„ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა. არსებობდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის მსგავსად, მმართველი გუნდის კრიტიკას დაიწყებდა და ასევე ოპოზიციას ჰქონდა იმედი, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადებას გააკეთებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზურაბიშვილმა ქვეყნის გარეთ ხელისუფლების კრიტიკისგან თავი შეიკავა და ძირითადი აქცენტი საქართველოს ევროპულ მომავალზე გააკეთა. ის ნახევარი საათი ცდილობდა ევროპელების დარწმუნებას, რომ ქართველები ევროპელები არიან და ისინი თავის ოჯახში უნდა დაბრუნდნენ. ოპოზიცია ზურაბიშვილის გამოსვლით გაწბილებული აღმოჩნდა, რადგან მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ის 26 მაისის მსგავსად „ოცნების“ კრიტიკას გააგრძელებდა.
მმართველი გუნდის აზრით კი საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში გამოსვლისას ჰქონდა შედარებით შერბილებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო. მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში გაკეთებული განცხადებებიც ისევე გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ბრიუსელში გაკეთებული განცხადება.
13 წლის შემდეგ, ევროპარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები მკაფიო იყო. 30 წუთიან გამოსვლაში, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი აქცენტი საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროინტეგრაციაზე გააკეთა. საკუთარ სიტყვაში, ქვეყნის მთავარსარდალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა, რომელიც რუსეთისგან დაცვას ნიშნავს. ევროპარლამენტარებს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ქვეყნის ისტორიული არჩევანი ევროპაა და ეს კონსტიტუციითაა გამყარებული. საქართველოა კი მის ისტორიულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს და ამ მიზნის მისაღწევად 12 რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ისეთი მწვავე არ იყო, როგორიც მოლოდინი არსებობდა, თუმცა მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლების იმიჯის შელახვა მაინც სცადა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პრეზიდენტი ცდილობდა თავი ისე წარმოეჩინა, თითქოს მხოლოდ მას და ხალხს სურს ევროინტეგრაცია და მთავრობა ამას ეწინააღმდეგება.
„მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილს ქვეყნის გარეთ 26 მაისის გამოსვლისგან ცოტა უფრო შერბილებული ტონი ჰქონდა, მან ისეთი განცხადებები გააკეთა, რამაც ხაზი გაუსვა იმას, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. თავად კი ხალხის სურვილის გამხმოვანებელია და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. არადა რეალურად „ოცნების“ გარდა, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელსაც ევროკავშირი გვავალდებულებს, თავს არავინ იტკიებს. სწორედ მთავრობა იღწვის იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებას, არ უპასუხა პირდაპირ რეალურად რას აპირებს. მაინც კითხვის ნიშანს ტოვებს და ყველა მხარეს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გამოდიოდეს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკით, ეს არასერიოზულია. არ იყო მწვავე მისი გამოსვლა, მაგრამ კრიტიკის ელემენტები მაინც იყო. ვითომ საქართველოს მთავრობა დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგი ყოფილა. ეს მისთვის ძალიან უხერხული უნდა იყოს, თუმცა 26 მაისს გაკეთებული არაადეკვატური განცხადებები უკვე ვნახეთ“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, შესაძლოა ზურაბიშვილი ათვიცნობიერებს იმ რისკს, რაც მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ ქვეყანაში გაჩნდება. მან რომ ეს ორი ადამიანი შეიწყალოს, ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფორ გაიზრდება. პირველ რიგში კი ზურაბიშვილს საზოგადოება დაუპირისპირდება და მოსვენება არ ექნება.
„მე მგონი ზურაბიშვილს უნდა ყოფნიდეს მოთმინება, რომ „ნაცმოძრაობის“ დამუნათებას გაუძლოს. მისი პრეზიდენტად ყოფნის განმავლობაში ეს ნაბიჯი არ გადადგას. ვიტოვებ იმედს, რომ მას ადეკვატურობა ბოლომდე ეყოფა, აანალიზებს ამ გადაწყვეტილებას რა შეიძლება მოჰყვეს და ასე შორს არ შეტოპავს. ეს მისი დიდი დანაშაული იქნება და ამაზე საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. ჩვენ გვახსოვს ორბელიანების სასახლესთან რამდენიმე ათასი ადამიანი, როგორ უცბად შეიკრიბა. იმედს ვიტოვებ, რომ მას ამისთვის საღი აზროვნება ეყოფა და ამ ნაბიჯს არ გადადგამს“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა და შეცვლილი რიტორიკა სწორი იყო და ის ასეც უნდა მიქცეულიყო. ძაბირაძე ამბობს, რომ შენი ქვეყნის პრობლემები ქვეყნის გარეთ არ უნდა გაარჩიო. ხოლო, რაც პრეზიდენტს სათქმელი ჰქონდა, 26 მაისს უკვე თქვა. ამიტომაც მისი სიტყვა ისეთი იყო, როგორიც ქვეყნის გარეთ უნდა ყოფილიყო ნათქვამი.
„26 მაისს, როცა ზურაბიშვილმა ხელისუფლება გაარიტიკა, ამით ის ქართველ ხალხს მიმართავდა და ის თქვა, რაც უნდოდა რომ ეთქვა. ახლა კი ის ბრიუსელიდან ევროპელებს და მსოფლიოს მიმართავდა. ამიტომ მისი მხრიდან იგივე რიტორიკის გაგრძელება დიდი პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა. პრეზიდენტიც კარგად ხვდება, რომ შენი ქვეყნის პორბლემები და ხელისუფლებასთან უთანხმოება ქვეყნის გარეთ არ უნდა გაარჩიო. მან თქვა ის, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იყო სათქმელი. სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად დაანახა ევროპელებს ის საფრთხე, რუსეთთან დაკავშირებით, თუკი საქართველოს იმედს კიდევ ერთხელ გაუცრუებენ. ქართველ ხალხს ევროპელებმა უნდა აჩვენონ, რომ მათ გვერდით დგანან. არ უნდა მისცენ ასევე ოპოზიციას იმის საშუალება, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ამ მოტივით რევოლუციური გზით შეცვალონ. ეს იყო პრეზიდენტის გზავნილი, რაც ძალიან სწორად მიმაჩნია“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება რომ ბრიუსელში მიეღო, კეკლუცობა იქნებოდა და მისი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი დაზიანდებოდა. ასევე ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევდა.
„გვარამიას შეწყალება თუ ჰქონდა გადაწყვეტილი, ეს საქართველოში უნდა გაეკეთებინა და არა ბრიუსელში. ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ მიიღო. მას ეს პოლიტიკურ კეკლუცობაში ჩაეთვლებოდა, რაც ძალიან არასერიზულად გამოჩნდებოდა. ოპოზიციას საკმაოდ არასწორი მოთხოვნა აქვს, რომ პრეზიდენტი რადიკალურად კრიტიკული და აგრესიული უნდა იყოს. ზურაბიშვილი მათი ლიდერი არ არის რომ მათი ლექსიკით ისაუბროს. მას სათქმელი რაც ჰქონდა, 26 მაისს თქვა. ზურაბიშვილს ჰქონდა ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიცია და სწორედ ეს დააფიქსირა. მან ჩაიტანა ხალხის სათქმელი და ხელისუფლებას ოპოზიციის გულის მოსაფხანად ხომ ვერ გააკრიტიკებდა. ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რადიკლურ მხარეებს შორის, აქ ვგულისხმობ, ნაციონალებს და „ოცნებას“ , რაღაცა ბალანსი შეიტანოს და ამ პოლარიზაციას გასცდეს. ამიტომ ის თამაშობს სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკას და მაინც ბოლომდე ცდილობს, რომ ხელისუფლებასთან კონფროტაციაში არ შევიდეს და რაღაცა ხიდები ბოლომდე არ დაწვას. ალბათ, გვარამიას არშეწყალებაც ამის ერთ-ერთი მიზეზია“, - ამბობს ძაბირაძე.
თუ ქართულ პოლიტიკაში რჩება ეს ქალი, მაშინ არ გამოუშვებს არც-ერთს.
თუ პოლიტიკურ პენსიაში აპირებს წასვლას საპრეზიდენტო ვადის გასვლის მერე, მაშინ შესაძლოა, გამოუშვას კიდეც. გააჩნია, რა სიტუაცია იქნება საქართველოში და მსოფლიოში.
მგონი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე შეუძლია ამის გაკეთება.