„ხაბეიშვილსაც კი უტყდება სააკაშვილის ინტერესების დაცვა“

„ხაბეიშვილსაც კი უტყდება სააკაშვილის ინტერესების დაცვა“

სააკაშვილმა რამდენჯერაც დადო ქართულ პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობა, იმდენჯერ დაარღვია დანაპირები. ამჯერადაც ქართველი ხალხის დახმარებასა და შემდეგ უკვე ზელენსკისთვის ქვეყნის აღორძინებაში ხელშეწყობაზე ისე ალაპარაკდა, რომ დაავიწყდა, რას ამბობდა ცოტა ხნის წინ არა მარტო თვითონ, არამედ მისი ოჯახის წევრებიც, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არ შეეხებოდა.

„ჩემს მისიას ვხედავ, დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთისგან გათავისუფლებაში, მერე დავბრუნდე ჩემს სახლში - უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის ქვეყნის აღორძინებაში“, - ეს ქართული პოლიტიკისგან „დისტანცირებული“ სააკაშვილის სიტყვებია.

მიდის, თუ ისევ მოდის ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილი?

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სააკაშვილი დღეს ნულია, როგორც პოლიტიკოსი, მას არავინ უსმენს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასაც კი, ხაბეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილის თამადობით, ხელი აქვს ჩაქნეული მასზე და ცდილობენ, გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან. ამიტომ სააკაშვილის ნათქვამი, რომ უნდა დაეხმაროს ჯერ საქართველოს, შემდეგ უკრაინას, ირონიას იწვევს.

„სააკაშვილი ჩამოწერილი პოლიტიკოსია, რომელსაც ჩამოწერის მიუხედავად, არ ეთმობა ქართული პოლიტიკა და ეს ამ ვადაგასული პოლიტიკოსის პირადი პრობლემაა. ჰიპოთეტურად, სააკაშვილი რომ გათავისუფლდეს და წავიდეს, მაინც ვადაგასულად დარჩება. გავიდა მაგის დრო, მორჩა, პოლიტიკაში ვერასდროს დაბრუნდება. უკრაინაში იმდენად ჰქონდა გართულებული სიტუაცია, რომ ამიტომაც ჩამოვიდა საქართველოში, თორემ რისი ჩამომსვლელი ეგ იყო. გამოექცა იქაურ ოლიგარქებს, რომ არ გასწორებოდნენ, ეგონა, საქართველოში ვიღაც ელოდა, მაგრამ ეს იმედიც ჩაუქრა. საკუთარ პოლიტიკურ პარტიაში მოუწყეს გადატრიალება ვანო მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა. როგორც ტროცკის, სტალინსა და კამენევს შორის იყო დაპირისპირება და სტალინმა მოახდინა გადატრიალება და გააგდო ტროცკი, ისე მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა ჩამოწერეს და გააგდეს სააკაშვილი პარტიიდან. ხაბეიშვილსაც კი უტყდება, სააკაშვილის ინტერესები დაიცვა“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, სააკაშვილმა პარტიაც დაკარგა და მერაბიშვილიც და ხაბეიშვილიც სააკაშვილის გარეშე ძალიან კარგად გრძნობენ თავს. ისინი რუსეთიდან იმართებიან, განსაკუთრებით, მერაბიშვილი, რომელიც თავიდანვე რუსეთის ტროას ცხენი იყო და დღესაც ამართლებს რუსეთის იმედებს.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ სააკაშვილი 1992 წელს გაიცნო და ის არა მარტო ენცეფალოპათიით იყო ავად მოზარდობის ასაკში, არამედ კლინიკური ფსიქოპათია, ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ყველაფერზე ტყუილის თქმა, მისი განცხადება არასდროს არ ყოფილა სარწმუნო.

„რამდენჯერ თქვა სააკაშვილმა ერთი და გააკეთა საპირისპირო, რამდენჯერ თქვა, ხვალ არჩევნების დღეა და სუფსიდან შემოვალ საქართველოში, დილის 9 საათიდან თქვენთან ვიქნებიო და მერე იმღერა „მე გადმოვცურავ ზღვას“. იმ დღესვე საღამოს კიევში ყოფნისას ინტერვიუ მისცა მატვეი განაპოლსკის, ხვალ დილით საქართველოში ჩადიხართო? სააკაშვილმა უპასუხა, არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში, მე საქართველოში ჩამსვლელი არ ვარო და არ ჩამოვიდა. თუმცა მოგვიანებით ეს გადათქვა და დღეს უკვე საქართველოშია. სააკაშვილს ჰგონია, ქართულად რასაც იტყვის, ეს ქართველებისთვის რჩება, რუსულად რასაც იტყვის - რუსებისთვის, ინგლისურად და ფრანგულად რასაც იტყვის - დასვლური წრეებისთვის, შესაბამისად, ისინი გაიგებენ და სხვები არა. რამდენჯერ თქვა, არ დავბრუნდები ქართულ პოლიტიკაშიო, განსაკუთრებით, დედამისმა. სიტყვაზე, რაღაც რომ მოხდეს და გაუშვან საქართველოდან, ჯერ უკრაინაში ჩავა და მერე რომ გავა ორი თვე, იტყვის, მოგეხსენებათ, მე არ ვაპირებდი არც საქართველოში დაბრუნებას და არც ქართულ პოლიტიკაში ყოფნას, დავიფიცე კიდეც, მაგრამ ახლა ისეთი ამბები ხდება საქართველოში, ჩემი ქართველები, ჩემი სისხლი და ხორცი, ისე მეხვეწება დაბრუნებას, ისე მთხოვენ, რომ თუნდაც ჩემი თავგანწირვის ფასად, ჩავალ საქართველოში და ყველაფერს ვიღონებ, გადავარჩინო ჩემი სამშობლო. ეს არის სააკაშვილი. ის პათოლოგიური მატყუარაა, ეს მისი ბრალი არ არის, ეს ფსიქიკის ბრალია“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

მისი თქმით, სააკაშვილი კრემლის სასარგებლო იდიოტია. რამდენმა უცხოელმა, ცნობილმა მეცნიერმა დაწერა, მათ შორის, ლინკოლნ მიტჩელმა და სხვებმა, რომ პუტინს 2003 წელს რომ გამოეგზავნა თავისი პირადი აგენტი, მთელი თავისი აგენტურული და ფინანსური უზრუნველყოფით, ის აგენტი უკეთესად ვერ შეასრულებდა პუტინის დავალებებს საქართველოში, ვიდრე ეს გააკეთა სააკაშვილმა ბიძამისთან და სხვებთან ერთად.

პეტრე მამრაძეს ახსენდება 2007 წელი, როცა ბოკერიას, მერაბიშვილს და სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილმა დაუმტკიცა, რომ ბოკერიას გეგმა ცხინვალში ჯარების შეყვანის შესახებ იქნებოდა პროვოკაცია და კატასტროფა, იმ პერიოდში მართლაც გადადეს ცხინვალში შესვლა და ამის შესახებ ივანიშვილმა დაწერა კიდეც ღია წერილში: „კი მაგრამ, ბიძინა, რუსებმა რომ თვითონ შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ როგორ მოვიქცეთ“? ივანიშვილმა უპასუხა: „სანამ საჯაროდ, საქვეყნოდ, მსოფლიოს მასშტაბით არ გამოაცხადებენ რუსები, რომ მიესალმებიან საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, გაჰყავთ სამშვიდობოები, მანამ რასაც არ უნდა გპირდებოდნენ კულუარულად, არ დაუჯეროთ“. თუმცა 2007 წლის დეკემბერში სააკაშვილმა უნივერსიტეტში გამოაცხადა, კრემლს ჩემთან წამოსცდა, რომ უკვე აღარ აინტერესებს არც ცხინვალი, არც კოკოითი, ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოვაგვაროთ ეს სიტუაციაო.

„უკვე ივლისში სააკაშვილი მთელ თავის შემადგენლობას ეუბნებოდა, რომ კულახმეტოვმა თავისი მაყუთი აიღო. ეს მათი ტერმინოლოგიაა, ლაპარაკია რამდენიმე მილიონ დოლარზე, რუსებმა მწვანე შუქი აგვინთეს, შევდივართ და ვიღებთ მთლიანად ცხინვალის რეგიონსო. უფრო მეტიც, 2008 წლის 15 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია აძლევს ინტერვიუს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროს“, ჩვენ რუსეთთან თავიდან ბოლომდე მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ შეგვყავდა ჩვენი ჯარები ცხინვალში, დავამყარებდით იქ კონსტიტუციურ წესრიგს, ავლაგმავდით კოკოითის საჯარისო ფორმირებებს და რუსეთმა ამაზე მწვანე შუქი აგვინთო, ჩვენ დავიწყეთ ამ ოპერაციის ჩატარება და რუსეთი თუ ასე მოიქცეოდა, არავის წარმოედგინა. ამის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ბოლოს ორ ხმაში იძლეოდა ინტერვიუს ბათუ ქუთელია და დავით დარჩიაშვილი, ხომ მოვილაპარაკეთ რუსებთან, ხომ შეგვიშვეს ამ რეგიონში. რუსებს მართლაც აუღიათ შლაგბაუმი, ჩესტიც აუღეს და ესენიც შევიდნენ მშვენივრად, მაგრამ რაც მოხდა აგვისტოს ომის დროს, ყველას გვახსოვს. სააკაშვილმა რუსებს თავისი ხელით ლანგარზე მიართვა ცხინვალის რეგიონი, ეს ჩემი კი არა, ამერიკელი სენატორების ნათქვამია“, - გვითხრა პეტრე მამრაძემ.