ოფიციალური თბილისი ამბობს, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება. ეს ყველაფერი კი, ხელისუფლებას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ როგორც ოქტომბერში, კომისიის დასკვნა იქნება პოზიტიური, ასევე დეკემბერში ევროპული საბჭო ერთხმად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროპის მაღალი დონის ლიდერები ხმამაღლა აფიქსირებენ მათ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რაც დადებით ფონს ქმნის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ნაწილში ბრიუსელმა ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელსაც სიმბოლური ხასიათი აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არგუმენტი მოისმინეს და გაიზიარეს.
„საქართველოს სურვილი და მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს. ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც მე ჩამოვიტანე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იყო შემდეგი: თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, რომ იხილონ მინიმუმამდე დაყვანილი, შემცირებული პოლარიზაცია, მე მათ ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას. ეს ხარისხი ავტომატურად დაიწევს. მათ ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ, გაიზიარეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, თუ რომელიმე მთავრობამ ევროინტეგრაციის ან ნატო-ს გზაზე, რამე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნება“.
„თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატო-ს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. პირადად მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის, უვიზო რეჟიმისთვის. ჩემს დროს დაიხურა ვალდებულება და ამის შემდეგ გაიხსნა უვიზო რეჟიმი. მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ოფიციალურ განაცხადზე, რომელიც ჩვენ შარშან შევიტანეთ და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა ამის საფუძველზე.
რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ არ შეგვიჩერებია ძალისხმევა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენი ჯარები იყვნენ ავღანეთში, მანამდე ერაყშიც, ჩემი პრემიერობის დროს გავაგზავნეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი ჯარი. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატო-სთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ მოისმინა განცხადებები და მზაობა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარი დაუჭირონ.
„ზოგადად, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მხრიდან პოლიტიკური ნება ყველა დონეზე დაფიქსირებულია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე ეს კომუნიკაცია, რაც შედგა და კარგი შესაძლებლობა იყო პრემიერ-მინისტრის ყოფნა მოლდოვაში, ამ ფორმატში, სადაც ლიდერებთან ჰქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჩვენ მოვისმინეთ ის განცხადებები, რაც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით და მზაობა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარი დაუჭირონ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს გაცილებით უკეთესი პროგრესი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. თუმცა, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, დეპუტატი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ევროკომისიამ უნდა მიიღოს. მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც თავად ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერს აკეთებს, პროცესს მაღალი პოლარიზაციის მისაღწევად იყენებს.
„ჩვენი ბევრი პარტნიორი და კოლეგა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს არსებით პროგრესს ხედავს. ბევრი პოზიტიური გამოხმაურებაა, თუმცა მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. საქართველოს ნამდვილად არაფერი ჰქონდა პრობლემური შარშან, როცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვცეს. საქართველო მთელი ათწლეულების მანძილზე იყო გამორჩეული ლიდერი ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თვალსაზრისით.
ფაქტობრივად, ოპოზიციას საკითხი იარაღად აქვს. რეალურად კი, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსიანი პოლიტიკა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ამ თემაზე არიან გამოკიდებულები. ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები ხდება და თავად რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერს აკეთებენ, ამ პროცესს მაღალი პოლარიზაციის მისაღწევად იყენებენ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორი იქნება ბრიუსელის საბოლოო ვერდიქტი, ამ ეტაპზე საუბარი უჭირთ პოლიტოლოგებს. როოგრც ირაკლი გოგავა აცხადებს, იმ კრიტერიუმებით, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებისადმი, საქართველო უდავო ლიდერია ყველა მიმართულებით ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. შესაბამისად, იგი თვლის, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს.
„კანდიდატის სტატუსის მიცემა-არმიცემა ევროკავშირმა გახადა პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ამდენად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში იყო ზეწოლა და საქართველოს პირველმა პირებმა გააკეთეს განცხადება, რომ არის ზეწოლა საქართველოს ომში ჩართვის შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაეთანხმა და ამიტომ, დასავლეთს უნდა ეს ხელისუფლება ჩამოაშოროს მართვის სადავეებს.
შესაბამისად, დასავლეთში არსებობს მორიგი ფერადი რევოლუციის გეგმა და თუ, გადაწყდება ფერადი რევოლუციის გზით წასვლა, ანუ სახელმწიფო გადატრიალების გზით წასვლა, მაშინ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, რომ ამ, ვითომ ევროპულ მომავალზე უარის თქმა გახდეს საბაბი ასეთი ტრაფარეტული დევიზებისთვის, როგორც უკარაინაში იყო მაიდანი, რომელიც, ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა თითქოს ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანი იყო. მაგრამ, საქართველოში ასეთი არჩევანი არ დგას, შესაბამისად, კანდიდატის სტატუსი განიხილება მხოლოდ როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს ანალიტიკოს გია აბაშიძეს, თუმცა, ასევე, იგი სკეპტიკურადაა განწყობილი ევროპული სტრუქტურების ცალკეული აქტორების გამონათქვამებიდან გამომდინარე.
„არაერთხელ ითქვა ჩემი კოლეგებისგან, ასევე პოლიტიკოსებისგან, რომ სიმბოლური კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭება არ ნიშნავს იმას, რომ თუ მოგვანიჭეს ევროკავშირში მიგვიღებენ მყისირეად და თუ არ მოგვანიჭეს დამთავრდება ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან. ეს არის მითები და ზღაპარი, რომელსაც ავრცელებს რადიკალური ოპოზიციური ფლანგი, რომ თითქოს ამ კანდიდატის სტატუსზე არის მომაგრებული დამატებითი ფინანსური სარგებელი და ა.შ. არა, ეს არის სიმბოლური სტატუსი“, - აცხადებს აბაშიძე.
რაც შეეხება არმონიჭების საკითხს, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, თუ ასე გადაწყვიტეს ბრიუსელში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დასჯიან არა იმიტომ გამო, რომ პარამეტრები და რეკომენდაციები არ შეასრულა, არამედ ეს იქნება პოლიტიკური კონიუნქტურა და დადასტურება იმისა, რომ მათ სურთ საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდოს პოლარიზაცია.
„არმონიჭების გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ისარგებლებს სააკაშვილის მე-5 კოლონა და ასე ვთქვათ, მოტყუებით თუ სხვადასხვა ხრიკებით შეეცდება მასობრივი პროტესტების ტალღა ააგოროს. თუმცა, ასეთი პროტესტები ჩვენ გვინახავს როგორც ერთჯერადი, ასევე რამდენიმე დღიანი და შემდეგ ყველაფერი დამშვიდდა. კანდიდატის სტატუსის არმონიჭება ნიშნავს, რომ ევროპაში სურთ, საქართველოში იყოს დესტრუქცია, იყოს შემდგომი პოლარიზაცია. როდესაც პარამეტრებით სტატუსს ვიმსახურებთ, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არ გვაძლევთ, ამას აღარ ჰქვია მეგობრობა. თუმცა, რომ არ მოგვანიჭონ, არაფერი ამით არ მთავრდება. საქართველო გააგრძელებს ევროინტეგრაციას უკვე სხვადასხვა ხელმოწერილი ხელშეკრულებებით და საგზაო რუკებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.