სახელმწიფოს მიერ განებივრებული „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე შემოდგომას აანონსებს. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ინიციატივით, საქართველოდან უკრაინაში წასული სტუდენტების მომზადება მიმდინარეობს თემაზე - როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ქუჩიდან. რადიკალური ოპოზიცია ღიად აანონსებს პროცესების რადიკალიზაციას. გივი თარგამაძის და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით ქუჩის პროცესებით ხელისუფლების შეცვლა ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა.
გივი თარგამაძე ამბობს, რომ პოლიციის ერთი მანქანის დაწვა პრობლემა სულაც არ არის, რადგან ევროპაში პროტესტის დროს მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს და ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც.
„ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით. ქვეყნის გადარჩენა თუ გვინდა, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერში ვგულისხმობ პროტესტს, მაგრამ ისეთ პროტესტს, რომელიც ამათ მოარტყამს ცხვირში, შეაშინებს, როგორც მარტში ეშინოდათ, როგორც გავრილოვის დროს გამოვარდა ის არარაობა, სამკუთხედთავიანი და უცახცახებდა ხმა. ასეთ პროტესტს და იმაზე მეტ პროტესტს ვგულისხმობ. ხომ ნახეთ მაშინ, როგორ შეეშინდათ, ანუ ვიცით, რომ ეშინიათ და თუ ვიცით, რატომ არ ვაკეთებთ იმას, რომ ისე შეეშინდეს, რომ მორჩეს ეს ყველაფერი?!
საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს. მარტში მიიღეს ისეთი პროტესტი, რომ მოუწიათ ამ კანონის უკან გაწვევა. არ ვამბობ, რაღაც უშველებელი გავაკეთოთ. უბრალოდ, იმ პროტესტის დროს იყო ბევრი „ფი“ „ფუ“, და „ვაი“ - პოლიციის მანქანა როგორ დაწვეს. დაწვეს ისე, როგორც წვავენ მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს მთელ ევროპაში. ვინ მოიგონა საერთოდ, რომ ევროპული პროტესტი მშვიდი და რაფინირებულია. იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო. აუცილებლად გადაწვას კი არ ვამბობ, მაგრამ თუ მოხდა, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები და პროტესტი არაფერ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მაშ ასე, ოპოზიცია ქვეყანაში 90-იანი წლების დაბრუნებას აანონსებს და სამოქალაქო დაპირისპირებას უყრის საფუძველს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე ადასტურებს, რომ აქციების შესახებ სამოქალაქო ჯგუფებსა და პარტიებთან კოორდინაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ და პროტესტის მთავარი მოთხოვნა იქნება - „არა რუსულ მთავრობას“. როგორც წითლიძე ამბობს, ხელისუფლება რუსეთის ინტერესებით მოქმედებს და საპროტესტო აქციები არის ის, რაც უკან დაახევინებს ხელისუფლებას.
„აქციებთან დაკავშირებით კოორდინაცია და მოლაპარაკება სამოქალაქო ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ყოველდღიურ რეჟიმშია, ამაში ახალი არაფერია, ეს თანამშრომლობა არის მუდმივად. მთავარი საპროტესტო მუხტი, რაც უნდა იყოს, არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება და რომელიც მიმართულია კანდიდატის სტატუსის საბოტაჟისკენ“, - ამბობს ანი წითლიძე.
საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შექმნილ ე.წ. სამოქალაქო ჯგუფებთან და პარტიებთან კონსულტაციები არ აქვთ და შესაბამისად, პროცესების რადიკალური გზით განვითარებას მხარს არ უჭერენ „გირჩის“ წევრები. იაგო ხვიჩიას განცხადებით, არათუ აქციები, ხელისუფლების ცვლილებაც კი არის საჭირო, მაგრამ ვიდრე კოლეგები არ იტყვიან, რა უნდათ პოლიტიკაში, რას შეცვლიან, მათი არ სჯერა, რადგან მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის თავს თვითონ იმხობს.
„ყოველდღიურად მოვუწოდებთ კოლეგებს, იფიქრონ იმაზე, რომ ჩამოაყალიბონ ქვეყნის განვითარების ხედვა იმ შემთხვევისთვის, თუ „ქოცები“ არ იქნებიან ხელისუფლებაში. სანამ ამას არ ჩამოაყალიბებენ და ჩემი ძვირფასი კოლეგები არ იტყვიან, რა უნდათ პოლიტიკაში, რისთვის მოვიდნენ, რაზე ოცნებობენ, მანამ მე არც ერთი მათი სიტყვის არ მჯერა, სანამ ხალხს არ გაუმხელენ თვითონ როგორ ქვეყანაზე ოცნებობენ.
ამიტომ, ეს ყველაფერი, უბრალოდ, ყოველდღიური პროცესის საწარმოებლად არის და არა რამის შესაცვლელად - როგორ შეიძლება გულწრფელად რამის შეცვლა გინდოდეს და ხალხს არ ეუბნებოდე, შენ თვითონ რა გინდა, რას შეცვლიდი. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდები კიდევ გამოვლენ ქუჩაში, რადგან ქოცები თავის თავს თვითონ იმხობენ. აგერ, თუნდაც აეროპორტების სკანდალი აბსოლუტურად საკმარისია ხალხის ქუჩაში გამოსავარდნად“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ როცა მიდის ხელისუფლება, ხალხი ბრაზდება და ნებისმიერი აქცია, მანიფესტაცია, ადამიანების უფლებების დაცვის კონტექსტში პოლიციის მხრიდან არაძალადობრივი უნდა იყოს.
„აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ როდესაც მიდის ხელისუფლება, ხალხი ბრაზდება. ეს არის რეალური მოცემულობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყველაფერი ეხება ევროატლანტიკურ მომავალს. ძალადობრივი, ცალკეული, ლოკალური შემთხვევა როცა არის, პროფესიონალურად შემიძლია გიპასუხოთ, ამ ლოკალური შემთხვევის ლოკალიზება შეუძლია პოლიციას და არა განზოგადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე რადიკალური ახლა არის „ოცნება“, რომელიც ასე დაჟინებით მიათრევს ქვეყანას რუსეთისკენ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე და მანქანების დაწვაზე. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ძალადობრივი ქმედებებით მიზნის მიღწევა წინა ხელისუფლების ხელწერაა.
„ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, მანქანების დაწვაზე და ა.შ. ამას საუბრობს იმ ქვეყანაში, სადაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში. უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებაზე“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ჩამოყალიბებულია რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს „ნაცმოძრაობა“ და მთავარი მიმართულებაა აქციები, შეჯახებები, სისხლისღვრა, რაც კიდევ ერთხელ ამოიძახა გივი თარგამაძემ პოლიტიკური ცოდვების კასრიდან.
„არსებობს პოლიტიკური ცოდვების დიდი კასრი, სადაც სხედან გარკვეული ტიპები, ჩაფლული არიან ნაგავში, პერიოდულად თავს ამოყოფენ და ამოსძახებენ საზოგადოებას, რომ ისინი კიდევ არსებობენ და რადიკალიზმი აუცილებელია, პიროვნულად გივი თარგამაძეს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ამ რევოლუციური კომიტეტის არსი, მიესალმება მანქანების გადატრიალებას და მაგალითს უჩვენებენ, რომ ასე ხდება ევროპულ ქვეყნებში და ეს უნდა გაიმეორონ. სისხლისღვრა არის ამოცანა, რომელიც არ შეცვლილა და გივი თარგამაძემ ეს კიდევ ერთხელ ამოიძახა იმ კადრიდან, რომელზეც უკვე გითხარით“, - აცხადებს გია ვოლსკი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ნაცსექტის სამარცხვინო „ლუზერები“ კიდევ ერთხელ აყიყინდნენ ე.წ. მშვიდობიან პროტესტზე, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ტოტალურად გაუნათლებლის გარდა, ვინმე იჯერებდეს ამ უგვანოთა პატრიოტულ, არაძალმომრეობით ზრახვებზე.
„გივი თარგამაძე პოლიციის მანქანების დაწვისკენ მოუწოდებს, ხოლო გიორგი მშვენიერაძე TikTok-ში, მიტინგზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ინსტრუქციებს იძლევა. ნეოშულავერის კომიტეტჩიკებო, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ! ტყუილად ფართხალებთ მორიგი ე.წ. რევოლუციის მოლოდინში. მარგინალობის რეკორდულ ნიშნულებზე არიან და მაინც იმედიანად არიან. ცხადია, საგარეო სპონსორების მორიგ „ინექციებს“ ელიან. თუმცა, ფუჭია ობსტრუქცია, როცა თითით საჩვენებელი, დასაცინი აუტსაიდერი ხარ“, - წერს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მშვენიერაძის ტიკ-ტოკი იყო პირდაპირი ვიდეო ფორმატში გადაყვანილი აკერმანის და შარფის ცნობილი მეთოდოლოგია, როგორ მოვახდინოთ გადატრიალება მშვიდობიანი მეთოდებით და ამის 198 მეთოდი არის მოყვანილი, რომელიც მიმართულია ფერადი რევოლუციების მოსაყვანად და ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად.
„გივი თარგამაძის განცხადება-მოწოდება არის უფრო საგულისხმო, იმიტომ, რომ მისი განცხადება მოიცავს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. ფაქტობრივად ეს არის წაქეზება და პროპაგანდა უკიდურესი ძალადობის, რომელიც შეიძლება დაიხვიონ ამ აქციონერებმა და რომელიმე შემდგომი შეკრების დროს მოიყვანონ სისრულეში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ მატერიალური ზარალი, არამედ ადანიანური დასახიჩრება, ან მსხვერპლი.
ამიტომ, ჩვენ ანლიტიკოსები, პოლიტიკოსები და ბლოგერები კი არ უნდა ვმსჯელობდეთ იმაზე, თუ რა საფრთხის შემცველია თარგმაძის ეს გაცხადება, არამედ ჩვენ დიდი იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ამ ყველაფერს სათანადო პასუხს გასცემენ.
რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება უკმაყოფილება, როდესაც გაშმაგებული ბანდა შედის კერძო საკუთრებაში როგორიც არის ყვარლის ტბის რესტორანი და პასუხისგების გარეშე ტოვებენ ამ ვანდალიზმისა და ამ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებს. არ ვიცი, თარგამაძესთან მიმართებით რა აქვს ჩაფიქრებული ჩვენს მარლთმსაჯულების სისტემას, ყოველ შემთხვევაში ეს იყო ყველაზე უკიდურესი მოწოდება, რომელიც ბოლო წლებში ასეთი პირდაპირი ტექსტით მომისმენია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ასეთი განცხადების დროს სახელმიწფოს უნდა ჰქონდეს ავტომატური რეაქცია. როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდიხარ, კონსტიტუციური პრინციპების ღალატისკენ მოუწოდებ ხალხს, მისი თქმით, ეს დასჯადი უნდა იყოს.
„მოწოდებაც ისჯება, მაგრამ ესენი გამოყვანის შემთხვევაშიც არ სჯიან. რამდენი ასეთი ფაქტი ვნახეთ, მელია მოუწოდებდა პარლამენტში შესვლისკენ, მაგრამ დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი მამაა. რა თქმა უნდა, ამ ძალის განებივრებასთან გვაქვს საქმე. ამ ყველაფერს ერთადერთი შველის, 30 აპრილს შეკრებილი საზოგადოება. ანუ, ის საზოგადოება, ვინც 30 აპრილს იდგა მიტინგზე. მშვიდი, აუღელვებელი, ოღონდ პრინციპული. ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციას ანებივრებს ხელისუფლება და დაგეთანხმებით, საზოგადოებაც ანებივრებს.
აი, 30 აპრილის საზოგადოებამ ასეთი მაღალი ორგანიზაციის და სულისკვეთების მატარებელი მიტინგი ჩაატარა, მაგრამ რა გააკეთა, რატომ არ შექმნა ამ საზოგადოებამ იუირიდიული პირი? იგივე 30 აპრილის კომიტეტი, ან სხვა, რომელიც რეაქციას მისცემდა ამდაგვარ მოვლენებს 30 აპრილს შეკრებილი ხალხის სახელით. ეს არ გაკეთდა და ვინ არ გააკეთა? - ერთმანეთზე უკეთესმა ადამიანებმა, რომელთა კეთილ სურვილებში ეჭვს ვერ შეიტან, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზაციულად ვერ მოაბეს თავი. როგორც მთავრობა ვერ აბამს თავს საჭირო ნაბიჯების გადადგმას, ასევე იქცევა საზოგადოება. პოლიტიკაში ყოფნას ენერგეული ნაბიჯები სჭირდება და ამას ვსაყვედურობ ამ ადამიანებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ქვეყნისთვის კრიზისის არიდებას სჭირდება ენერგიული, საქმიანი და დროული ნაბიჯების გადადგმა ყველა მხარისგან. ასეთი პასიურობა ჯერჯერობით ცუდ შედეგს არ იძლევა იმიტომ, რომ საზოგადოებას არ უნდა ნაცები, მაგრამ ხომ ვხედავთ, ნელ-ნელა მოდის ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც ნაცების შესახებ ამბავი თვითონ ნაცებისგან იციან და მათთვის ნაცები მიუღებელი ნაკლებად არიან. დაელოდებიან ამ ახალგაზრდა თაობის მომძლავრებას და ამ ახალაგზარდა თაობაზე დაყრდნობით გააგრძელებენ ძალისმიერ მეთოდებს. უკვე ვნახეთ მათი გამოყენების მაგალითი, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდებს რევოლუცია უყვართ.
ჩვენ ხშირად გავიგებთ ფრაზას, რომ ნაცების მატარებელი წავიდა, მაგრამ არ წასულა მატარებელი. მათი მატარებელი ახლა კეთდება და ამის ნიშანია თარგამაძის განცხადება და ეს მატარებელი კეთდება ამ თაობით, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ნაციონალებს და რომელთანაც ყოველგვარი კონტაქტი დაკარგული აქვს ხელისუფლებას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ნაციონალების მოყვანა არ უნდა. 30 აპრილს ვნახეთ, რომ ახალგაზრდები ცოტა იყვნენ, რაც ძალიან ნიშანდობლივია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.