ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოიხსნა

ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოიხსნა

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაწყებულ დაპირისპირებას, რომელიც დიასპორის ფორუმზე სალომე ზურაბიშვილისთვის სკამის პროტოკოლის დარღვევით დადგმის გამო დაიწყო და საკმაოდ საშიში სახე მიიღო, „ქართული ოცნება“ ასრულებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას და ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.

როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას. პოლიტიკური საბჭო განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, მმართველი გუნდის მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი.

„სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ. 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. „ქართული ოცნება“ ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, მმართვლი გუნდი თავს ვალდებულად თვლის, რომ უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე პრეზიდენტს შეუნარჩუნონ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. სწორედ ამითაც არის ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არ შევიდნენ პოლემიკაში სალომე ზურაბიშვილთან.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება არ მოქმედებს და საზოგადოებასთან ურთიერთობას, თვითონ გააგრძელებენ.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მათი მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცვან, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად სხვაა. ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ყოფს, ის ყველას პრეზიდენტია - დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას. მისივე თქმით, პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული და მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული.

„პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის იყოს ზეპარტიული, მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული და კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებში იღებდეს მონაწილეობას. ჩვენ დავინახეთ, რომ ის პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც ნამდვილად, არც კონსტიტუციის სულისკვეთებას და არც იმ ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება, რომლისკენაც ვისწრაფვით.

აქედან არის გამოწვეული ჩვენი წუხილი და აქედან გამომდინარეა ის განცხადება, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვინდა ვიყოთ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ინსტიტუტის მიმართ ერთგულნი და ამავდროულად, მოვუწოდებდეთ ყველა ინსტიტუციას, რომ იმოქმედოს მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მმართველი გუნდის განცხადება ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არ დგას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგში, თუმცა პრეზიდენტმა გაფრთხილება მიიღო. როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის შემდეგი პოლიტიკური სვლა უკვე ბრიუსელში, ამაზე საუბარი რთულია. ოპოზიციის წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი და შერიგების ტონი შეარჩია, რაც, მისი თქმით, გამოწვეულია ბრიუსელში ზურაბიშვილის გამოსვლით. გოცირიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია არ შეიწყალოს.

„თუ ამას გააკეთებს ძალიან ძლიერი ნაბიჯი იქნება, თუ არ გააკეთებს, მიხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის ერთდღიანი ფარისევლობაა და მალე ვნახავთ, როგორ გაგრძელდება თავდასხმები როგორც ოპოზიციაზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, რადგან უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ზურაბიშვილმა პირწმინდად მოუგო მეორე რაუნდი „ქართულ ოცნებას“.

პირველ რაუნდში „ქართულმა ოცნებამ“ ტერორის ქვეშ მოაქცია პრეზიდენტი და ის იყო ფაქტობრივად უუფლებო, ხელფეხშეკრული, მას ამ პერიოდის განმავლობაში, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ახლა გამოცოცხლდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოლიტიკურ ბულინგსა და შანტაჟს ცდილობს. შესაბამისად, ზურაბიშვილს ურჩევს აქტიური განცხადებებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდეს.

„ეს არის მორიგი განცხადება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რითიც ისინი ცდილობენ, პრეზიდენტის პოლიტიკური ბულინგი და შანტაჟი მოახდინონ. ხან ასეთ განცხადებებს ავრცელებენ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს აღადგენს პოლიტიკურ ბალანსს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით, იმავდროულად, საქართველოს დააახლოებს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ჯერჯერობით პრეზიდენტი სააკაშვილის და გვარამიას შეწყალებას არ ჩქაროს, თუმცა რა გზავნილებს გააჟღერებს უკვე ბრიუსელში, ამაზე საუბარი რთულია. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით პრეზიდენტისგან თეორიული-ვირტუალური მავნებლობა არ გადასულა იმ სავალალო, გამოუსწორებელი შეცდომების კატეგორიაში, რომელმაც მართლაც შეიძლება ქვეყანაში სერიოზული არეულობა, დაპირისპირება და საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვიოს. მისი თქმით, თითქოს სულ ცეცხლს ეთამაშება, მაგრამ წითელი ხაზების გადაკვეთას, რის შემდეგ სიტუაცია შეიძლება უმართავი იყოს, პირველ რიგში, მასთან მიმართებით, თითქოს არ ცდილობს.

„ეს ეხება მასთან დაკავშირებით იმ მოლოდინს, რომელიც გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებაზრ გადის, რაც იქნება არა თუ კატასტროფული უსამართლობა, ეს იქნება საქართველოს საზოგადოებისათვის გაწნული სილა, ჩვენი ისტორიული მეხსიერებისათვის, რასაც ეს ადამიანები ამ ეტაპზე არ იცავს.

მე არ მგონია, რომ ამ წითელი ხაზების გადაკვეთას ადგილი ჰქონდეს ბრიუსელში. იმიტომ, რომ, მაშინ ვერ წარმომიდგენია საქართველოს რომელ აეროპორტში უნდა დაეშვას მისი თვითმფრინავი ისე, რომ მას არ დახვდეს მართლა უკვე ზეაღელვებული საზოგადოება, მისი საკუთარი ამომრჩეველი. თუ რაღაც პარაქტიკული ტიპის მავნელბლობის ჩამდენი იქნებოდა ეს ქალბატონი, თბილისში ჩაიდენდა, ამისთვის ბრიუსელში გაფრინდეს ცოტა ალოგიკური მოლოდინია“, - აცხადებს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ელოდება მწვავე რიტორიკას, რომლის ძირითადი ადრესატი იქნება საქართველოს ხელისუფლება. პრეზიდენტი შეეცდება დაარწმუნოს ევროპული საზოგადოება, რომ ის უპირობოდ, ცალსახად ევროპის მხარეზე დგას და ამით დაპირისპირება საკუთარ ხალხსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გააღრმავოს.

„მე ხელისუფლების ამ პოზიციას, რომელიც გავრცელდა თან ვეთანხმები, თან არა. ვეთანხმები იმ გარეშე მოვლენების გათვალისწინებით, რა დაძაბული მდგომარეობა არის მსოფლიოში შექმნილი. მესამე მსოფლიო ომის საშიშროება არ გამქრალა, პირიქით, უახლოეს თვეებში ჩვენ ან შევალთ კაცობრიობისთვის დამღუპველ ამ ფაზაში, ან ღვთის წყალობით თავს ავარიდებთ ამ გლობალური ტიპის კატასტროფას. ამიტომ, პრიორიტეტები უნდა განსაზღვროვს თითოეული ქვეყნის ხელისუფლებამ, რა პერიოდში რა პოლიტიკა აწარმოოს, რა განცხადება გააკეთოს.

ჩემი აზრით, რაღაცა მკვეთრი ნაბიჯები რომ დაინიცირდეს, იმპიჩმენტის პროცედურა და ა.შ. რასაც საზოგადოება მოითხოვს ხელისუფლებისაგან, ამის დრო ნამდვილად არ არის და ამას ვიძახი არა იმიტომ, რომ მე რაღაცა სიმპათიები გამიჩნდა პრეზიდენტის მიმართ, არამედ პრიორიტეტბი წყვეტს ჩემს საბოლოო განწყობას ამ საკითხთან მიმართებით.

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება მოვლენთა შემდგომ განვითარებას, ნუ იქნება ვინმე ილუზიაში, რომ კატასტროფის ეპოქაში თუ შევიდა მსოფლიო, რომელიმე ქვაყანას ეს კატასტროფა ასცდება. ამიტომ, მოთმინება გვმართებს და მათ შორის თვითონ პრეზიდენტსაც მართებს მოთმინება, ასევე ამომრჩევლებს, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი თავის ხელისუფლებიანად, საკუთარ ოპონენტად აღიქვამს. ამიტომ, მთავარია ამან შეცდომები არ ჩაგვადენინოს, მათ შორის რიტორიკის დონეზეც კი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ ჭიდაობის კურსი აირჩია და საზოგადოება ამ ორი მხარის მამლაყინწობას უყურებს. როგორც საყვარელიძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი ასეთია, თუ რაღაცაზე გაბრაზდა, შეიძლება, ისეთი ძლიერი მოძრაობა გააკეთოს, რომ დაამსხვრიოს ნახევარი ქვეყანა.

„რა გახდა ამ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა?! პრეზიდენტმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ ჩვენ. ეს ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის, თუ შეიძლება ითქვას, მამლაყინწობის ნიშანიც არის. არ იყო ეს ისეთი პრობლემა, რომლის მოვლაც არ შეიძლებოდა ნორმალური სტრატეგიის ფარგლებში. დავუშვათ, უფრო შეგნებული არის მთავრობის მხარე, პოლიტიკაში ჩახედული, მაშინ, რახან შეგნებული ხარ, მიდი, ეცადე, რომ გამოიყენო პრეზიდენტის მდგომარეობა ისე, რომ ქვეყანას არ ავნო - მიდი, დაარბილე, მოუარე, ასე ვთქვათ, მიხედე. ხომ ცდილობენ, რომ ოპოზიციას მეტ-ნაკლებად მოუარონ, ისიც მოსავლელია, როგორც ჩანს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.