მაქსიმალური ვაჭრობა და „გაცოცხლებული“ პროგნოზი

მაქსიმალური ვაჭრობა და „გაცოცხლებული“ პროგნოზი

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში აუცილებლად გამოსწორდებოდა და ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ივლისის სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური მაჩვენებლები სწორედ ამაზე მიანიშნებს“, - განაცხადა ივლისის საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ. მისი განწყობა გასაგებია. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ასეთი შედეგი არ ჰქონია.

მთავრობაში გაუჩნდათ იმედი, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის დასაწყისში დასახელებულ საპროგნოზო ციფრთან მიახლოებული იქნება. მით უფრო, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია უცხოელი ინვესტორების „მობილიზების“ შესახებ. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას ელოდებიან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5,662 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 9%-ით გაიზარდა 1,476 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,5%-ით - 186 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა იმპორტი.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2013 წლის იანვარ-ივლისში 2,710 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ანუ მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48%-ს.

2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 491 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 258 მლნ დოლარი იყო (16%-ითთ მეტი), ხოლო იმპორტი -1233 მლნ დოლარი (10%-ით ნაკლები). საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26% შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში - 17% და იმპორტში - 29%. (2012 წლის იანვარ-ივლისში, შესაბამისად, 28,17 და 31%).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 36 პროცენტი (2012 წლის იანვარ-ივლისში 37%). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-ივლისში 1 883 მლნ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 6%-ით მეტი). აქედან, ექსპორტმა - 824 მლნ დოლარს (22%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა 1059 მლნ დოლარს მიაღწია (4%-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33% იყო, მათ შორის, ექსპორტში - 56% და იმპორტში - 25%.

ამასთან, 2013 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (830მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (715 მლნ აშშ დოლარი) და უკრაინა (411 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ივლისის მაჩვენებელს, „საქსტატის“ მონაცემებით, წინა თვეში ექსპორტმა - 240,1 მილიონი ლარი, იმპორტმა კი 708,4 მილიონი ლარი შეადგინა, მთლიანობაში კი სავაჭრო ბრუნვა 948,5 მილიონ ლარით განისაზღვრა, რაც 2010 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდას მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკით ხსნის. როგორც ტყემალაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაც დაიწყება და მთავრობის ყველა დაპირება შესრულდება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში აუცილებლად გამოსწორდებოდა და ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ივლისის სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური მაჩვენებლები სწორედ ამაზე მიანიშნებს“, - აცხადებს ტყემალაძე.

მისივე თქმით, ივლისში მოსახლეობა მაღალ ეკონომიკურ ზრდას არ უნდა ელოდოს, თუმცა იგი აუცილებლად დაფიქსირდება.