მიზეზი, რის გამოც გვანცა ყუფარაძე ნასამართლეობის მოხსნაზე უარს ამბობს

მიზეზი, რის გამოც გვანცა ყუფარაძე ნასამართლეობის მოხსნაზე უარს ამბობს

19 აგვისტოს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ათიათასობით ადამიანს, მძიმე დანაშაულის გარდა, მსჯავრი და ნასამართლეობა ინდივიდუალური შეწყალების აქტით მოუხსნას. ამასთან, ნასამართლეობის მოხსნა არ შეეხებათ სახელმწიფოსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებულებს. ნასამართლეობის მოხსნის მსურველები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას მიაწყდნენ. გვანცა ყუფარაძე კი, პრეზიდენტის ინიციატივით სარგებლობაზე “გალანტურ უარს” ამბობს:

- ამ ინიციატივას პრეზიდენტისთვის საჭირო, თუმცა არაპროპორციულ ხავსად მივიჩნევ. წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ცდომილების, მართლმსაჯულების ხარვეზების, პენიტენციური სისასტიკისა და, საერთოდ, სამართლებრივი სისტემის არასიჯანსაღის შესახებ მისთვის ცნობილი იყო - უდანაშაულო ადამიანებს არასამართლიან ბრალს უყენებდნენ, დასჯის არაკანონიერი მეთოდებიც ჰქონდათ...

დაკავების დღიდან ჩემს უდანაშაულობაზე ვსაუბრობდი - ფაქტობრივი მტკიცებულებებიც არსებობდა, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებებიც. ბატონ მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ მივმართე ოფიციალური განაცხადით, რომ დაინტერესებულიყო ამ საკითხით, მაგრამ ჰუმანური აქტი - სამართლიანობა მხოლოდ მაშინ აღმოჩნდა პრიორიტეტული, როცა საკუთარი რეპუტაციის გაუმჯობესების პოტენციალის არქონის საფრთხის წინაშე დადგა. ჩემთვის შეურაცხმყოფელია მისი ქმედება, შესაბამისად, არ მივიღებ ფარულ ბოდიშს მისივე შეცდომების გადაფარვისათვის.

არადა, ნასამართლევის იარლიყის ტარება, მართლაც, მძიმე ტვირთია...

- გეთანხმებით, სხვადასხვა ცხოვრებისეულ ფაქტორთან მიმართებაში  დაბრკოლებების წარმომშობი ნამდვილად იქნება. შვიდი წლის წინ, 14 წლის ასაკში  მივიღე გადაწყვეტილება ბრალის არაღიარებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ უდანაშაულო ვიყავი, მას შემდეგ ჩემს სიმართლეს ვამტკიცებ ყველა ლეგალური შესაძლებლობით. საქართველოს სამივე ინსტანციაში გავლილი, სამართლებრივად ჩემს უდანაშაულობაზე მეტყველი, მაგრამ რეალურად წაგებული საქმე გავასაჩივრე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში. მზად ვარ, ვიცადო, თუნდაც წლების განმავლობაში, მაგრამ არ დავკარგო მთავარი - ღირსება. ვერ ვუღალატებ იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი სიმართლის ყოველთვის სჯეროდა, ვინც ჩემზე იმედს ამყარებდა, ვერ ვუღალატებ იმ 14 წლის ადამიანს, რომელმაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლობის პერიოდში, არ აღიარა დანაშაული, რომლის აღიარების შემთხვევაშიც, საპყრობილეშიც არ მოხვდებოდა. დღეს, 21 წლის ასაკში ჩემთვის პიროვნული რეგრესი დაუშვებელია.

მათგან ბევრმა, ვინც დღეს პრეზიდენტის წინადადება მიიღო, თავის დროზე შეწყალებაზე, ალბათ, უარი თქვა. ისინი თქვენს პოზიციას რატომ არ იზიარებენ?

- იმიტომ, რომ “სისტემური უსამართლობისა და სახელმწიფო გულგრილობის“ შედეგად გატარებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა ისინი სასიცოცხლო აუცილებლობის საჭიროებების ელემენტარულ რესურს მოკლებულნი გახადა. მათ სჭირდებათ სოციალური სტატუსი, არსებობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კონკრეტული სამუშაო ადგილი, რაც მათ პირობებში რთული მოსაპოვებელია. მათი აბსოლუტურად მესმის - ვის ზურგს უკანაც ოჯახი და მასზე აღებული პასუხისმგებლობაა, მხოლოდ საკუთარ ღირსებაზე ვერ იფიქრებს.

გვანცა, მოგწონთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი?

- მისია მომწონს, ამ მიზნის გამო ვიყავი და ვარ “ქართული ოცნების“ მოქალაქეობრივი გულშემატკივარი... დღესაც მაქვს იმედი, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ოპტიმალურ ვადებს რადიკალურად გადასცილდა, რაც უკვე დიდი პრობლემაა... მესმის, რომ ამასაც აქვს თავისი მიზეზები. კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: წინა მთავრობის სრული ავტონომიის პროცესში, როცა ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ან ნებისმიერი მაღალჩინოსანი სატელევიზიო ეთერით, საჯაროდ, რომელიმე პირის მიმართ უარყოფით პირად პოზიციას დააფიქსირებდა, ეს ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში, ამ ნეგატიურად შეფასებული სუბიექტის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა. საბოლოო ჯამში, თუ ანალიტიკურად ვიმსჯელებთ, “ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრესი შეცდომა ცდომილებათა არაღიარების მთავარ პრინციპად ქცევა და საკუთარ ინტერესებს დაქვემდებარებული სამართლებრივი სისტემა გახდა. ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, შევცვალეთ ის მთავრობა “ქართული ოცნების” დახმარებით. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი დანაპირებს შეასრულებს, თუმცა სამართლიანობის აღდგენა სამართლის პრინციპების სრული დაცვით, საკმაოდ რთულია - ამ ეტაპზე დანაშაულს დანაშაულებრივი მეთოდებით ვერ აღმოვფხვრით, რადგან ამ შემთხვევაში, თავად გავხდებით დანაშაულის შემომქმედნი. არ მსურს, პრეცედენტის სახით მაინც გახდეს “ქართული ოცნება“ “ნაცმოძრაობის” მსგავსი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უპირობო ინდულგენციას ვაძლევ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ დრო უნდა მიეცეთ, ეს რთული და მტკივნეული, მაგრამ უალტერნატივო სამართლებრივი გზაა მიზნის მისაღწევად... სამართლიანობის აღდგენის პროცესი ნამდვილად არ ვითარდება ისე, როგორც დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს შეეფერება, თუმცა ვითარდება სამართლებრივი ნორმების დარღვევის გარეშე...

გვანცა, კოჰაბიტაციას ამართლებთ, მით უმეტეს, რომ ხალხში აგრესია იზრდება?

- ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ხალხის განწყობა - ხალხს უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად აქვს. საზოგადოება ითხოვს სამართლის აღდგენას სამართლებრივ-სოციალურად ფუნდამენტურ საკითხებში, რაც ინდივიდის პიროვნული არსებობისა და მისი დეგრადაციის დაუშვებლობის აუცილებელი პირობაა. საზოგადოებას აქვს არგუმენტირებული მოთხოვნები, რომელთა წარმოშობის საფუძვლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჩაიყარა... ფაქტია: კონკრეტული შედეგი არ გვაქვს, მაგრამ პროგრესისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ყოველ შემთხვევაში, არ ვართ “ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი იდეოლოგიის მთავრობის წნეხის ქვეშ - ეს არაა შედეგი, ეს, უბრალოდ, ხელისუფლის სახეა, თუმცა თუ ცხრაწლიანი სოციალური ტანჯვის შემდეგ არჩევანი გავაკეთეთ და ვენდეთ კონკრეტული შანსის მომცემ პოლიტიკურ გაერთიანებას, მაშინ ნდობის ფაქტორმა ძალა ცხრა თვეში არ უნდა დაკარგოს, თან წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები დროის უმოკლეს ინტერვალში ვერ აღმოიფხვრება. კონკრეტული, ფაქტობრივი შეფასების გასაკეთებლად, შედეგის გასაანალიზებლად საჭიროა დრო, რომელიც ჯერჯერობით “ქართულ ოცნებას“ აქვს.

რაც შეეხება კოჰაბიტაციას, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთ აუცილებელ ტენდენციად მნიშვნელოვანია, რადიკალურად განსხვავებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, იდეოლოგებმა და მხარდამჭერებმა ცივილური გარემოს შენარჩუნება, ჩვენს შემთხვევაში, ჩამოყალიბება შეძლონ, მაგრამ თანაარსებობა არ უნდა გადაიზარდოს განსხვავებულ პრინციპთა სინთეზში, თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთი ალბათობის შემთხვევაში, არსებული ვითარება კოჰაბიტაციად ნამდვილად არ აღიქმება, თუნდაც ტერმინის სახით.

ამასწინათ, პრეზიდენტს შავ-თეთრი უწოდეთ. რა იგულისხმეთ?

- დიახ, პრეზიდენტს შავ-თეთრი ვუწოდე, რითიც გავამყარე ჩემივე ფრაზა მისი ფერისცვალების შეუძლებლობასთან დაკავშირებით. ეს კი, შემდეგნაირად განიმარტება: ადამიანს პიროვნული პროგრესის მიღწევა, შეცდომების გამოსწორება და ღირებულების შეცვლა შეუძლია თითქმის ყოველთვის, ყველა შემთხვევაში მანამ, სანამ მასში მოიპოვება თუნდაც მხოლოდ ერთი ღირებულება, რომლისთვისაც არასდროს უღალატია. ჩემი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზე, წლების განმავლობაში არსებულმა დაკვირვებამ შემიქმნა შინაგანი რწმენა, რომ არ დატოვა თავის მხრიდან გაჟღერებული ერთი პრინციპიც, რომელიც არ დაურღვევია. შავ-თეთრია ადამიანი, რომელსაც ფერები  აღარ აქვს, ის, უბრალოდ, ადამიანია და სხვა აღარაფერი.

რამდენად გაუმჯობესდა პენიტენციალურ სისტემაში მდგომარეობა და მიგაჩნიათ თუ არა გამართლებულად ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრს საუბრობენ კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაზე...

- პენიტენციური სისტემისა და მსჯავრდებულთა მიმართ, მიუხედავად მათი ბრალეულობისა თუ უდანაშაულობისა, ერთმნიშვნელოვნად ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის ანტისამართლებრივი, ძალმომრეობითი ქმედებები, დასჯის, არაადექვატური ფორმა და მეთოდები, შედეგად, თითოეული მსჯავრდებული გახდა რეჟიმის მსხვერპლი. პირადად მე, სამართლიანობის აღდგენის საუკეთესო ფორმად პირთა სასჯელის ინდივიდუალური წესით გადახედვა - შემსუბუქება მიმაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მსჯავრდებულის პიროვნებას  პერსონალურად შეისწავლიდნენ და გადაწყვეტილების მიღება პიროვნული სახის შესაბამისად მოხდებოდა და არა - მუხლობრივი პრინციპით, ჩემთვის ეს მაქსიმალურად მისაღები ფორმა არაა, ამავდროულად, უპირობოდ დადებითად ვაფასებ ამნისტიის კანონის მიღებასა და რეალიზებას, რადგან მიმაჩნია, რომ თითოეული მსჯავრდებული იყო მსხვერპლი რეჟიმის, შედეგად, გარკვეული პროპორციულობის პრინციპით, რეაბილიტირების პირველადი სახით უნდა შეხებოდათ სასჯელის შემსუბუქება.

რაც შეეხება კრიმინალის გაუარესებას, რასაკვირველია, ეს გარკვეულ რისკს ქმნის და ქმნიდა მაშინაც, როცა მიხეილ სააკაშვილი იწყალებდა მისთვის მისაღებ, მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებსაც - მისთვის არაორდინალური ქმედებების განხორციელება პრობლემას არასდროს წრმოადგენდა, აბსოლუტურად დასაბუთებული ქმედება კი, რომელსაც საფუძვლად უდევს ევროკონვენციის რეზოლუცია, პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საზოგადოებაში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესების შეგრძნებამ იმიტომ მოიმატა, რომ არსებული ფაქტები ცენზურის გარეშე შუქდება, რაც შესაძლოა, უარეს, მაგრამ რეალურ სურათს ქმნის. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ...

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით კონკრეტული მოცემულობა სახეზე არაა, გარდა იმისა, რომ ათასობით პატიმარმა, ამნისტიის აქტის ამოქმედების შედეგად, საპყრობილე დატოვა. ეს საკანონმდებლო ორგანოს მიღწევაა და არა - სასჯელაღსრულების სისტემის. ასევე, დადებითად შესაფასებელია, რომ სისტემატიური წამების მეთოდები აღმოფხვრილია სხვადასხვა საპყრობილეში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს გარემოებაც სისტემის მმართველი ფლანგის მმართველობის სახედ აღიქმება და არა - მიღწევად. სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერი თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში, უმძიმეს პირობებში ერთგულად ემსახურებოდნენ სამართალს, კარიერული წინსვლის გარეშე არიან დარჩენილნი, მოძალადენი - დაუსჯელ-გამოუმჟღავნებელნი, გამომჟღავნებულთა ნაწილი კი, არამართლზომიერად ლიბერალურ სასჯელს დაქვემდებარებული, ან სიტუაციას განრიდებული. კონკრეტულ რეფორმებს შედეგი ჯერ არ გამოუღია. არსებულ ვითარებას პროგრესად ვერ მივიჩნევ, უბრალოდ, გამოვთქვამ იმედს, რომ დროის დინებასთან ერთად, პროგრესიც შესამჩნევი გახდება.