არაფერი მინიმალური, მათ შორის, ხელფასიც

არაფერი მინიმალური, მათ შორის, ხელფასიც

საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, არც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. არადა, ჩვენ მეზობლად მინიმალური ხელფასი ყველგან არის დადგენილი და არც თუ ისე ცოტაა. მაგალითად, რუსეთში მინიმალური ანაზღაურება 270 ლარამდეა.

საქართველოში ყველაფერი მინიმალური და, მათ შორის, ხელფასიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუქმდა. 2005 წლამდე მინიმალური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენდა, შემდეგ კი ასეთი კრიტერიუმი არავის მოგონებია. არადა, ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმებული საარსებო მინიმუმზე (145 ლარი) დაბალ ხელფასს იღებს.

რა მდგომარეობა ამ მხრივ მსოფლიოში? კონსალტინგური ჯგუფის convergex-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ანაზღაურება ავსტრალიაშია და ის საათში 16,88 დოლარს შეადგენს. სიის მეორე ადგილზეა საფრანგეთი (12,09 დოლარი საათში), მესამეზე კი ახალი ზელანდია - 11,18 დოლარი.

რუსეთში დასაქმებულს საათში მინიმუმ 97 ცენტს უხდიან და ამ მაჩვენებლით ეს ქვეყანა რეიტინგის ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო, რა თქმა უნდა, არ მოხვდა, ასეთი ხელფასი ქვეყანაში დადგენილი არ არის. სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის შეფასებით, საქართველოში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაანგარიშება არ ხდება. სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირების ხელფასების მაგალითზე კი, ექსპერტის გათვლებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 0.4 დოლარია.

სხვათა შორის, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს უფრო მაღალი საშუალო ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კერძო სექტორში მომუშავეებს. ასე რომ, თუკი ამ ფაქტსაც მივიღებთ მხედველობაში, აღნიშნული 0,4-დოლარიანი მინიმალური საათობრივი ხელფასის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. შესაბამისად, თუკი რუსეთი ლამის 1-დოლარიანი ანაზღაურებით, ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, საქართველო ამ სიაში ჭეშმარიტი აუტსაიდერი იქნებოდა.

არჩვაძის განმარტებით,  საქართველოში დღეს მხოლოდ საშუალო ხელფასის დაანგარიშება ხდება და იმისთვის, რომ ქვეყანაში  მინიმალური საათობრივი ანაზღაურება განისაზღვროს.

„მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დათვლა ნამდვილად უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს აუცილებელია, თუმცა ამისთვის ჯერ საკმარისი დაფინანსება არ არსებობს, ამიტომაც მსგავსი კვლევების ჩასატარებლად სტატისტიკის სამსახურის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს“, – აცხადებს არჩვაძე.

ხელფასებთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ საინტერესო გამოკითხვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ონლაინ რეჟიმში ჩაატარა და მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მასში მონაწილეობის მიღება. რესპოდენტებს მხოლოდ ორი შეკითხვა დაუსვეს. რომელ ქვეყნაში ცხოვრობთ და გადასახადის გადახდამდე, რა ოდენობის ხელფასს იღებთ?

ამ გამოკითხვის შედეგად საქართველო მსოფლიოში 59-ე ადგილზე გავიდა, სადაც საშუალო ხელფასის მოცულობა 603 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს აზერბაიჯანს, სომხეთს, მოლდოვას, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად განსხვავებულია „საქსტატის“ მონაცმები, რომელიც ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობად დღესაც კი 705 ლარს ასახელებს. აქედან გაჩნდა აზრი, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) გამოკითხვაში მონაწილეობა მხოლოდ მაღალშემოსავლიანმა სეგმენტმა მიიღო.

შსო-ს კველევაში მხოლოდ დაქირავებული თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ონლაინ გამოთვლით დაადგინეს, რომ მსოფლიო საშუალო სახელფასო ანაზღაურება 1480 დოლარს შეადგენს. რეიტინგს საშუალო ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, 4089 დოლარის ოდენობით, ლუქსემბურგი ლიდერობს. პირველ ათეულში ასევე შედიან ნორვეგია, ავსტრია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, შვედეთი, ირლანდია, ფინეთი და სამხრეთ კორეა. რუსეთში ეს მაჩვენებელი 1215 დოლარს შეადგენს და ის 37-ე ადგილზეა. ყველაზე დაბალი სახელფასო ანაზღაურება ტაჯიკეთშია - 227 დოლარი.