„ფადი ასლი რატომ იჩემებს ქართველებზე უფრო მეტ „პატრიოტობას“ და რის მოკვარახჭინებას ცდილობს, ეს არის გასარკვევი“

„ფადი ასლი რატომ იჩემებს ქართველებზე უფრო მეტ „პატრიოტობას“ და რის მოკვარახჭინებას ცდილობს, ეს არის გასარკვევი“

საქართველოში მიაჩნიათ, რომ ფადი ასლი თავისით არაფერს აპროტესტებს და, თუკი ანტისახელისუფლებო განცხადებებს აკეთებს, ამის ხელწერა სხვაგან უნდა ვეძიოთ.

რატომ იჩემებს ქართველებზე უფრო მეტ „პატრიოტობას“ ფადი ასლი მაშინ, როცა ნაციონალების დროს დუმდა? რა გაუკეთებია მას საქართველოსთვის ისეთი, რომ ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ამ ხელისუფლებას აყენებს შეურაცხყოფას ისე, რომ ნაციონალების დროინდელ ბიზნესის დატერორებას დღევანდელი მშვიდობიანობის დროსაც ვერ ახსენებს?

ბიზნესმენი ბიზნესმენის წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. 11 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლისგან უკვე მესამე ღია წერილი მიიღო. ამას გარდა, ფადი ასლი ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რეპლიკა მაინც არ წამოისროლოს ივანიშვილის და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის, „ღმერთო, გთხოვ, შეცვალე საქართველო, როგორც შორენა ბეგაშვილი შეცვალე“. „ივანიშვილმა თუ რუსეთში 5 მილიარდი გააკეთა, ჩემი მებაღე გრიშა 20 მილიარდს იშოვიდა მის ადგილას“...

ამჯერად არაბი ბიზნესმენი ვერცხლის ლანგარზე საუბრობს, რომლითაც ივანიშვილმა საქართველო მიჰგვარა რუსეთს და საქართველოს კურსი შეუცვალა. ამასთან, ფადი ასლი საქართველოს ისტორიის უბადლო ცოდნასაც ავლენს და ფარნავაზ პირველზე, დავით აღმაშენებელზე (რომელმაც არაბი დამპყრობლები თბილისიდან განდევნა), თამარ მეფეზე, გიორგი მეხუთეზე საუბრობს, რომლებმაც ქართველი ხალხი გააერთიანეს, განსხვავებით, ბიძინასგან, რომელმაც, ფადი ასლის მტკიცებით, საზოგადოება დაყო და პოლარიზება მოახდინა.

„თუ მართლა დაიჯერეთ რუსული დაპირებები, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გულუბრყვილო პოლიტიკოსი, მაგრამ თუ თქვენ ყველანაირი დაპირებების გარეშე ქვეყანას რუსეთისკენ შეუცვალეთ კურსი, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყავით, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კრიმინალური პოლიტიკოსი“, - აცხადებს ფადი ასლი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ფადი ასლის სასიკეთო რა გაუკეთებია საქართველოსთვის და, კონკრეტულად, ბიზნესის რომელი სფეროთია დაკავებული, მაგრამ ფადი ასლის აქტიობა, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ მას ის მექანიზმები შეუზღუდეს, რითაც სარგებლობდა ნაცების პერიოდში.

„ვერ ვიტყვი, რომ ფადი ასლი ქართველი პატრიოტია და პატრიოტიზმი ალაპარაკებს. შესაძლოა, ის ამ სიტუაციაში დამოუკიდებელი არც არის, უბრალოდ, ცდილობს, იყოს აქტუალური და მის შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ ილაპარაკოს იმ იმედით, რომ მომავალი ხელისუფლება მას დაუფასებს და გარკვეულ პრობლემებს მოუგვარებს. როგორც ჩანს, ფადი ასლის პრობლემები შეექმნა „ქართული ოცნების“ პირობებში. სიმართლე გითხრათ, იმ ხალხის გულწრფელობის ნამდვილად არ მჯერა და არ მწამს, ვისაც გასული ცხრა წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია უსამართლობაზე და დღეს ლაპარაკობს. ქართულ საზოგადოებაში თუკი ლაპარაკის მორალურ უფლებაზეა საუბარი, ეს იმ ხალხს აქვს მორალური უფლება, ვინც ცხრა წლის განმავლობაში იმ ხელისუფლების ოპოზიციაში იყო. აქ ვლაპარაკობ მორალურ უფლებაზე, თორემ პოლიტიკურად ვის როგორ აწყობს და საკუთარი ბიზნესისთვის ან საკუთარი საქმის მოკვარახჭინებისთვის რას აკეთებს, ეს სხვა თემაა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ერევა თუ არა ფადი ასლი საქართველოს შიდა საქმეებში, ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ არაბი ბიზნესმენი ორმაგი მოქალაქეობის მქონეა და საქართველოს მოქალაქეობაც გააჩნია, ალბათ, ამიტომაც ისმის მის წინააღმდეგ ასეთი მოწოდებები, ფადი ასლი გააძევონ საქართველოდან და ჩამოართვან საქართველოს მოქალაქეობა, რადგან იგი ეთნიკურად ქართველი არაა, მაგრამ ფადი ასლის ახალი არაფერი უთქვამს. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სამწუხაროდ, იგივე შეფასებები კეთდება ოპოზიციურ წრეებში. უბრალოდ, ფაქტია, რომ ფადი ასლი ნაცების დროინდელ უკანონობაზე ხმას არ იღებდა, თავის მხრივ, ნაცები დღეს ყელყელაობენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არისო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაციონალების წარსული გამართლებულია. ცხადია, არ შეიძლება, მათ წარსულს ვინმე ამართლებდეს.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძეც ადასტურებს, რომ ფადი ასლის მხრიდან ქველმოქმედების შესახებ არაფერი გაუგია. რაც შეეხება ფადი ასლის წერილს რუსეთისთვის საქართველოს ლანგრით ჩაბარების თაობაზე, პეტრე მამრაძის თქმით, ეს აიხსნება იმით, რომ ფადი ასლი ახლოს უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ლიდერებთან და, შესაბამისად, მას სრულიად არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ვინაიდან კგბ-ს ეფრეიტორმა სააკაშვილმა ბიძამისთან, თემურ ალასანიასთან ერთად შეასრულა ყველაფერი, რასაც ავალებდა რუსეთის კგბ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ლანგარზე მიართვა რუსეთს.

„ეს ამერიკელი სენატორების გამოთქმაა, რომლებიც საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდნენ და გვითხრეს, ამიერიდან როგორ დაგეხმაროთ, როცა სააკაშვილმა ლანგარზე მიართვა რუსეთს ტერიტორიები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსებს ბაზების შემოყვანის საშუალება მისცაო. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან სააკაშვილმა ამოშალა მეექვსე პუნქტი, რომელიც საქართველოს იცავდა იმისგან, რომ რუსეთი არ ცნობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და რუსეთს ამაზე უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი. გარდა ამისა, თუ რამე ღირებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის -  ჰესები, ოქროს, სპილენძის საბადოები, მანგანუმი და სხვა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი ჩალის ფასად ექსკლუზიურად ჩააბარა რუსეთს თბილწყალკანალის ჩათვლით, ოღონდ თავიანთი შავი ფული გაეთეთრებინათ“, -აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე მოსაზრებით, დიდი ალბათობით, ფადი ასლი ნაცების ლიდერებთან ძალიან ახლო ურთიერთობის და მეგობრობის გამო პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, მის ბიზნესს სააკაშვილის დროს არაფერი ემუქრებოდა. თუმცა ფადის რა უნდა მოვთხოვოთ, როცა დასავლეთში არიან პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტშიც, რომელთაც დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილი თურმე პუტინს ებრძოდა და დღეს პუტინის პირადი პატიმარია.

„ამას ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები, ფადი მაინც ბიზნესმენია და შესაძლოა, ასეთ ტექსტებს ვიღაც უწერს კიდეც“, - გვითხრა პეტრე მამრაძემ.

ცუგო- გააძევეთ ეს ნაძირალა - ფადი "კაპიროვკა" საქართველოდან!
1 წლის უკან
მიშა ეს კვერცხი იმასაც ამბობდა - მადლობა ქართველებს, რომ ია ფარულავა შემინახეთო.
იას ,,შენახულობა" არ გაიშვას. :))
1 წლის უკან