პოლიტიკური დივერსია - ასეთია საზოგადოების რეაქცია პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ტრიბუნა ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის გამოიყენა და აღნიშნა, რომ 26 მაისი ის დღეა, როცა ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი ვეძებოთ და მომავლის იმედი დავიბრუნოთ.
პრეზიდენტმა გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა „შეურაცხყოფისთვის“ და აღნიშნა, რომ გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. პრეზიდენტის თქმით, გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არ არის მიღებული რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის.
„დამოუკიდებლობა, რომელსაც ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპას გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ.
ისმის კითხვა, სად გაქრა სიტყვები - „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“. ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. სამაგიეროდ კი მათ, ვინც დღეს ჩვენ ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების „საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ისაუბრა უკრაინაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი იმედი საზოგადოებაა, რომელმაც ყველა კრიტიკულ მომენტში დაანახა მსოფლიოს თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება. როგორც მან აღნიშნა, ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება, რადგან ამან ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს. კარგად ვხედავთ დღეს, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს, 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობას რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტაობაში სდება ბრალს, სამთავრობო ლოჟიდან რეპლიკის სახით პრეზიდენტს ასე მიმართეს: „მოღალატე ხარ შენ“. მოგვიანებით ითქვა, რომ ზურაბიშვლს მოღალატე უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა უწოდა, თუმცა თავად დეპუტატი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გააპროტესტა, თუმცა სიტყვა „მოღალატე“ არ უხსენებია.
„მაშინ გავაკეთებ კომენტარს პრეზიდენტის სიტყვაზე, როცა მისი სიტყვა რაიმენაირად პოზიტიურად ღირებული იქნება საქართველოს მიმართ. სიტყვა „მოღალატე“ არ თქმულა, შეიძლება, ვიღაცამ თქვა ასეთი სიტყვა, მაგრამ მე არ მითქვამს და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ ყოფილა. შეიძლება, ვიღაცამ თქვა, მაგრამ ჩემგან არ ყოფილა. გავაპროტესტე, რადგან მისი სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერება საქართველოს. მის სიტყვაზე მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადებები ძალიან შეუფერებელი იყო ადგილთან, სადაც ეს ყველაფერი ითქვა და ალბათ, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვისაც. დეპუტატის განცხადებით, ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტს გავრილოვის სახელი ეხსენებინა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე პროტესტი სამართლიანი იყო. სალომე ზურაბიშვილის სიტყვის მიმართ ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება.
„ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ეს. მეც გამიჩნდა პროტესტი. ჩემი აზრით, ჩემმა კოლეგამ სავსებით სამართლიანი პროტესტი გამოხატა. სხვათა შორის, ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება, აშკარად იგრძნობოდა. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა. ზუსტად ვერ აღვიდგენ ტექსტს, რა ითქვა, მაგრამ მკაცრი უკმაყოფილება გამოითქვა ირაკლი ქადაგიშვილის მხრიდან. მეც გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და ბევრი ჩემი კოლეგა. ასეთი სიტყვით გამოსვლა კატეგორიულად მიუღებელი იყო.
კატეგორიულად მიუღებელია, ეროვნულ დღესასწაულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტი გამოდიოდეს, ფიცის დადების ცერემონიალზე მიმართავდეს ჯარს, წვევამდელებს და ელაპარაკებოდეს ისე, როგორც, მაგალითად, ჩვეულებრივ, მიმდინარე რაღაც თემებზე ინტერვიუს ფორმატში ისაუბრებდა. ეს ყველაფერი მართლა ძალიან უგვანოდ გამოჩნდა და გარკვეული პროტესტის გრძნობა გამოიწვია“, - განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები აუცილებლად ჩაანაცვლებენ პრეზიდენტისნაირ კოლექტიურ „კუბილიუსებს“, ხოლო სალომე ზურაბიშვილს არ აცდება პოლიტიკურ სანაგვეზე დამსახურებული ადგილი, გოროზიასთან და „ჩაბანებთან“ ერთად. ქართველიშვილის თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წარმომადგენლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მძღოლებად ემსახურებოდნენ რუს სამხედროებს.
„მინდა მადამ „პღეზიდანს“ მოლოდინები გავუცრუო - ევროპა მხოლოდ „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების მხრიდან - ვისი რეზიდენტიც ბრძანდება, არ იმართება და ჯანსაღ ევროპულ პოლიტიკურ ძალებს ზურაბიშვილზე უკეთესად ესმით იმ საქართველოს ადგილი და არსი თანამედროვე მსოფლიოში, რომლის აზრზეც არ არის და არც არანაირი სურვილი აქვს. თქვა, რომ ბოდიშს ვუხდი გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებსო - აქ რომ გაჩუმებულიყო, კიდევ იფიქრებდა ადამიანი, რომ ეს რეზიდენტ - „პღეზიდანი“ იმაში უხდის მათ ბოდიშს, რომ ანწუხელიძის წამებით მოკვლაზე ბრძანების მიმცემი ორი რუსი გენერლის პირად მძღოლებად, 2008 წლის აგვისტოში იმ ძალების წარმომადგენლები მუშაობდნენ, რა ძალებსაც დღეს თავად წარმოადგენს.
ანწუხელიძის მკვლელებს სამეგრელოში ემსახურებოდა - გუბერნატორი გოროზია, ის გენერალ ჩაბანის პირადი ლაქია იყო, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი - გენერალ ბორისოვის მძღოლი იყო. ასე რომ, მათი სამარცხვინო თანამონაწილეობა ანწუხელიძის წამებაში, ჩემთვის არანაირ ეჭვს არ იწვევს. ამ ორ მოღალატეს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, იქვე, საკუთარ ჯიპებში, ამ ორი გენერლისთვის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოეყვანათ, თუნდაც საკუთარი მსხვერპლშეწირვის ფასად, მაგრამ ვისზე ან რაზე ვსაუბრობთ საერთოდ.
მოკლედ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. „პღეზიდანმა“ გააგრძელა თავისი სამარცხვინო სიტყვა და ევროპის წინაშე მოქმედი ხელისუფლების გამო მოიხადა ბოდიშები. თურმე, აი ვინ ყოფილა მის თვალში სამარცხვინო. მან სიტყვა „შეურაცხყოფაც“ ახსენა და მისი ჭეშმარიტი არსი ჩვენ უნდა გვკითხოს, ვინც დღეს გავუძელით მისი ბაგეებიდან სახელმწიფო ღალატის შემცველი მორიგი „არიის“ მოსმენას“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს, ვიდრე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს.
„საქართველოს, სამწუხაროდ, ჰყავს: ბრიყვი, უვიცი, უსამშობლო, უცხო პატრონების ყმა რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც დღეს თავისი სულელური და სამარცხვინო გამოსვლით არანაკლები შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს, ვიდრე სააკაშვილმა და მისმა მანქურთებმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს! დღეს ამ ქალმა შეაგინა ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს! ფრიად საშინელი და სამწუხაროა!“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
კომედია წინ გველოდება. ამ დედაკაცს ოპოზიციის სათავეში ჩააყენებენ მომდევნო არჩევნებისთვის დასავლეთის მავანი ძალები. და მერე გაუძლოს ამის ხუშტურებს და საკუთარ
თავზე უზარმაზარ წარმოდგენას ქართულმა ოპოზიციამ.
თუ მანამდე ჩარკვიანი ვერ მოიშორეს და ისიც დაემატება, ხომ საერთოდ.
ამას როგორ ვიფიქრებდი 30 წლის წინ. რომ რუსეთთან ერთად, დასავლეთიც ერთ დონეზე დადგებოდა ჩემთვის.