვემუქრებიან თავიანთი მტრობით, ღვარძლის, შუღლის, დაუნდობლობის, არეულობის თესვითა და ბოროტმოქმედებებით.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
ღმერთმა ხელი მოგვიმართოს!