კობა დავითაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - "სააკაშვილს და მის ჯალათებს რა? დანდობა, მორიგება, კოაბიტაცია თუ ნულოვანი ტოლერანტობა?"
"ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია ხელისუფლების კურსის ცვლილებაა. როგორც მან "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტობის შემთხვევაში პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენისა და მართლმსაჯულების აღდგენაზე იზრუნებს. დავითაშვილი არც მეორე ტურის ჩატარებას გამორიცხავს, თუმცა დანარჩენი კანდიდატების რეიტინგსა და შანსებზე კომენტირებისგან თავს იკავებს. როგორც თვითონ განმარტავს, საპრეზიდენტო კანდიდატებს ძლიერებად და სუსტებად არ ჰყოფს, ამიტომ ამბობს, რომ პატივს ყველას თანაბრად სცემს", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით "სააკაშვილს და მის ჯალათებს რა?.." კობა დავითაშვილის თქმით, მისი მიზანი არა ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" ჩამოშორება, არამედ მთავრობის კურსის შეცვლაა.
"წინასაარჩევნო პროცესში ჯერჯერობით სამართლიანობის კუთხით, მგონი, ყველაფერი რიგზეა. "ქართულმა ოცნებამ" შეძლო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და სახელმწიფოს სააკაშვილის რეჟიმი ჩამოაშორა, მაგრამ ბოლომდე არ ან ვერ მიიყვანა საქმე. ვფიქრობ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე ღირსეულად უნდა მივიყვანოთ, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა აღდგეს - ეს არის მთავარი პოლიტიკური ამოცანა და ამის შესაძლებლობას არჩევნები ყველა კანდიდატს მისცემს. ჩემი მიზანი ხელისუფლებიდან"ქართული ოცნების" ჩამოშორება ნამდვილად არ არის. უბრალოდ, მინდა მთავრობამ კურსი შეცვალოს. ვიცი, რომ კოალიციის შიგნით ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ისე, როგორც მე. უბრალოდ ისინი ვერ ხედავენ იმ ზეწოლას, რომელიც ევროპის სახალხო პარტიიდან ხორციელდება, რომელიც სააკაშვილის მფარველია და რომელიც თავის თავს უფრო უფრთხილდება, ვიდრე სააკაშვილს - პრეზიდენტის მხილება მათი მხილებაცაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა დავითაშვილი.
"მიმაჩნია, რომ ხალხის ძალა იმ ძალაზე ბევრად უფრო დიდია, რომელიც სააკაშვილს მფარველობს. ამიტომ მე უნდა დავანახო ჩემს კოლეგებს, რომ კურსის შეცვლა, რასაც ქართველი ხალხი უკვე მოითხოვს, აუცილებელია. წინასაარჩევნო კამპანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უკვე დავიწყე. თანამედროვე ეპოქაში ყველა რაიონის შემოვლა და კულტურის სახლში შეხვედრები ნაკლებად ეფექტური მგონია, ვიდრე იმ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, რასაც მასობრივი ინფორმაციის საშუალება გვაძლევს. რაც შეეხება ჩემს მოტივაციას, ეს არის იმ კურსის ცვლილების აუცილებლობა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. ასევე უარის თქმა შემწყნარებლობაზე, მორიგებაზე, შერიგებაზე და ა.შ. სამართლიანობის აღდგენასთან ერთად მართლმსაჯულების აღსრულება აუცილებელია, ეს კი, თავის მხრივ, მოიცავს როგორც დამნაშავეთა დასჯას, ისე უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას და უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების სამსახურებში აღდგენას", - აღნიშნავს "ხალხის პარტიის" ლიდერი.
"თუ ამომრჩეველი ამირჩევს, შევასრულებ იმას, რასაც ახლა ვპირდები. ვფიქრობ, ნათელი სტრატეგია მაქვს და ეს საზოგადოებას კარგად ესმის. მიმაჩნია, რომ 27 ოქტომბრის არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ არის - ეს არის რეფერენდუმი შეკითხვაზე - "სააკაშვილს და მის ჯალათებს რა? დანდობა, შერიგება, მორიგება, კოაბიტაცია თუ ნულოვანი ტოლერანტობა? ყველანი ციხეში უნდა იყვნენ ისევე, როგორც თავის დროზე "ნაციონალები" წვრილმან დამნაშავეებს და არასრულწლოვანებს ციხეში დაუნდობლად აგზავნიდნენ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "საპარლამენტო უმრავლესობიდან თქვენს წამოსვლას საზოგადოების ნაწილი არცთუ დადებითად შეხვდა. ხომ არ მოახდენს ეს გავლენას თქვენს რეიტინგზე?" - პასუხობს:
"მე საპირისპირო მოსაზრებები მოვისმინე. ჩემი უმრავლესობიდან წამოსვლის მთავარი მოტივი რეიტინგის ცვლილება არ ყოფილა. ჩემი მიზანი მართლმსაჯულების განხორციელება და სამართლიანობის აღდგენაა - საზოგადოებას ახლა ეს აწუხებს და არა კობა დავითაშვილის რეიტინგი. მე არ ვყოფ კანდიდატებს ძლიერებად და სუსტებად, ყველას თანაბარ პატივს ვცემ. არ გამოვრიცხავ მეორე ტური ჩატარდეს და ვგეგმავ მეორე ტურში გასვლას, ამიტომ ნებისმიერი კანდიდატის და მათი ამომრჩევლის პატივისცემა ჩემი სტრატეგიაა. ხალხი გადაწყვეტს გავიმარჯვებ თუ არა. მე გამოვდივარ პოლიტიკური პროგრამით, არჩევანი კი ხალხზეა".