[რიკ როზოფი, Opednews.com]
რუსულ საინფორმაციო მედიაში ამ ბოლო დროს დეტალურად აღწერენ აშშ-ს გეგმებს, რომელთა მიზანი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ათობით მილიონი ღირებულების ანტი-საზენიტო და ანტი-სატანკო შეიარაღებით უზრუნველყოფაა.
რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტასი“ და „რუსეთის ხმა“ შეიარაღების პაკეტის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებზე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ადასტურებენ.
ოფიციალური პირი მეორე წყაროდან შეირაღების გაყიდვის ვარაუდს შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: „ჩვენ ღრმად ვწუხვართ იმის გამო, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ დეკლარირებულმა გადატვირთვამ რუსულ-ამერიკული ურთიერთობებისა არაფერი შეცვალა ვაშინგტონის სამხედრო მხარდაჭერაში საქართველოს მთავრობისადმი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში ომი დაიწყო და რომელიც აგრძელებს აგრესიული გეგმების შედგენას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ“.
2008 წლის ქართულ-ოსურ-რუსულ ომს წინ უძღოდა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქისთვის, ცხინვალისთვის 1 აგვისტოს ქართული არტილერიის მიერ გახსნილი ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის იყო აქ დისლოცირებული რუსი მშვიდობისმყოფელიც.
ეს შეტევა მოხდა სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც 1000-მა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, მედესანტემ და სხვა სახის შენაერთების მოსამსახურემ დაასრულეს საქართველოში ორკვირიანი წვრთნა (Immediate Response 2008), რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში ჩატარდა. ექვსი დღის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა სამხრეთ ოსეთზე, რომელიც დროში პეკინის ოლიმპიური თამაშების ცერემონიის გახსნას დაემთხვა.
ამერიკული ჯარი და აღჭურვილობა საომარ ზონაში რჩებოდა იმ ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროსაც, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა და რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ქართველთა შეტევისას რუსი მშვიდობისმყოფელებისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე ირეაგირა (მათ უმეტესობას რუსული პასპორტები ჰქონდათ).
აშშ-ს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა მაშინ, როდესაც ჯერ კიდეც ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა, შინ დააბრუნა 2000 ქართველი სამხედრო, რომლებიც ერაყში იმყოფებოდნენ. ქართული ჯარი, იმ მომენტისთვის აშშ-სა და ბრიტანეთის ჯარის შემდეგ, მესამე ყველაზე დიდი კონტინგენტი იყო ერაყში.
ომის დასრულებიდან ხუთი დღის შემდეგ, ჯო ბაიდენი, იმ დროს სენატორი და სენატის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარე, ხოლო დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოში სასწრაფოდ გაემგზავრა, რათა მხარი დაეჭირა სააკაშვილისთვის და „საგანგებო დახმარების“ სახით აშშ-ს კლიენტი ქვეყნისთვის 1 მილიარდი დოლარი შეეთავაზებინა. შტატებში დაბრუნების შემდეგ, ბაიდენმა, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა თავდაჭერილობით მაღალფარდოვან რიტორიკასთან მიმართებაში განაცხადა:
„ მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუბებულმა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ევროპაში კომუნიზმის დასრულების შემდეგ მოხდა… იმ ფაქტს, რომ რუსული ჯარი ქვეყანაში რჩება, ძალიან დამღუპველი ზემოქმედება აქვს მთელს რეგიონზე … რუსეთის ქმედებებს საქართველოში თავისი შედეგები უნდა მოჰყვეს “.
მოგვიანებით, იმავე თვეში აშშ-მ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, უშუალოდ აფხაზეთის სამხრეთით და არც თუ ძალიან შორს რუსეთის სასაზღვრო ზოლიდან, სარაკეტო ნაღმტყორცნი „მაკფოლი“ (ნაწილი იმ საბრძოლო სისტემისა, რომელიც ინტერცეპტორების გაშვებისთვისაა შექმნილი), „მაუნთ უითნი“ (აშშ-ს მეექვსე ფლოტის ფლაგმანი) და სანაპირო დაცვის კატარღა გააგზავნა. თუ ვაშინგტონის ინფორმაციას ვენდობით, ეს მძიმედ შეიარაღებული საბრძოლო გემები ჰუმანიტარულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. რუსმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ საქართველოში იარაღის შეტანაში დაადანაშაულა.
ამერიკული გემები, რომლებსაც არც მეტი, არც ნაკლები ნატოს კიდევ 15 გემი ახლდა და რეგიონში დისლოცირებული მათი რუსი ანალოგები ერთმანეთისგან მხოლოდ 90 მილით იყვნენ დაშორებულნი.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ნიუ-იორკის კოლუმბიის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული, მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში 7 წლის წინ იმ არაკონსტიტუციური, 2003-2004 წლების პუტჩების მეშვეობით მოვიდა, რომლებსაც ის და მისი თაყვანისმცემლები დასავლეთში „ვარდების რევოლუციად“ მოიხსენიებენ.
ის რჩება ამერიკული პოლიტიკის ყველაზე სახალგანთქმულ კლიენტად მსოფლიოში, კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან და ე.წ. პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისთან ერთად. ამ უკანაკნელს ამას წინათ ევროპის საბჭოს ანგარიშში ბრალი დასდეს საზარელი კრიმინალური ბანდის ლიდერობაში. ეს ბანდა ვაჭრობდა ნარკოტიკებით, იარაღითდა და ადამიანის ორგანოებით, რომელიც ამ მიზნით მოკლული სულ ცოტა 500 სერბისა და სხვა მოქალაქეთაგან მოიპოვეს. იმპერია შეიძლება შეფასდეს იმ სატრაპებით, რომლებსაც აიარაღებეს და ათამამებს.
სააკაშვილის პიროსის მცდელობების შემდეგ, რომელთა მიზანი სამხრეთ ოსეთში შეჭრითა და მოგვიანებით აფხაზეთზე თავდასხმის მეშვეობით, იმ ორი ბოლო წინააღმდეგობის მოსპობა იყო, რომელიც მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას წინ ეღობებოდა (ეს ბოლო ორი წინააღმდეგობა გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტები და ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის დისლოცირება იყო, რადგან იმ დროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცირერიცხოვანი რუსული ჯარი იყო განლაგებული), ნატო და აშშ სასწრაფოდ გამოეშურნენ სამხრეთ კავკასიაში თავისი ფორპოსტის მხარდასაჭერად.
სექტემბრის შუა რიცხვებში ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და მისი ჩრდილო ატლანტიკური საბჭო (იმ მომენტისთვის 26-ვე წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი, ელჩები) საქართველოში ჩამოვიდნენ და მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მეგზურობით საჰაერო და სახმელეთო ჯარების ბაზების ინსპექტირება ჩაატარეს.
ამ მოგზაურობისას აშშ-ს მიერ კონტროლირებადმა ბლოკმა ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ნატო-საქართველო კომისიის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა ყოველწლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ნატოში შემდგომი ინტეგრაციისათვის, რაც წარმოადგენდა განსაკუთრებულ ზომას, რადგან კვეცდა ალიანსში გაწევრიანებისთვის კანდიდატებისთვის დადგენილ სტანდარტულ ეტაპებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე სპეციალური განცხადებით ირეაგირა, სადაც განაცხადა:
”იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის მარცხიანი მცდელობისგან, რომლის მიზანიც (სამხრეთ ოსეთთან) მრავალწლიანი კონფლიქტის ძალადობრივი გადაწყვეტა იყო, სერიოზული დასკვნები გამოექტანა, ნატო ისევ ადასტურებს თავის მხარდაჭერას მისი (სააკაშვილი) დეზინფორმაციული კამპანიისადმი და მას ქვეყნის სამხედრო ინფრასტრქუტურის აღდგენას ჰპირდება”.
ვაშინგტონმა იგივე გააკეთა, როდესაც დეკემბერში, იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხების დარგში, მეთიუ ბრაიზამ განცახადა ჩარჩო ხელშეკრულების, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მზადების შესახებ, რომელსაც ოფიციალური სახე სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს მისცეს.
2008 წლის ოქტომბერში ვაშინგტონმა სამხედრო წვრთნებისთვის საქართველოში მიავლინა გამანადგურებელი USS Mason და იმავე თვეში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრების თანმდევი შეხვედრების ფარგლებში აშშ-ს თავდაცვის მდივანს რობერთ გეითსს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გამოცხადებულ იქნა, რომ ”აშშ-ს სამხედრო დახმარების მიზანი საქართველოს საჰაერო თავდეაცვის განმტკიცება იქნება”
მაშინვე პენტაგონმა საქართველოში გააგზავნა შემფასებელთა გუნდი, რომელსაც უნდა განესაზღვრა, რა როლი შეიძლება შეასრულოს აშშ-მ, რუსეთთან გასული აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, ქვეყნისა და სამხედრო აღმშენებლობის პროცესში. შეფასების შემდეგ პენატაგონის ოფიციალური პირები განიხილავენ იმას, თუ როგორ შესძლებს შეერთებული შტატები საქართველოს რეკონსტრუქციის, მათ შორის შეიარაღებული ძალების აღდგენის მხარდაჭერას”.
ერთი თვით ადრე, სულ რამდენიმე კვირაში ომის დასრულებიდან, თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის დარგში ერიკ ედელმანმა სენატის შეირაღებული ძალების კომიტეტს განუცხადა: ”საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავდაცვისა და განახლებული აგრესიის შეკავების უნარი და ამიტომ არ უნდა დაისვას არც ერთი კითხვა იმის შესახებ უნდა გაუწიოს თუ არა საქართველოს სამხედრო დახმარება შეერთებული შტატებმა, ან ნატომ ან ნატოს ნებისმიერმა წევრმა ქვეყანამ”.
პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა ბაიდენის მოწოდებას საქართველოსთვის 1 მილიარდი დოლარის არა-სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ, რაც, როგორც იმ დროს აღინიშნა ” ბევრად მეტია იმ 63 მილიონ დოლარზე, რომელიც ვაშინგტონმა საქართველოს გასულ წელს გადასცა. თუ ერაყს არ ჩავთვლით, ეს დახმარება საქართველოს, ისრაელისა და ეგვიპტის, შემდეგ ამერიკული საგარეო დახმარების ყველაზე დიდ რეციპიენტად ხდის” საქართველოს მოსახლეობა 4.6 მილიონია, ხოლო ეგვიპტისა – 80 მილიონი.
მაგრამ აქამდე, აშშ ფრთხილობდა საქართველოს სამხედრო არსენალის განახლებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში იმის აღიარებისას, რომ ის ამას აკეთებს. თუ ბოლოდროინდელი ცნობები დადასტურდა საქართველო მიიღებს დიდი რაოდენობით მაღალტექნოლოგიურ იარაღს აშშ-დან.
სამი კვირის წინ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აცხადებდა: ”საქართველო არაგულწრფელია, როდესაც მშვიდობაზე ლაპარაკობს, განაგრძობს შეიარაღებას და უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ პაქტის ხელმოწერაზე, რასაც შეეძლო თავიდან აეცილებინა ახალი ომი სამხრეთ კავკასიაში”
რუსი სამხედრო ექსპერტის ვიქტორ ბარანეცის თქმით, ”საქართველო ყიდულობს ანტი-საზენიტო და ანტი-სატანკო იარაღს, რადგან 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ ეს რამ ქართული არმიის სუსტი წერტილია” .
მოკლედ, აშშ თბილისს ზუსტად იმ შეიარაღებას მიაწვდის, რომელიც თბილისს სამხრეთ ოსეთზე ახალი თავდასხმისათვის და რუსეთთან ახალი ომისთვის სჭირდება.
12 იანვარს სააკაშვილი ის პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც შეხვდა წარმომადგენელთა პალატის ახალ სპიკერს, ჯონ ბონერს. უკანასკნელმა შეხვედრის შემდეგ გამოსცა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
”ამერიკელი ხალხი განაგრძობს იმათ მხარდაჭერას, ვინც იბრძვის დემოკრატიისთავის დესპოტიზმის წინააღმდეგ, ღირსებისთვის დეგრადაციის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის მორჩილების წინააღმდეგ”. მის განცხადებაში ასევე გამოხატული იყო მადლიერება იმის გამო, რომ საქართველო პენტაგონს ერაყის ომისთვის 2,000, ხოლო ავღანეთის ომისათვის ჯერჯერობით 1,000 სამხედროს უგზავნის.
7 წლის ცვალებადი, მეგალომანიური, ავანტიურული, დიქტატორული და მიმაკვდინებელი მართვის შემდეგაც , სააკაშვილი ისევ რჩება ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტის განსაკუთრებულ, განებივრებულ ფავორიტად.
ნატოს სამიტზე, გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტი ობამა არაოფიციალურად შეხვდა მას, ერთი დღით ადრე, ვიდრე პრეზიდენტ მედვედევთან მონაწილეობით ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა.
გასულ ივლისს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს სააკაშვილის სტუმრის სტატუსში ეწვია, სასტიკად გააკრიტიკა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”ოკუპაციის” გამო და მათ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა. მისი თქმით: ”ჩვენ, შეერთებული შტატები თავზარდაცემული ვართ და აბსოლუტურად არ ვიღებთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრას და მის ოკუპაციას. მე იმ დროს სენატში ვიყავი და მე ჩემს კოლეგებთან და იმჟამინდელ ადმინისტრაციასთან ერთად ეს შეხედულება ძალიან ღიად გამოვხატეთ. ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგ კვლავინდებურად გამოვდივართ“.
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლოზ გილაურთან ერთად ჰილარი კლინტონმა ოქტომბერში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის მეორე შეხვედრის წინ გამართა, მან განაცხადა:
”ურთიერთობები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საზიარო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს ეფუძნება… შეერთებული შტატები უყოყმანოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მხარდაჭერაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის უმთავრესი პრინციპი და ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს შეადგენს. ჩვენ კვლავინდებურად მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გამოიყვანოს თავისი ჯარი და დაემორჩილოს 2008 წლის საზავო შეთანხმების სხვა მოთხოვნებსაც”
მისმა კომენტარებმა შედეგად ის მოიტანამ, რომ აფხაზეთის მთავრობამ მას გამოწვევა გაუგზავნა და ავღანეთსა და ერაყს ემერიკის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა.
მოგვიანებით, იმავე თვეში ნატოს დელეგაციამ ნატოს დღეების ფარგლებში ინსპექტირება ჩაუტარა კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ცენტრს, რომელიც აშშ-მ ააშენა (აქ აშშ-ს საზღვაო ქვეითები წვრთნიდნენ ქართველ სამხედროებს და სწორედ აქ დაიღუპა სამი ქართველი ჯარისკაცი, ხოლო ცამეტი დაიჭრა აფეთქებაში მიმდინარე თვეს).
გარდა ამისა, ოქტომბერში იტალიელი ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა (Giampaolo Di Paola), ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, კრწანისის საწვრთნელ ნაციონალურ ცენტრს ეწვია, რათა დასწრებოდა იმ ქართული ბატალიონის წვრთნებს, რომლებიც ავღანეთში ნატოს სარდლობით იმსახურებენ. ის ასევე ეწვია ახლად დაფუძნებულ ნატოს ოფისს საქართველოს დედაქალაქში.
ნოემბერში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპის საქმეებში, ფილიპ გორდონმა BBC-ის უთხრა: ”ჩვენ ვცნობთ საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელები ვართ რუსეთთან, ჩვენ არ ვეთანხმებით მას საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს დასრულდეს რუსული ოკუპაცია და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”.
ამავე დროს პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე აშშ-ს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებთან განმარტოვდა. ”მოლაპარაკებები ჩატარდა აშშ-სა და საქართველოს თავდაცვითი სექტორების თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში”
იმ დროს როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაშინგტონში იმყოფებოდა, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალან პლიევი გვაფრთხილებდა:
”ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს განზრახვით გაზარდოს თავისი სამხედრო სიმძლავრეები. ახლა საქართველო ისრაელის ტანკების, Merkava 4-ის შესყიდვას გეგმავს, რაც აშკარად არ გულისხმობს თავდაცვით ქმედებებს.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააქტიურება, სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ქართული უპილოტო თვითმფრინავების გახშირებული ფრენები, ისევე როგორც, მანიაკალური წინააღმდეგობა ძალის არ-გამოყენების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო, საქართველოს ხელისუფალთა მიერ ახალი სისხლიანი ავანტიურის მზადებასთან დაკავშირებით სავსებით დასაბუთებულ ვარაუდებს აჩენს.“
პლიევი იმასაც აცხადებს, რომ აშშ-სა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების დახმარების გამოისობით საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობანი ახლა იმაზე მეტია, ვიდრე 2008 წლის ომის დასაწყისისთვის.
16 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა პოლონეთში შეიკრიბა და მიიღო რეზოლუცია, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენია. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც შემდეგია ნათქვამი:
„აფხაზური მხარე მოვლენათა ამ მიკერძოებულ ინტერპრეტაციას განიხილავს ნატოს პრო-ქართული პოზიციის კიდევ ერთ მანიფესტაციად. ნატო, ორგანიზაციაა, რომელსაც წლების მანძილზე წვლილი შეჰქონდა საქართველოს ინტენსიურ მილიტარიზაციაში, აქეზებდა რევანშისტულ განწყობებს საქართველოს ხელისუფლებაში, რამაც შედეგად 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი სისხლისღვრა გამოიღო“.
შეხვედრაზე ნატოს ლისაბონის სამიტზე, ობამამ „მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას მიხეილ სააკაშვილს მისი ქვეყნის მონაწილეობისთვის ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევაში ავღანეთში და კიდევ ერთხელ დაადსატურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“ .
სააკაშვილმა მას ავღანეთის ომისთვის უფრო მეტი ჯარი შესთავაზა, პირობა დადო, რომ მისი ქვეყნის კონტინგენტი იქ დარჩება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ნატო. მან, დაადასტურა, რომ ობამა მხარს უჭერს მისი ქვეყნის ნატოში სრულ გაწევრიანებას („პრეზიდენტმა ობამამ მხარი დაუჭირა საქართველოს კურსს, რომელიც მას ნატოში გაწევრიანებისკენ მიიყვანს“) და განაცხადა, რომ ნატოს სამიტის დეკლარაციამ საქართველოს გზა გაუხსნა სამხედრო ბლოკში გაწევრიანებისკენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საყოველთაოდ დადგენილი მოთხოვნების გარეშე.
ლისაბონის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ ნატო „განაგრძობს და განავითარებს პარტნიორობას უკრაინასთან და საქართველოსთან ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების ფარგლებში, რაც ეფუძნება ნატოს 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებას და მხედველობაში იღებს ორივე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციასა და მისწრაფებებს“.
1 დეკემბერს, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო) სამიტზე, ყაზახეთში, რომლის მსვლელობისასაც ის პრივატულად შეხვდა სააკაშვილს, ჰილარი კლინტონი მხარს უჭერდა „საქართველოში ეუთოს მნიშვნელოვან წარმომადგენლობას“. 1998 წელს და მანამდე, სანამ შემდგომი წლის მარტში ნატო იუგოსლავიის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა, მისი ქმრის ადმინისტრაცია ეუთოს კოსოვოს მისიას, რომელსაც სათავეში ცნობილი უილიამ უოლკერი ედგა, იმისთვის იყნებდა, რომ იუგოსლავიის 78 დღიანი დაბომბვებისა და სერბეთისთვის კოსოვოს წართმევისათვის წინაპირობა მოემზადებინა.
გასული თვის დასაწყისში ნატო-საქართველოს კომისია ბრიუსელში შეიკრიბა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, რომელიც შეხვედრაზე თავის ქვეყანას წარმოადგენდა, განაცხადა:
„სამიტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას რეფორმების ჩატარებაში, აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და რუსეთს აფხაზეთისა და სამხრე ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს“.
ამის შემდეგ „საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის საკითხები განხილულ იქნა ალიანსის შტაბბინაში, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიასა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი შეხვედრას თავის ახალ სტატუსში ესწრებოდა“
შენიშვნა: „2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციების ტექნიკების შესასწავლად სერბეთში ვიზიტის შემდეგ, ბოკერიამ ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობის „ოტპორის“ სერბი აქტივისტების ჩაყვანას საქართველოში, რათა სტუდენტები იმავე ტექნიკების გამოყენებაში გაეწვრთნათ. შედეგად ჩამოყალიბდა ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“, რომელმაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ წამყვანი როლი შეასრულა.“
3 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის სიტყვები, სადაც ის ადასტურებდა, რომ „შეერთებული შტატები ისევ მტკიცედ ერთგულებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ძლიერი სამხედრო ურთიერთობები გვაქვს, ვთანამშრომლობთ თავდაცვის დარგში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავდაცვისა და და საქართველოს სხვა სამინისტროებთან, რათა განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა“
სამი დღის შემდეგ ბასი კრწანისის საწვრთნელ ცენტრს ეწვია და „ასევე მოინახულა მოდელირების ცენტრი და ადგილზე დაესწრო წვრთნებს“.
ამერიკის ელჩი, როგორც წესი, ესწრება აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის მიერ ავღანეთისთვის გაწვრთნილი ქართული სამხედროების გაცილებისა და დახვედრის ცერემონიებს.
რეალურად პენტაგონმა საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა 2002 წელს დააფუძნა. თავდაპირველად ამ პროგრამას „მწვანე ბერეტები“, შემდეგ საზღვაო ქვეითები ხელმძღვანელობდნენ და ბოლოს, სამი წლის შემდეგ შეიქმნა Georgia Sustainment and Stability Operations Program.
აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის ხელმძღვანელის რანგში გენერალი ჯეიმს ქონვეი 2009 წლის აგვისტოში საქართველოს ეწვია, რათა მასპინძელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალი წვრთნების ინაუგურაცია ჩაეტარებინა. მაშინ Associated Press-ი იუწყებოდა , რომ როდესაც ჰკითხეს გამოდგება თუ არა ეს წვრთნები „რუსეთთან კიდევ ერთი ომის შემთხვევაში“, მან უპასუხა „ზოგადად, კი“.
გასულ სექტემებრს სააკაშვილმა ქუთაისში, ახალ სამხედრო ბაზაზე ახალი საწვრთნელი ბაზის კურსდამთავრებულ კადეტებს სიტყვით მიმართა და განაცხადა:
„ვინმემ შეიძლება თქვას: „ჩვენ ასე ბევრი პრობლემა გვაქვს, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ახლა არ არის სადღაც საბრძოლველად წასვლის დრო. მაგრამ ზუსტად ამ პრობლემის გამო, ჩვენ საბრძოლო გამოცდილება გვჭირდება… და ეს (ავაღანეთი)ბრძოლისა და ომის უნიკალური სკოლაა“
9 დეკემბერს Associated Press-მა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, გიორგი ბარამიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მან :ვაშინგტონში, მიმდინარე კვირას ობამას ადმინისტრაციასთან (ნატოში სრული გაწევრიანების) საკითხი წამოაყენა“. მან შემდგომ განაცხადა: „ საქართველო უკვე ისე მოქმედებს, თითქოს ის ნატოს წევრია“.
იმავე დღეს სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ლინდსი გრეჰემმა, საქართველოს საკითხებში ატლანტიკური საბჭოს თანათავმჯდომარეებმა, შექმნეს და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინეს კანონპროექტი სათაურით „რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს სენატის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და იმ სიტუაციისადმი, რომელიც შეიქმნა საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებთან დაკავშირებით“. დოკუმენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებად მოიხსენიებდა“.
მეორე დღეს შაჰინმა და გრეჰემის კოლეგა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ილაპარაკეს კონფერენციაზე, რომლის სახელდებაც იყო „ტრანსატლანტიკური კონსენსუსი რუსეთთან დაკავშირებით“. კონფერენცია გაიმართა პოლ ნიცეს სახელობის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსეტიტეში. აქ მან საქართველოსთვის იარღის მიყიდვის განახლება და გაზრდა მოითხოვა და განაცხადა:
„ორი წლის განმავლობაში, ძირითადად რუსეთისადმი პატივისცემის ნიშნად, თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვა საქართველოსთვის დაშვებული არ იყო. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. სულ მინიმუმ, ჩვენ საქართველო უნდა მოვამარაგოთ წინასწარი შეტყობინების რადარებით სხვა საბაზისო სიმძლავრეებით, რათა განვამტკიცოთ მისი თავდაცვისუნარიანობა.
„ჩვენი მოკავშირები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს პრეცედენტად განიხილავენ, რომელიც აჩვენებს, დაიცავს მათ შეერთებული შტატები თუ არა. რუსეთი საქართველოს ასევე პრეცედენტად მიიჩნევს – რამდენად შეუძლია მას დაუსხლტეს პასუხისმგებლობას საქართველოსთან დაკავშირებით. და თუ აქ ის ამას მოახერხებს, მოახერხებს ნებისმიერ სხვა ადგილასაც. საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა“
მოგვიანებით, რობერტ პშელმა, მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ოფისის ახალმა დირექტორმა, წარსულში ნატოს სპიკერის მოადგილემ, დაადასტურა, რომ „ნატო გაარძელებს აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკას“ და რომ „ნატო-საქართველოს კომისია განაგრძობს მუშაობას“.
დეკემბრის შუა რიცხვებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, საქართველოს ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაგეგმად ერთმანეთს ვაშინგტონშიშეხვდნენ. გიორგი ბარამიძემ შემდგომში განაცხადა, რომ „შეხვედრა ვერშბოუსთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აქტიურადაა ჩართული ნატოს გაფართოების საკითხებში, და პირადად უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში“ .
ბარამიძე, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა და 2004 წელს თავდაცვის მინისტრი იყო, ასევე შეხვდა აშშ-ს სენატის წევრებს, ზემოთ ნახსენებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამერიკული ჯარი რუსეთთან 2008 წლის ომის მსვლობისას საქართველოში იმყოფებოდა და მოგვიანებით, იმავე თვეში ამერიკული საბრძოლო გემები ქვეყნის პორტში იყვნენ დისლოცირებულნი, ხოლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იქვე, სამიზნე დისტანციაზე იდგა.
აქამდე არასდროს მომხდარა ისე, რომ მსოფლიოს ორი მთავარი ბირთვული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები ომის მსვლელობისას საბრძოლო ხაზის საპირისპირო მხარეს აღმოჩენილიყვნენ.
იმით, რომ საქართველოს მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას აწვდის, ვაშინგტონი რუსეთს მის სამხრეთ საზღვრებთან აღიზიანებს და ისეთი სამხედრო კონფლიქტის რისკზე მიდის, რომელმაც ის შეიძლება თავის მთავარ ბირთვულ მეტოქესთან უშუალო კონფრონტაციაში ჩაითრიოს.
foreignpress