ნათია ფანჯიკიძე: ამბივალენტური განცდები მაქვს ირაკლის მიმართ

ნათია ფანჯიკიძე: ამბივალენტური განცდები მაქვს ირაკლის მიმართ

ირაკლი ალასანიას მეორე ნახევარი, ნათია ფანჯიკიძე, ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ, ინტერვიუზე უარს ამბობს. მიზეზი კი მარტივია, მისი თითქმის ყველა ინტერვიუ საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.

განსაკუთრებული ვნებათაღელვა ჟურნალ ''რეიტინგში'' დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ნათია ამბობდა, ''ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ამოვისუნთქე. ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, როგორც დარტყმის, ასევე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ'' ...

მართალია, ნათია პრესას აღარ სწყალობს, თუმცა ამაში ჟურნალისტები არასოდეს დაუდანაშაულებია, სამაგიეროდ სოციალურ ქსელში ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე აქტიურობს.

ორი დღის წინ, ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების ''ფეისბუქის'' გვერდიდან ირაკლის როგორც თავდაცვის მინისტრის რანგში აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააზიარა და თან საინტერესო კომენტარიც დაურთო.

''ირაკლის გვერდზე ძირითადად იმისთვის შევდივარ, რომ გავიგო, სად დადის ეს კაცი?

ამასობაში კარგ რამეებს ვაწყდები ხოლმე. მარტო ამ ერთი ვიზიტის ფარგლებში რამდენი სასარგებლო, ქმედითი და არა თეორიული, არა შორეულ პერსპექტივაში, არამედ ახლა, დღეს რომ გვჭირდება ისეთი რამე გადაწყვიტა და ისე მიკვირს, რომ ქვეყნისთვის ამ დადებითი საქმეების პარალელურად ძლიერდება მის მიმართ ცუდი სტატიები, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ლანძღვა.

ციდან არ ჩამოვფრენილვარ, ადამიანური, ნაკლებად სიმპათიური თვისებებიც დღეს არ აღმომიჩენია, მაგრამ მაინც მიკვირს. ქვეყანა ხომ ერთი გვაქვს? თუკი ვინმე ელემენტარულ კარგ რამეს მაინც გააკეთებს, ეს ხომ ყველაფ კარგია? ჰოდა ყველასთვის კარგის მიმართ არასწორი რეაქცია ავტოაგრესიაა, საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში კარგის შეჩერების სურვილია.

"არ გინდა? ნუ გინდა" - მე ასეთი მარტივი ხასიათი მაქვს. ზედმეტად და მითუმეტეს არაადეკვატური ლანძღვის, არასწორი აქცენტების ფონზე სულ არ გავირჯები. ამას კიდევ არ ეზარება.

მოკლედ, ამბივალენტური განცდები მაქვს ირაკლის მიმართ, თან მიხარია, რომ სწორად და სასიკეთოდ აკეთებს რაღაცეებს, თან ვბრაზობ, რომ ემოციურად ძალიან გამირთულა ცხოვრება.