უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე საქართველო და ბელარუსი ერთ კონტექსტში ახსენა, რამაც საქართველოს ხელისუფლების პროტესტი და კრიტიკული განცხადებები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილმა მოლდოვაში ყოფნის დროს, ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისგან თავი შეიკავა, თბილისში უკრაინის პრეზიდენტის განცხადება არ გაკვირვებიათ. უფრო მეტიც, მმართველ გუნდში ეს ერთგვარ შურისძიებად შეფასდა და თქვეს, რომ ზელენსკის მიზანია, რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს და შიდა ვითარება გამწვავდეს.
ზელენსკიმ განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“, - ამბობს ის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს და არ მისცემს გარკვეული სპეკულირების საფუძველს საქართველოს არაკეთილმოსურნე ადამიანებს.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას მშვიდობა და ომის მალე დასრულება უსურვა: „ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო. მინდა გავიმეორო, რომ მე ძალიან განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში, ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ დღე და ბავშვები, ქალები და მოხუცები ზარალდებიან ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. მინდა ომში მყოფ ქვეყანას მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება ვუსურვო.
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგანაც ეს ქვეყანა ომშია და მე არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს. დავამატებდი იმას, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან - ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს არ აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ და მიიღოს სტატუსი“.
პრემიერისგან განსხვავებით, თბილისში უფრო კრიტიკული განცხადებები გაკეთდა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე.
„ზელენსკი ასეთი შინაარსის განცხადებას პირველად არ აკეთებს.
თუ აქ განსხვავებას ვერ ახერხებ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს. არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო - უნამუსოდ უსამართლო!“ - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ზელენსკის განცხადებებს შემდეგნაირად გამოეხმაურა.
„განცხადება არის გამიზნულად გაკეთებული, ერთგვარი შურისძიება, რისი მიზანია, რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს და გამწვავდეს შიდა ვითარება, რომ საქართველო ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ზელენსკის ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში იქნებოდა აქტიური, ხოლო როცა ვერ დაინახა, „დემარშები განახორციელა“.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მას საქართველოს შესახებ ანალოგიური განაცხადებები ადრეც გაუკეთებია. საყვარელიძე ამბობს, რომ უკრაინის ანტიქართულ განწყობებს უფორ შორეული წარსული აქვს, როდესაც ჯერ კიდევ პოროშენკოს ხელისუფლებამ „ნაცმოძრაობის“ ძებნილი ჯგუფი შეიფარა.
„ვოლოდიმერ ზელენსკის მხრიდან ასეთი განწყობა საქართველოს მისამართით ომამდეც იყო. გვახსოვს, ალბათ, ჯერ პოროშენკოს და შემდეგ მის მიერ, ფრთებქვეშ შეფარებული საქართველოს მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსნები. უფორ მეტიც, ზოგიერთ მათგანს მაღალი თანამდებობაც კი ეკავა და ზელენსკის პოლიტიკურ დღის წესრიგსაც კი უგეგმავდა. დღესაც ეს პირები ზელენსკის ხელისუფლებაში არიან. შესაბამისად, მთელი უკრაინა „ოცნების“ ხელისუფლებას უტევს. გამოდის, რომ უკრაინა საქართველოს შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაშია ჩართული.
ამ თემამ კი ომის პირობებში უფრო ახალი დატვრთვა შეიძინა და დამატებით ნიუანსები ჰპოვა. ამ ყველაფერს ამატებენ იმას, რომ თითქოს საქართველო ხელს რუსეთს უწყობს და რამეში ეხმარება. მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე კი შეებრძოლა რუსეთს, მაგრამ მერე მალევე პოზიციები დათმო და უკან დაიხია. სააკაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში უკრაინის მხარე რუსეთის ინტერესებს ვერ ხედავს. არადა ობიექტების დიდი ნაწილი სააკაშვილმა ომის შემდეგ დაუთმო რუსეთს. სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა და რუსებს საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდა. უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში ეს რიტორიკა უკვე დიდი ხანია დანერგილია, ამიტომ ვფიქრობ, ზელენსკის ახალი არაფერი უთქვამს. უბრალოდ, ცუდია, როცა ამას ამხელა ტრიბუნიდან აკეთებს და საქართველოს ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას ცდილობს“, - ამბობს საყვარელიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი მისთვის წელიწადზე მეტია ჩამოყალიბდა არა უკრაინის პრეზიდენტად, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ კიევის ფილიალის თავმჯდომარედ. ამიტომ ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ის საქართველოსთან დაკავშირებით ნებისმიერ განცხადებას აკეთებს, ის მისთვის ხაბეიშვილი, მელია, გოცირიძე და კორპორაციული „ნაციოანლური მოძრაობაა“.
„სამწუხაროდ, ზელენსკი თავის ქართველ „თანაპარტიელებთან“ ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს. ამიტომ მესმის პრემიერის პოზიცია, რომლისთვისაც ბატონი ზელენსკი ჩვენთვის კარგად ნაცნობ მხარეს წარმოადგენს. ეს მხარე კი არ არის უკრაინა და ეს არის გლობალური ომის პარტიის, ლოკალური ფილიალის წარმომადგენელი. საქართველოსთან მიმართებაში მათ ერთი ინტერესი აქვთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ. მათი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება მოხდეს. ზელენსკი ხვდება, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ ის გააკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოს სტატუსი არ მიანიჭონ. სხვა საკითხია, რამდენად ფასეულია ეს მისწრაფება თავად ევროკავშირისთვის. ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს და ეს ყველაფერი შემოდგომას აღარ გადასცდება. დავინახავთ, შევა თუ არა ჩიხში ევროკავშირი, თუკი საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი უარი იქნება“,-ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ზელენსკის კონკრეტულად აძლევენ შესასრულებელ დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. ის კი ამ დავალებებს ასრულებს. ის მითითებებს გლობალური ომის პარტიისგან იღებს, თუნდაც სოროსის იმპერიის სტაფიდან. ზელენსკის საქართველოსთან მიმართებაში, როგორც რიგით აგენტს ისე იყენებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ შეუიარაღებელი თვალით ყველა კარგად ხედავს, რომ ზელენსკის განცხადებები, უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
ეგეც ჩქარა ხუხაშვილი გახდება