ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთის ხელისუფლებასთან - ხელისუფლება, თუ პრორუსული ოპოზიცია?

ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთის ხელისუფლებასთან - ხელისუფლება, თუ პრორუსული ოპოზიცია?

საქართველოს ხელისუფლება უარყოფს რუსეთთან მოლაპარაკებების არსებობას. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას რუსეთის მთავრობასთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და რუსეთმაც შემხვედრი ნაბიჯი გადადგა.

ვლადიმერ პუტინი არ აკონკრეტებს ვინ აწარმოებდა რუსეთთან მოლაპარაკებას, თუმცა ამბობს, რომ სრული მოულოდნელობა იყო საქართველოს რეაქცია. როგორც პუტინი ამბობს, მადლობას ელოდებოდა იმ ქვეყნის მოსახლეობისგან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს, მაგრამ უკურეაქცია მიიღო. მისი თქმით, მას სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.

„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია“. არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია. ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს. საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდეს და რა გზით იაროს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას არ ადასტურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირი სახის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და აცხადებს, რომ 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში თამაზ გაიაშვილი გააგზავნეს და დაავალეს, რომ დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან. მისი თქმით, თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების და ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა.

„ჩვენ ოფიციალურ ხელისუფლებას გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი. ერთადერთი, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ, სავაჭრო საკითხებზე, ეს არის გაცხადებული, ღია, ამის თაობაზე ჩვენ არავითარი დასამალი არ გვაქვს. თუ ვინმეს ჰქონდა ქართული ხელისუფლებიდან მცდელობა, კონტაქტები და ვიზიტები, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩვენ არ გვქონია ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას ამის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები.

გეტყვით შემდეგს, რომ ჩვენი ძალიან ბევრი დიასპორის წარმომადგენელი, იცით, რომ ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ასევე, მთავარი მინდა გითხრათ, მთავარზე მინდა გააკეთოთ აქცენტი: თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ალბათ, მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ, რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა, რომელმაც სწორედ რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20%.

„როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როცა ხელისუფლებაში იყო, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსებს დაეწესებინა უვიზო მიმოსვლა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, სააკაშვილმა ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ღია და ფარული მოლაპარაკებები, რაც მას ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, პუტინს ხელისუფლებასთან. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 20%-ის ჩაბარება. „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20%, ამაზე მეტი რუსული ნაბიჯი რა უნდა იყოს. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებული ქმედება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი, თამაზ გაიაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დავალებით, რუსეთში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

„ომამდეც და ომის შემდეგაც ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ჩემთან ფრენების აღდგენაზე, რომ მე რუსეთში ეს თემა ამეწია და გამეკეთებინა, რათა დაგვეწყო ფრენები. დამავალეს, მითხრეს, სახელმწიფოს არ შეგვიძლია, ეს რომ გადავიხადოთ და იქნებ რამენაირად თქვენ გადაიხადოთ და შემდეგში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ანაზღაურებული გქონდეთო“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

ფრნები აღდგენილია, უვიზო მიმოსვლა გაუქმებულია, თუმცა კვლავ არ არსებობს მთავარ კითხვაზე პასუხი - ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთის ხელისუფლებასთან? - ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფი, თუ ოპოზიციის ფლანგზე არსებული პრორუსული ფრთა? კულისებს მიღმა რა ხდებოდა არ იცის, მაგრამ როგორც პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე ამბობს, ძალიან რთული დროა, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვის. ერთი მხრივ დასავლეთი ცდილობს ჩაითრიოს საქართველო ომში, მეორე მხრივ ძალიან რთულ სიტუაციაში რუსეთი ხსნის ვიზებს.

„დააკვირდით როდის ხდება ფრენების აღდგენა, ნახეთ, როგორ მდგომარეობაშია საქართველო - უარი თქვას სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე, ეს მარტივად ვერ მოხდება. განაწყენდება რუსეთი და შეიძლება საბოლოოდ გაფუჭდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. მეორე მხრივ დასავლეთი გთხოვს, რომ უარი უთხრა ფრენებზე და სავიზო მიმოსვლაზე, მაშინ, როდესაც ცალმხრივადავ იყო შეზღუდვა. ფრენებიც რუსეთმა აკრძალა და ვიზებიც რუსეთმა დააწესეს და ახლა თავად შეცვალეს გადაწყვეტილება, საქართველო რთულ მდგომარეობაშია - იქიდან რუსეთი, აქედან დასავლეთი“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც თამარ კიკნაძე აცხადებს, დასავლეთის მიზანია საქართველომ უარი თქვას ფრენებზე, რომ ამ საშუალებით მაინც მოახერხოს საომარი ვითრების შექმნა.

„ამიტომ, ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უხდება სიარული. მეორე მხრივ პუტინის ეს განცხადება არის რაღაცნაირი გაფრთხილება, რომ მიხედეთ ოპოზიციას, რომელიც ასე ანტირუსულად არის განწყობილი. მაგრამ ნახეთ, საქართველო რუსეთისთვისაც საჭიროა და დასავლეთისთვისაც. ამიტომ, ახლა არის გადამწყვეტი პერიოდი - როგორი ინფორმაცია ექნება და როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველო. თუ საქართველო ჭკვიანურად იმოქმედებს, მან შეიძლება მოგება ნახოს იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით და მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.