„უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთის არაერთი ქვეყანა მილიარდობით ვაჭრობენ სანქცირებულ რუსეთთან - ეს არის კლასიკური თვალთმაქცობა“

„უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთის არაერთი ქვეყანა მილიარდობით ვაჭრობენ სანქცირებულ რუსეთთან - ეს არის კლასიკური თვალთმაქცობა“

თამაზ გაიაშვილის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა, თვითმფრინავები ნახევრად ცარიელია. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს. თამაზ გაიაშვილმა რუსული RTVI-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გეგმაში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი. რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგა, მაგრამ მოსახლეობა მაინც ლარსის გამშვები პუნქით მოძრაობს, რადგან პირდაპირი ფრენები საკამოდ ძვირია. პირდაპირ ფრენებს Georgian Airways ახორციელებს.

რუსეთის პრეზიდენტის 10 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის შესაძლოა ახალი სანქციის საფუძველი გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს, რისიც სწამთ, შეესაბამებოდეს და ელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს.

„საქართველო ქცევის მოდელის ნაწილია, ვინაიდან, როგორც ვთქვი, 2014 წელს უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაიწყო, როგორც მინიმუმ 2008 წელს დაიწყო საქართველოში შეჭრით. ნატო ბევრი წლის განმავლობაში საქართველოსთან მუშაობდა რეფორმების გატარების, პრაქტიკული პოლიტიკური თანამშრომლობის მხრივ და, რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ „შუაში“ მყოფი ქვეყნები მოწყვლადი არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზარდა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ და საქართველო ერთ-ერთი უმთავრესი მაგალითია. მაგრამ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ფრენების განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქციები, რომლებიც პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ნახეს, ნატოსთვის შემაშფოთებელია. კოლომინას თქმით, ხელისუფლებას გადასცა გზავნილი, რომლის თანახმად, პარტნიორებს ესმით, რომ აღნიშნული მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლა ყველა უკრაინას უნდა უჭერდეს მხარს. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტია და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა პარტნიორისთვის.

„ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ, ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან და რეაქციები, რომლებსაც ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის. ჩვენი პოზიცია შეშფოთების პოზიციაა. მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ხავიერ კოლომინამ.

ალიანსის მხირდან შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, რომლის განცხადებით, საქართველო იცავს სანქციებს, ატარებს რეფორმებს და ფიქრობს, რომ მეორე მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„ეს რეფორმები ამ მომენტშიც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან შორიდან მოვდივართ, ტოტალიტარიზმის საბჭოური ხანიდან. გარდაქმნებისა და რეფორმების პროცესი უნდა იყოს განგრძობადი, რასაც ხელისუფლება, უკვე მერამდენე წელია, აკეთებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

უმრაველესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, რადიკალურ ძალებს აქვთ ძალიან დიდი სურვილი, გამოიგონონ და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა საქართველო შემჩნეულია რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლაში. მისი თქმით, ოპოზიცია, ასევე, ცდილობს, პარტნიორების მიერ ზოგად კონტექსტში გაკეთებული განცხადებები საქართველოზე გადმოიტანოს.

„საქართველო იყო და არის სოლიდარული უკრაინის, უკრაინელი ხალხის, ჩვენ ეს დავამტკიცეთ და ვამტკიცებთ ყოველდღიურად ამას. რადიკალურ ძალებს აქვთ ძალიან დიდი სურვილი, გამოიგონონ და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა შემჩნეულია საქართველო რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლაში, თუმცა დღემდე ერთი კონკრეტული ფაქტიც ვერ დადასტურდა ამის, რადგან ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს ასეთი, რომ რუსეთმა საქართველოს მეშვეობით აუაროს სანქციებს გვერდი.

ნატო-ს გენმდივნის განცხადება არის კიდევ ერთხელ შეხსენება, რას ფიქრობს ცივილიზებული სამყარო, სად დგას და ჩვენ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, ჩვენ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის ის, რასაც ჩვენ სრულფასოვნად ვუჭერთ მხარს და ეს 400-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტში ავსახეთ, ამიტომ საქართველოსთან მიმართებით რაიმე კითხვების დასმის საფუძველი არ არსებობს. რადიკალურ ოპოზიციას სურს ზოგადად გაჟღერებული ფრაზები გადმოიტანონ საქართველოზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია თვლის, რომ ქვეყნის მოღალატეობა არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც და დარწმუნებულია, რომ კურსის ცვლილება „ქართულ ოცნებას“ გადაიყოლებს. მისი თქმით, ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ის ქვეყნის მოღალატეა და არა პატრიოტი.

„ქოცების ვაჟკაცობის ამბავი იმდენად შორსაა გავარდნილი, ნატო-ს გენმდივნამდეც მიაღწია, რომ ისეთი საფრთხე არსებობს, რომ საქართველოდან შეიძლება რუსეთი მარაგდებოდეს საბრძოლო ინვენტარით. ის, რომ ჩვენზე ასეთი ეჭვი აქვთ, არის ძალიან გამოუსწორებელი ზიანი ახლა, ამ წუთას, ამ მოცემულობით, რადგან აქამდე ვითვლებოდეთ დასავლეთის ერთგულ მეკავშირეებად.

ახლა „ქართული ოცნება“ გამოდის და ცდილობს ქართული ხომალდი რუსეთისკენ მიატრიალოს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ კრახამდე მიიყვანს, მეგობრები, როგორც ეს მეგობრებს შეეფერებათ, აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას. მე არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ რამე უშველის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სწორი გაფრთხილებაა ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თვლის, რომ სახეზე გვაქვს კლასიკური თვლათმაქცობა იმ დოზით, როგორიც ეს იყო თავის დროზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა მას ძალიან უსინდისოდ დაარქვეს ე.წ. რუსული კანონპროექტი, როდესაც მსგავსი კანონპროექტის შემუშავება იგეგმება თავად ევროკავშირში. რაც შეეხება სანქცირებებზე მორიგ დამუნათებას, აბაშიძის განცხადებით, აქაც იგრძნობა ის, რომ თავად არ არიან ინფორმირებული და მიყვებიან საერთო საგარეო დამუნათების ორკესტრირებულ კურსს, რომ საქართველო როგორმე გამოიყვანონ სანქციების დამრღვევ ქვეყანად.

„იმ დროს, როდესაც თავადაც იციან და ეს არაერთხელ ითქვა დასავლურ მედიაში, რომ უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთის არაერთი ქვეყანა მილიარდობით თანხებს ვაჭრობენ სანქცირებულ რუსეთთან. აი, აქ არის ზუსტად კლასიკური თვალთმაქცობა. უვიზო მიმოსვლაზე რომ იყო საუბარი, რომ ეს თითქოს დამაზიანებელია, რატომღაც „დაავიწყდათ“ რომ მოლდოვას, რომელიც არის დსთ-ს ქვეყანა, უვიზო მიმოსვლა აქვს რუსეთთან და მათ შორის უკრაინას. მეტიც, შარშანდელი აგვისტოდან პუტინის ბრძანებით უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ განუსაზღვრელი ვადით დარჩნენ რუსეთში და იმ იმუშაონ. ევროკავშირის ამ ორ კანდიდატ ქვეყანაზე მოლდოვასა და უკრაინაზე პრობლემები არ არის დასავლეთში და რატომღაც საქართველოზე აქვთ ე.წ. ახირება“, - აცხადებს აბაშიძე.

მისი თქმით, ამითი დასავლეთი პოლიტიკურ კარტბლანშს აძლევს რუსეთს, რომ მან კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი რბილი ძალა საქართველოში.

„აი, ამას ემსახურება და ეს არის ძალიან დიდი უნამუსობა და სამარცხვინო. თუნდაც ერთი ბორტი რომ დაჯდეს, ან შემოფრინდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში, ამაზე დოკუმენტური პასუხი იქნება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციისგან. თუ არ ენდობიან საქართველოს, ჩახედონ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ბაზას, სადაც ვერ იპოვიან ასეთ ადგილს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის უნამუსო ფარისევლობა, თვლათმაქცობა, როდესაც თავად ვაჭრობენ რუსეთთან გაცილებით დიდ კოლოსალურ თანხებში და ამუნათებენ საქართველოს, რომელიც იცავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.