შრომის კოდექსისგან მოლოდინი უფრო დიდია, ვიდრე რეალური სარგებელი

შრომის კოდექსისგან მოლოდინი უფრო დიდია, ვიდრე რეალური სარგებელი

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შრომის კოდექსი ივლისიდან ძალაშია, ბიზნეს წრეები მის იგნორირებას ცდილობენ. რამდენიმე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა მეტალურგიული და სამშენებლო კომპანიების ნაწილში. არადა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც სამსახური გააჩნია (მაგრამ სამუშაო პირობებით მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის) მოუთმენლად მოელის ხელშესახებ ცვლილებას. გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ახალი კოდექსის პირობებში დასაქმებულთა მდგომარეობა გაუმჯობესდება.

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, კომპანიების მხრიდან სამუშაო დროის დარღვევასა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისგან თავის არიდებას აქვს ადგილი.

„რა თქმა უნდა, რეალურად მოქმედებს ახალი შრომის კოდექსი და მას საქართველოში მომუშავე ყველა კომპანია ცნობს, მაგრამ გარკვეული პუნქტების იგნორირება ხდება. მეტალურგიული კომპანიებში თანამშრომლებს პრობლემა აქვთ პროფკავშირების შექმნასთან დაკავშირებითაც.

გარდა ამისა, ისინი კოლექტიურ მოლაპარაკებებს თავს არიდებენ და დასაქმებულებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს ამბობენ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება თანამშრომელმა მათ შრომის კოდექსის ფარგლებში მოქმედება მოსთხოვოს და მოლაპარაკების მაგიდასთან მათთან ერთად დასხდნენ, თუმცა ეს ძვირი დაუჯდებათ.

დარღვევები კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებითაც არის. კერძოდ, დამსაქმებლები დასაქმებულებს შესაბამის ვადიან კონტრაქტებს არ უფორმებენ. მრავალი ისეთი შემთხვევაა, როდესაც ახალი შრომის კოდექსისგან გვერდის ავლით მოქმედებენ და დასამქმებულების უფლებებს უხეშად არღვევენ“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

ახალი შრომის კოდექსი ძალაში 2013 წლის 4 ივლისს შევიდა. კოდექსის შემუშავებაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. მისი პროექტი მრავალგზის შეიცვალა, რასაც ხან დამსაქმებლების, ხანაც დასაქმებულების უკმაყოფილება სდევდა.

საბოლოოდ, ცვლილება შეეხო სამუშაო კვირის ხანგრძლივობას, რომელიც 40 საათით განისაზღვრა, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი - 48 საათით. სხვა შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებული იქნება თანამშრომელს ზეგანაკვეთური შრომისათვის შესაბამისი ანაზღაურება მისცეს.

საუბარი მიდიოდა უვადო ხელშეკრულებებზეც. საბოლოო შეთანხმების მიხედვით, თუ დასაქმებულს 5 წელზე მეტი სტაჟი აქვს, მისთვის უვადო ხელშეკრულება ახალ კოდექსზე ხელმოწერიდან ერთ წელიწადში შევა ვადაში, ხოლო თუ ნაკლები სტაჟი აქვს - 2 წელიწადში.

შრომის ახალ კოდექსისადმი მოქალაქეების დამოკიდებულების გამოსარკვევად „ეისითი რისერჩმა“ თბილისის მაცხოვრებლებში კვლევა ჩაატარა. სულ გამოიკითხა 407 ადამიანი. გამოკითხვისათვის კითხვა შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული - თქვენი აზრით, ახალი შრომის კოდექსი როგორ შეცვლის არსებულ სამუშაო პირობებს?

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ პირობები გაუმჯობესდება, 30% თვლის, რომ არაფერი შეიცვლება, მხოლოდ 5%-ის აზრით პირობები გაუარესდება და 23%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

დასაქმებულთა ნაწილი შიშობს, რომ ახალმა კოდექსმა, შესაძლოა, დამსაქმებლებს ახალი კადრების აყვანა გადააფიქრებინოს და იმაზეც დააფიქროს, უღირს თუ არა ასეულობით თანამშრომელს უვადო ხელშეკრულებები გაუფორმოს.