„დღევანდელი ლიბერალური ჰეგემონია ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ მორჩილებაში შეინარჩუნოს კავკასია“

„დღევანდელი ლიბერალური ჰეგემონია ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ მორჩილებაში შეინარჩუნოს კავკასია“

იმ ფონზე, როცა რუსეთისთვის სანქციების მე-11 პაკეტზე მსჯელობენ, ბრიუსელის კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ სანქციების პროექტში გაჩნდა ჩანაწერი - კავკასიის ქვეყნები, რაც მანამდე არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა. ცენტრალური აზიის ქვეყნებს აქამდეც ადანაშაულებდნენ რუსეთისთვის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების მიზნით, მაგრამ კავკასიის ქვეყნების დასანქცირება, თუკი ეს რეალურად განხორციელდა, პირველი შემთხვევა იქნება.

ცნობილია ისიც, რომ სანქციები მიმართული იქნება არა კონკრეტული პირების, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის კომპანიების წინააღმდეგ.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ლიბერალური ჰეგემონია ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ მორჩილებაში შეინარჩუნოს კავკასია, არა პარტნიორობაში, რასაც დეკლარირებულად იძახის, არამედ მორჩილებაში.

„კავკასიის მორჩილებაში მოსაყვანად დაშინებაც იქნება, დატერორებაც, შეიძლება სანქციებიც იყოს, ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ მთავარია, ჩვენ როგორ გავუძლებთ ამას და რა პრიორიტეტებს დავისახავთ მიზნად, ეს იქნება სუვერენიტეტის შებღალვის და დამოუკიდებლობის დათმობით ცხოვრება, თუ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება, რისთვისაც უამრავი სისხლი დავღვარეთ. ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ვნახოთ, როგორ პოლიტიკას გავატარებთ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე რა პოლიტიკასაც ვატარებდით, სწორი იყო თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება, ხალხი მშვიდობიანად ცხოვრობს და მეტი დოვლათი იქმნება. იმედი მაქვს, სამომავლოდაც ასეთივე სწორი პოლიტიკა გაგრძელდება“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge-სთან საუბრისას.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რაც დრო გადის, ჩვენი პარტნიორები უფრო და უფრო ამკაცრებენ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას. თავდაპირველად ეს სიმკაცრე და შეზღუდვები ვრცელდებოდა ევროკავშირში შემავალ ქვეყნებზე, რომ მათ რუსეთი სანქციების რეჟიმში ჰყოლოდათ, მაგრამ ახლა ეს წრე ცოტა გაფართოვდა და ჩვენი პარტნიორები უფრო შორეულ არეალშიც სხვა ქვეყნებისგანაც მოითხოვენ, რუსეთს დახმარება არ აღმოუჩინონ.

„ამიტომ გასაკვირი სულაც არ იქნება, რუსეთთან ლოიალური დამოუკიდებულების მქონე ქვეყნების მიმართ პოლიტიკა გაამკაცრონ. დღეს რამდენად შეიძლება კავკასიის რეგიონის მიმართ ასეთი სიმკაცრე ხელს აძლევდეს დასავლეთს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ არაფერი გამორიცხული არ არის, რადგან დღეს დასავლეთი რუსეთს სრულ იზოლაციაში აქცევს. შესაძლოა, ვინმეს არ სჯერა, მაგრამ, ფაქტობრივად, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მესამე მსოფლიო ომის პირობებში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.